რუსეთის ვლადიმერის ოლქის ქალაქ მურომის საავადმყოფოს 375 ათასი რუბლის (6 ათასი დოლარის) კომპენსაციის გადახდა დააკისრეს არასწორი დიაგნოზის გამო, რომლის შემდეგ ადგილობრივ მკვიდრს მკერდის ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„დაახლოებით ერთი წლის წინ ქალბატონმა მკერდში ტკივილის ჩივილით ონკოლოგს მიმართა. ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად მას მკერდის სიმსივნე დაუდგინდა და მკერდის ოპერაცია ჩაუტარდა“, – განაცხადეს ვლადიმერის ოლქის პროკურატურაში.
მკერდის ამპუტაციის შემდეგ ქალის მდგომარეობა გართულდა და მან საოლქო ონკოლოგიურ კლინიკას მიმართა. დამატებითი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს ავთვისებიანი სიმსივნე არ ჰქონდა და მკერდის კიბოს დიაგნოზი მას შეცდომით დაუდგინდა.
სასამართლომ მურომის საქალაქო საავადმყოფოს მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 250 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა და ეს დაწესებულება ასევე 125 ათასი რუბლით დააჯარიმა.
სხვა სიახლეები