ცნობილი ფაქტია, ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილში ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ასტროლოგიას საიმისოდ, რომ განსაზღვროს ფინანსური საქმიანობის პერსპექტივა და ამა თუ იმ ბიზნესპროექტის მომავალი. ამომავალი მზის ქვეყანაში რესპექტაბელურ და მსხვილ საბიუჯეტო კომპანიებს კი ხშირად გააჩნიათ საკუთარი, პირადი ასტრო-კონსულტანტები, რომელთაც უშუალოდ კომპანიისთვის ევალებათ ფინანსური ჰოროსკოპის შედგენა. როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას ადამიანი შესაძლებელია დავადგინოთ ის, თუ რა შეიძლება გახდეს მისთვის სიღარიბის მიზეზი და რა შეცდომებს უნდა აარიდოს თავი ამ უკანაკნელმა საიმისოდ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს სამომავლოდ…
ვერძს გამდიდრების შანსებს პირველ რიგში მფლანგველობისკენ მიდრეკილება უზღუდავს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს იშვიათად ეხერხებათ ეკონომია. თუმცა, ყოველთვის პოულობენ გამომუშავების ახალ-ახალ მეთოდებს. ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ სიფიცხე და უტაქტობაც აკონტროლონ საკუთარ ხასიათში, თუკი სურვილი აქვთ, რომ მათ სარფიან ბიზნეს-პროექტებს მსხვილი ინვესტორი ან სპონსორი გამოუჩნდეთ.
კუროების უმეტესობა როგორც წესი, იშვიათად უჩივის სიღარიბეს. თუმცა, კოლოსალური სიმდიდრის დაგროვებაც იშვიათად გამოსდის. ამის მიზეზი მისი ზღვარგადასული სიფრთხილე და რისკის მიმართ პანიკური შიშია. ასტროლოგები კუროს ურჩევენ პერიოდულად თანხა ინოვაციურ პროექტებშიც დააბანდონ. ამ გზით მათ შემოსავლის გაზრდის საშუალება მიეცემათ.
ტყუპი კრეატიულები და ცვალებადები არიან. მათი ფინანსური მდგომარეობაც შესაბამისობაშია ხასიათთან – ანუ იგი არასოდესაა სტაბილური და მყარი. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თავად მათ ეს ძალიან ადარდიანებთ. ასტროლოგები ტყუპს ურჩევენ ფინანსების მოსაზიდად და მათ დასაბანდებლად, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გამოიმუშაონ ხასიათში. ასე მათკენ სოლიდური ინვესტორები დაიწყებენ დინებას.
კირჩხიბების დიდი ნაწილი ფინანსური საკითხის მიმართ ძალზე ფრთხილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. იშვიათად ნახავთ კირჩხიბს, რომელსაც დანაზოგი არ გააჩნია “შავი დღისთვის”. თუმცა, სიღარიბის შიში მათ მაინც მუდმივად თან სდევთ. ასტროლოგები კირჩხიბს ურჩევენ წუწუნს და თავის შეცოდებას მოეშვან ამ მხრივ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით საზოგადოებაში და ნაკლებად გაამახვილებთ ყურადღებას ფულის თემაზე, მით უფრო გაუჩნდებათ სურვილი ფინანსურად მყარად მდგომ ადამიანებს თქვენთან სათანამშრომლოდ.
ლომების უმეტესობა ხელგაშლილი და გულუხვია, როცა საქმე ფულსა და მატერიალურ სახსრებს ეხება. ამიტომ როგორც წესი, ამ ხალხის “მეფური იმიჯის” უკან ხშირად იმალება სოლიდური ნულებით დამშვენებული ვალების ნუსხა. ასტროლოგები ლომს ურჩევენ ძვირად ღირებულ ან შემოქმედებით პროექტებს მოჰკიდოს ხელი. იმიტომ რომ საზოგადოებაში თავის დაჭერის მანერა და არისტოკრატული საქციელი მათ მიმართ სოციუმს ნდობით განაწყობს. შესაბამისად, ნებისმიერი, მსგავსი ტიპის პროექტის წარმატება გარანტირებული იქნება.
ქალწულის ზოდიაქო ფინანსების მიმართ ერთობ წინდახედული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხელმომჭირეობა ახასიათებთ, რიგ შემთხვევაში კი ეს ზოგჯერ სიძუნწესაც უტოლდება. ასტროლოგები ქალწულს ურჩევენ მოეშვას მეწვრილმანეობას საქმეში და ფულთან დაკავშირებულ საკითხებში უფრო მასშტაბური ხედვა გამოავლინოს.
სასწორის ნიშნით დაბადებულები როგორც წესი ფინანსებს იშვიათად გამოიმუშავებენ მარტო, ინდივიდუალური საქმიანობის ხარჯზე. სასწორს ყველაფრის კეთება პარტნიორთან ერთად ეხალისება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულისთვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ბიზნესპარტნიორის სწორად შერჩევას. შესაბამისად, ის თუ რამდენად ობიექტურად ჰყავს სასწორს თანამეინახე შერჩეული განაპირობებს კიდეც მის ფინანსურ კრახს ან პირიქით, მატერიალური აღმავლობის პერსპექტივას.
მორიელების დიდი ნაწილი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ხშირ შემთხვევაში სხვის ხარჯზე მდიდრდება. საქმე იმაშია, რომ მერვე სახლი, რომელიც ასტროლოგიურად მორიელის ზოდიაქოს შეესაბამება სხვისი (ხშირად გარდაცვლილის, მემკვიდრეობით მიღებული სახსრების ან აზარტული თამაშებით მოპოვებული) ქონების განკარგვას გულისხმობს. ასტროლოგები მორიელს ურჩევენ ზემოხსენებული სხვისი კაპიტალის მართვისას ზომიერების გრძნობას არ უღალატონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მათთვის ეს ყველაფერი იურიდიული სირთულეების ან ციხეში მოხვედრის ტოლფასიც გახდეს.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები ხშირად მოიხსენიებენ როგორც “ქუდბედიანებს”, ეს იმიტომ, რომ პლანეტა იუპიტერი – მშვილდოსნის მმართველი პლანეტა წარმატების მომტან პლანეტად ითვლება. მშვილდოსნები ფულს პედაგოგიური საქმიანობითა და პოლიტიკითაც კარგად შოულობენ. თუმცა, მფლანგველობა და საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება ხშირად უშლით ხელს იმაში, რომ ქონება სტაბილურად შეინარჩუნონ.
თხის რქა ყველაზე მუყაითი, მშრომელი და დისციპლინირებული ნიშანია მთელი ზოდიაქოს მასშტაბით. ამ ხალხს გასაოცარი სიჯიუტე და მიზანსწრაფულობა ახასიათებს. ასტროლოგები თვლიან, რომ არა პესიმიზმისკენ მიდრეკილება და მარცხის შიში თხის რქა გაცილებით მეტ სიმაღლეებს მიაღწევდა. სწორედ ზემოხსენებული ფაქტორები უშლის ხშირად ხელს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს იმაში, რომ ფინანსურად გაძლერდნენ. მათთვის აუცილებელია მეტი ოპტიმიზმი და რისკი.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშანი ფინანსების მიმართ ერთობ თავისუფალი და გულგრილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. მერწყულს ფული ნაკლებად უყვარს, მას უბრალოდ მოსწონს იგი, როგორც კეთილი საქმეების ჩადენის საშუალება. შესაბამისად, ბევრი მერწყული არც იწუხებს თავს დიდი კაპიტალის დაგროვებაზე. თუმცა, ხშირად ხდება ისე, რომ მათი იდეები სარფიანად იყიდება და თავისდა უნებურად ხდება ზოგიერთი მერწყული დიდი ფულის პატრონი. რომელსაც სხვათა შორის იგი არასოდეს დაჰკანკალებს თან.
თევზები იშვიათად გამოირჩევიან განსაკუთრებული მერკანტილურობით. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს ურჩევნია სხვების მიერ გაკვალული გზით გამოიმუშავოს ფული, ვიდრე თავად გაჭრას გზა გაუკვალავ ბილიკზე. ამიტომ ძალიან ბევრი თევზი განიცდის მატერიალურ არასტაბილურობას, რაშიც უმთავრესი დანაშაული თავადვე მიუძღვით. ასტროლოგები ურჩევენ თევზებს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის დაბანდებაზე იზრუნონ და ნაკლებად აჰყვენ საეჭვო ფინანსურ გარიგებებსა და შემოთავაზებებს, რომელიც მათ სწრაფი გამდიდრების გარანტიას ჰპირდება.