ასტროლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე გულახდილი და გულუბრყვილო ვერძები სიმთვრალეში კიდევ უფრო გულახდილები ხდებიან და ყვებიან ყველაფერს, რაც კი გაახსენდებათ. მთვრალი ვერძი ძალიან სახალისო და ენერგიულია. მასთან არასდროს მოიწყენთ. ვერძი 2 ჭიქის მერე ფლირტზე მარტივად გადადის და იმდენს ლაპარაკობს, რომ თავბრუს ახვევს გარშემომყოფებს. თუ მთვრალი ვერძის სახლში ხართ წვეულებაზე, ის ხშირად შეამოწმებს ყველა სტუმარს, აქვს თუ არა სასმელი და დაინტერესდება, ვინმეს ხომ არ სჭირდება დახმარება. ვერძის მიზანია, მისი სტუმრები ისე გრძნობდნენ თავს, როგორც თავად გაუხარდებოდა.
მთვრალი კუროს ამოცნობა რთული არ არის. მას ყველაზე ბანალურ ხუმრობაზეც კი შეუძლია ტირილამდე იხარხაროს და ამით საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. ხშირად, სიმთვრალეში კუროები სხვადასხვაგვარ ხათაბალაში გაემბმებიან ხოლმე. უყვართ წინ და უკან სიარული და სანამ ბოლომდე არ დაიღლებიან, არ ჩერდებიან. სიმთვრალეში თუ რამე არ მოსწონთ, თავიანთ სიჯიუტეს ბოლომდე ავლენენ და შეუძლებელია წინააღმდეგობის გაწევა. ასეთ მდგომარეობაში ჯობია კუროს გაერიდოთ და მარტო დატოვოთ, სანამ დაავიწყდება ის, თუ რაზე გაბრაზდა. მთვრალ კუროებს ხშირად სჩვევიათ ტანსზემოთ გახდა, რადგან სიმთვრალეში სიმხურვალის ატანა უჭირთ. კუროსთან თუ გინდათ კარგად იქეიფოთ, ნუ გააბრაზებთ.
ტყუპები, როგორც ცნობილია, გაორების ნიშანია, წარმოიდგინეთ გაოთხმაგებული მთვრალი ტყუპები მუდმივად ცვალებადი იდეებითა და აზრებით. სხვა ნასვამი ნიშნებისგან განსხვავებით, სიმთვრალეში ტყუპები მცირედით იცვლებიან, თითქმის ისეთივე რჩებიან, როგორებიც სიფხიზლეში. რა თქმა უნდა, ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ, თუ სიტუაცია და ადამიანები მობეზრდათ, უხეშობას ავლენენ ხოლმე. ზოგადად, ტყუპები ტყუილის მიმართ არატოლერანტულები არიან. ასევე, მათ კარგად ამახსოვრდებათ სიმთვრალეში მისთვის ნათქვამი ტყუილები, რაზეც პასუხს მეორე დღეს აუცილებლად გაგებინეთ, თანაც მწარედ. ასე რომ, იყავით გულწრფელი ტყუპებთან, მიუხედავად მისი ფხიზელი თუ ნასვამი მდგომარეობისა.
თუ მთვრალ კირჩხიბს გადაეყარეთ, მთელი დრო მის დამშვიდებაში უნდა გაატაროთ, რადგან თითქმის სულ ტირის და იატაკზე დამხობილი მთელი გულით მოთქვამს წვრილმან თუ მსხვილმან პრობლემებზე. კირჩხიბსაც, ტყუპების მსგავსად, სიმთვრალეში ხშირად ეცვლება განწყობა. ერთ მომენტში უზომოდ ბედნიერია, გავა რამდენიმე წუთი და შეიძლება ისე გაბრაზდეს, რომ ეჩხუბოს ყველას ან ტირილით გავიდეს მეორე ოთახში. ამ მდგომარეობამდე კირჩხიბები სწრაფი სმის გამო მიდიან. პირველი ჭიქიდან მოყოლებული ისე სწრაფად ცლიან მომდევნო ჭიქებს, რომ ამოსუნთქვასაც ვერ ასწრებენ ხოლმე. შედეგიც არც ისე სახარბიელოა. ქეიფის ბოლოს ზოდიაქოს ეს ნიშანი თითქმის სულ ცუდ ხასიათზეა ან ცუდად გრძნობს თავს.
ძალიან გაგიჭირდებათ მთვრალი ლომისთვის იმის დამტკიცება, რომ ის ნამდვილად მთვრალია. ზოგადად, ლომებს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა არ უყვართ. სანამ სასმელი ბოლომდე არ იმოქმედებს, მანამდე დიდი ძალისხმევით, ლომები ინარჩუნებენ თავიანთ მედიდურობას, თუმცა სიმთვრალის ბოლო სტადიაზე, ყოველგვარი თავშეკავება იხსნება და ლომი თავდავიწყების მორევში გადადის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სიმთვრალეში ძალიან მხიარული და გართობის მოყვარულები არიან. სჩადიან ათასგვარ სისულელეს, რომლებსაც მეორე დღეს ნანობენ და საკუთარ თავზე ბრაზობენ.
ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად არ თვრებიან, რადგან სასმელს დიდად არ სწყალობენ. თუ მოხდა და დათვრნენ, ძირითადად აგრესიულები და კრიტიკულები ხდებიან. კრიტიკისადმი სიყვარული ქალწულებს ბუნებით აქვთ მინიჭებული. ყველა დეტალს ეჭვის თვალით უყურებენ. სიმთვრალეში გინებასაც არ ერიდებიან, მოკლედ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქალწულებს ცუდი სიმთვრალე აქვთ. უმეტესწილად, ქალწულები სმას მარტო ამჯობინებენ. თუ სადმე ბარში, კუთხეში მჯდომარე ადამიანს შეამჩნევთ, რომელიც ნელ-ნელა ცლის ჭიქა ღვინოს, დიდი შანსია, ქალწული აღმოჩნდეს.
სასწორი ზოდიაქოს იმ ნიშნებს განეკუთვნება, რომელთან გართობაც ყველას უყვარს. მთვრალი სასწორის გარემოცვაში ყოფნა ისეთივე სასიამოვნო და სახალისოა, როგორიც სიფხიზლეში. უკონფლიქტო სასწორი სიმთვრალეშიც კი ეცდება დაძაბული ვითარების გამოსწორებას და მედიატორის როლის თამაშს. მთვრალი სასწორები ხშირად ვარდებიან უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში. სიმთვრალეში სასწორებს საპირისპირო სქესთან ფლირტი ძალიან უყვართ და კრეატიული გონების წყალობით გამოსდით კიდეც. თუმცა რამდენად გაახსენდებათ მეორე დღეს ეს ყველაფერი, რთული სათქმელია.
ვერძების მსგავსად, სასწორებსაც ძალიან უყვართ სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა.
სიმთვრალეში მორიელი სჩადის ყველაფერს, რასაც სიფხიზლეში არც კი დაუშვებდა. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე სექსუალური მორიელი, ამ სტატუსს მეტ ხიბლს სიმთვრალეში სძენს. იქცევა ძალიან გამომწვევად და გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში მარტივად ექცევა. თუმცა მორიელი ამ ყოველივეს ისე დახვეწილად აკეთებს, რომ სხვის გაღიზიანებას არ იწვევს. როგორც სიფხიზლეში, ისე სიმთვრალეში მორიელი თავის განცდებსა და ემოციებზე ბევრს არ საუბრობს. ამ კუთხით საკუთარი თავის კონტროლს ყოველთვის ახერხებს. მათთან გართობა სასიამოვნო და თავგადასავლებით სავსეა.
თუ მშვილდოსანთან ერთად ხართ წვეულებაზე, ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, რომელსაც ეუბნებით. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე არადიპლომატი, უხეში და პირდაპირი მშვილდოსანი კიდევ უფრო პირდაპირი ხდება სიმთვრალეში. ალკოჰოლი მას კონტროლს აკარგვინებს. ამ თვისებამ შესაძლოა გაგანაწყენოთ და თავი დამცირებულად იგრძნოთ. ზოგადად, მშვილდოსნებს ფლირტისკენ ძლიერი ლტოლვა აქვთ და ეს სიმთვრალეში ორმაგდება. მშვილდოსანს სურს, იმდენი მოწონებული საპირისპირო სქესი შეაბას, რამდენიც მის ირგვლივ ტრიალებს. ამ ნიშანს ქალების მუსუსის სახელი უკვე დიდი ხანია შეარქვეს.
თხის რქები სიმთვრალეში ძალიან ცდილობენ, თავიანთი რეპუტაცია არ შელახონ და ზღვარს თითქმის არასდროს გადადიან. თუმცა სასმელზე უარის თქმა მაინც ძალიან უჭირთ. შრომისმოყვარე და გადაღლილი თხის რქის დაყოლიება ძალიან მარტივია, რადგან მას განტვირთვა ხშირად ჰაერივით სჭირდება. ამიტომაც სასმელზე უარს არ გეტყვით. სვამს ზომიერების ფარგლებში და არ იწვევს კონფლიქტს. თუ მაინც გადააბიჯა ლიმიტს და საჭიროზე მეტი დალია, ძალიან ცელქი ხდება. იმდენად სპონტანურად იქცევა, რომ გარშემომყოფების გაოცებას იწვევს. რაც მთავარია, მთვრალ თხის რქას არ უნდა უთხრათ, რომ მთვრალია, ამას ცოცხალი თავით არ აღიარებს.
მთვრალი მერწყული სულ იცინის, იღებს ფოტოებს, შეუწყვეტლივ ცეკვავს, ელაპარაკება ყველას და არასდროს იღლება. ნამდვილად არ მოიწყენთ ასეთ მეგობართან. სიმთვრალეში მერწყულებს ძალიან უყვართ ფაქტების უტრირება, შელამაზება. დაუღლელად ყვებიან ძველ თუ ახალ ისტორიებს. მიუხედავად მისი დადებითი თვისებებისა, სულ მცირე არასასიამოვნო მიზეზი ან რეპლიკა მთელ ამინდს რადიკალურად ცვლის. თუ ეწყინა და გაბრაზდა, ძალიან პირდაპირი ხდება და როგორც კი სათქმელს იტყვის, ტერიტორიას ტოვებს. ამიტომ თუ გსურთ, მერწყულთან ბოლომდე კარგად გაერთოთ, ნუ აწყენინებთ მას.
თევზებიც, კირჩხიბების მსგავსად, სიმთვრალეში თავიანთ ემოციებს ბოლომდე აფრქვევენ. ხშირად ტირიან და იხსენებენ სევდიან მოგონებებს. ურეკავენ ყოფილ შეყვარებულებს და ლაყბობენ უაზრო თემებზე. მტირალა და თვალებჩაწითლებული მთვრალი თევზების პოვნა კარადაში ან მაგიდის ქვეშ შეგიძლიათ. თუ მისი მეგობარი ხართ და ხედავთ, რომ თევზები სმაში ზღვარს გადაცდა, შეაწყვეტინეთ და სხვაზე გადართეთ მისი გონება. ზედმეტმა ჭიქამ თევზებს შესაძლოა, სისულელეები ჩაადენინოს, რომელზეც მეორე დღეს უარეს დეპრესიაში ჩავარდება.