1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა. ნინო კასრაძე ტყუპისცალი გახლავთ.
მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია, მაგრამ უნდოდა, გამორჩეული ყოფილიყო. ნინოს ახლობლები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ წლების შემდეგ გოგონა საქართველოში ნომერი პირველი რეჟისორის რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე საუკეთესო როლებს შეასრულებდა.
თეატრალურში ჩაბარების პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, პირველ ტურში ჩაიჭრა, მაგრამ ბედს არ დანებდა და კიდევ სცადა. 23 წლის იყო, როდესაც რობერტ სტურუას რჩეული გახდა, დიდ სცენაზე პირველი სპექტაკლი ”სეჩუანელი კეთილი ადამიანი”ითამაშა. ორი წლის შემდეგ იყო ”ლედი მაკბეტი”, ”ქალი გველი”, ”ჰამლეტი”და უამრავი სპექტაკლი რუსთაველის სცენაზე.
გამორჩეული სილამაზისა და არტისტიზმის მსახიობი თეატრალურ წრეებში მალე აღიარეს, მაგრამ ნინო კასრაძე ყოველთვის თეატრის ერთგული რჩებოდა. 1996 წლიდან დღემდე რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მსახიობი იმ წლებში კინოსთვის ვერ იცლიდა.
მოგვიანებით ნინო დარასელთან სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ გული სწყდება, თავის დროზე უარი რომ თქვა როლებზე, განსაკუთრებით კი ერთ ფილმზე, რადგან მასში მონაწილე მსახიობებიდან დღეს ბევრი გარდაცვლილია.
მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც თეატრის უნიჭიერეს მსახიობს, ხალხი იცნობდა, არასოდეს აღაფრთოვანებდა პრესასთან ურთიერთობა და დღემდე ასეა.
წლების განმავლობაში არაერთხელ ვცადეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ ჟურნალისტებთან მუდმივად დისტანციას იჭერდა. არ სწყალობს ტელეჟურნალისტებსაც. არასოდეს დადის სტუმრად გადაცემებში, რა თემასაც უნდა ეხებოდეს, და მით უმეტეს, არც საკუთარ ისტორიებს ჰყვება ღია ეთერში.
მისი ცხოვრების შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის.
ნინო გვიან გათხოვდა. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე. წლების წინ ხმაურიან თბილისზე უარი თქვა და საცხოვრებლად ოქროყანა აირჩია. თავიდან ეგონა, ვერ გაძლებდა, მაგრამ ახლა ეს ადგილი მისთვის ყველაზე საყვარელია.
კასრაძეს არამხოლოდ ქართველი მსახიობებისგან, არამედ სხვა ქვეყნის კოლეგებისგანაც ერთი უცნაურობა გამოარჩევს. ის არის მცირე გამონაკლისი ქართველ მსახიობებს შორის იმით, რომ არასოდეს გახვეულა სკანდალში, მისი პირადი ცხოვრება არ ყოფილა გარჩევის საბაბი და არც ჭორების ქარ-ცეცხლში გაუტარებიათ.
ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მუდმივად დუღდა, პოლიტიკური პარტიებისადმი სიმპათიის გამო არაერთი მსახიობი გამხდარა ხმაურიანი მსჯელობის ობიექტი.
კასრაძე ამ მხრივაც გამორჩეულია, არასოდეს გვინახავს არც ერთი მხარის მიტინგზე და არც მისი პოლიტიკური პოზიცია მოგვისმენია, ამიტომაცაა დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი გამორჩეული სახე, რომელსაც არ აკრიტიკებენ, მის მიმართ უარყოფითი კომენტარები არ ისმის, სამაგიეროდ, მის ნიჭს ყველა აღიარებს.
დიახ, წლების წინ კინოზე უარი თქვა, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ეს დანაკლისი ახლა აინაზღაუროს. 2 აპრილს ქართულ კინოთეატრებში ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმ ”კრედიტის ლიმიტის”პრემიერა შედგა, რომელშიც ნინო ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს და ფილმა უკვე დაიმსახურა უდიდესი მოწონება საზღვარგარეთ.
ორი წლის წინ რეჟისორსა და ჟურნალისტ რეზო შატაკიშვილთან ინტერვიუში ნინო პოპულარობაზე ამბობს:
”ეგ რომ მადარდებდეს და განვიცდიდე, ასე კი არ მივუშვებდი ყველაფერს, როგორც მივუშვი. ტყავში ვიქნებოდი გამძვრალი, მით უმეტეს, რაიმეს თავიდან დაწყება მე არ მჭირდებოდა, ლოგიკურად გავაგრძელებდი.
უბრალოდ, როდესაც პოპულარობას კარგავ, კინოში აღარ გიწვევენ. ავიწყდები კინოსამყაროს. ამას მართლა განვიცდი, სხვა მხრივ ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩემ მიღმააა. მირჩევნია, ასე იყოს, ეს არის ჩემი უშეგნებულესი არჩევანი. კინომ რომ მომაქციოს ყურადღება, ამიტომ მინდა ცოტა პოპულარობა. კინოში მინდა მუშაობა. კინო სხვანაირად ხვეწს მსახიობს, მე ძალიან პატარა გამოცდილება მაქვს კინოში.
…იქნებ, კიდევ რაღაც შევძლო, სულ რომ არ გავქრე ამ თვალსაწიერიდან. ადრე ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა, ადრე ეს არ მადარდებდა, ავტომატურად, თავისით მოდიოდა, ახლა გახდა ჩემი პროფესია ყველაზე მეტად საინტერესო ჩემთვის, მინდა, ეს გაგრძელდეს სცენაზეც და კინოშიც…”
ალბათ, ეს გახდა მიზეზი, რომ რამდენიმე თვის წინ სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებშიც”გამოჩნდა. თეატრალური საზოგადოებისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა ნინოს ყოველკვირეულ სერიალში ნახვა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მსახიობი შეთავაზებას სერიალის პოპულარობისა და ხარისხის გამო დათანხმდა.
სერიალის ყველა გმირი გამორჩეულია, მაგრამ კასრაძის მიერ შესრულებული მაკა განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. მისი გმირის მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დღემდე მიდის დისკუსია და განსაკუთრებულად მძიმედ აღსაქმელი აღმოჩნდა აბორტისა და აუტისტი ძმის თემა, რომელიც სახლში ჰყავთ გამოკეტილი.
სერიალში გამორჩეულია ასევე ნინოს ჩაცმის სტილი, რომელზეც სავარაუდოდ თავად ზრუნავს, რადგან ცხოვრებაშიც კლასიკურად იმოსება.
ყოველთვის უნდოდა, ცხოვრებაში სიგიჟე ჩაედინა, მაგრამ ყველანაირი სიგიჟე სცენაზე აქვს ჩადენილი – ესეც მისი სიტყვებია, წლების წინ სატელევიზიო ინტერვიუში ნათქვამი. მისი ყოველდღიური ცხოვრება საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, მაგრამ სამაგიეროდ, თეატრის მოყვარულების გარდა, უკვე მთელმა საქართველომ გაიგო და გაიცნო, რომ მისი სახით ქვეყანას უნიჭიერი მსახიობი ჰყავს.