ეკა ბესელია: მე რომ ცხოვრებაში არ მინახავს, ისეთი აღარაფერი არსებობს

12 სექტემბერს „სამზარეულოს ომების ვარსკვლავური სეზონი 2023“ იწყება. ერთ-ერთი მონაწილე კი ეკა ბესელია გახლავთ, რაც მაყურებლისთვის დიდი სიურპრიზი იყო.

ეკა ბესელია: ეს ამბავი ჩემთვისაც დიდი სიურპრიზი იყო (იცინის). არასდროს მიმიღია მონაწილეობა არაპროფესიულ კონკურსში და შემოთავაზება, რომელიც ამ პროექტიდან მივიღე, ჩემთვის სრულიად განსხვავებული გამოწვევა აღმოჩნდა. მე არ მეშინია სიახლეებისა და გამოწვევების. რაც უფრო რთულია გამოწვევა, მეტად მიზიდავს, მაგრამ ეს სფერო ძალიან განსხვავებულია. კულინარია ძალიან შორს არის ჩემი საქმიანობის სფეროებისგან. თანამედროვე გასტრონომია კი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ კერძის მომზადების ხელოვნება. ამიტომ თავდაპირველად გადავწყვიტე, კარგად დავფიქრებულიყავი. არ დაგიმალავთ და პირველი, ვისაც აზრი ვკითხე, ჩემი შვილები იყვნენ. სამწუხაროდ, უდროობის გამო ვერ ვუყურებ ამ ტიპის გადაცემებს, ძირითადად, საინფორმაციოსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებს ვადევნებ თვალს და შვილებს ვკითხე, მათთვის თუ იყო საინტერესო ეს პროექტი და რას ფიქრობდნენ ჩემს მასში მონაწილეობაზე. აღმოვაჩინე, რომ „სამზარეულოს ომები“ მათი ერთ-ერთი საყვარელი გადაცემაა. „მიდი, დეე!“ – მითხრეს და ეს იყო ჩემთვის გადამწყვეტი (იცინის).

ალბათ, მთავარი მაინც ისაა, რომ ამ პროექტში საზოგადოება გაგიცნობს, თუ როგორი ადამიანი ხარ. კამერები იღებენ ყველაფერს და სამზარეულოში ფუსფუსისას, მოგეხსენებათ, ბევრი დეტალი ჩანს. აქედან გამომდინარე, აქ ვერ დაგინახავენ, როგორც იურისტს ან, როგორც ლექტორს, პროფესორს ან პოლიტიკოსს. მე ვფიქრობ, რომ საყურებლად ძალიან საინტერესო იქნება.

მოკლედ, ასე დაიწყო ეს ამბავი, თუმცა, არ მეგონა, თუ ასეთი აზარტული იქნებოდა (იცინის).

– საერთოდ, გაქვთ ეს თვისება?

– საერთოდ, არ მიყვარს აზარტული თამაშები, თუმცა, ბუნებით ვარ ადამიანი, რომელიც შუა გზაზე არასდროს ჩერდება. ჩემი თავი ამაში გამომიცდია. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. მე მომწონს ფინალში ყოფნა.

– ესე იგი, სერიოზული ამბიციები გაქვთ.

– არ ვიცი (იცინის). ძალიან მომწონს პროექტის კონცეფცია. აქ მხოლოდ კერძის მომზადება არ არის მნიშვნელოვანი. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნებას, შენს აღქმას, ემოციებს და მე მომწონს შინაარსის მქონე კონკურსები. იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ ოჯახში გავიზარდე. ჩემს სახლში მუდმივად სტუმრიანობა და ფუსფუსი იყო. დედა სულ სამზარეულოში ტრიალებდა. მამა ცნობილი თამადა და გამორჩეული მასპინძელი იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა ოჯახში სტუმრების მიღება. ზომაზე მეტად სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ასე თუ ისე, ხომ არსებობს რაღაც საზღვრები, ჩვენთან ეს არ არსებობდა, დაუსრულებელი პროცესი იყო – სულ სუფრები, სტუმრები და მუდმივად მასპინძლის როლი. დედა 24 საათი მზად იყო. მამა რომ ეტყოდა, სტუმრები მომყავსო და ეს შეიძლება, 10- 15 ადამიანი ყოფილიყო, დედას შეეძლო, უსწრაფესად გაეშალა სუფრა. სხვათა შორის სულ ვამბობდი, რომ დედა იყო ჩვენი სამზარეულოს ბატონ-პატრონი.

– როგორ აფასებენ თქვენს მომზადებულ კერძებს?

– თქვენმა რამდენიმე კოლეგამაც, ანუ ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტებმაც იციან, რომ მასპინძლის როლში სრულიად განსხვავებული ვარ. მეც მიყვარს სტუმარი და მათი მიღებისას უცებ ვტრანსფორმირდები ხოლმე. ძალიან თბილი მასპინძელი ვარ. ძირითადად, მეგრულ-გურული სამზარეულოს მიჯნაზე ვტრიალებ. მოგეხსენებათ, როგორია მეგრელების სამზარეულო თუმცა, მე არ მიყვარს ცხარე. ამაში როგორ ავეწყობით მე და ჩემი მეგრელი მეწყვილე – დემნა ყუფუნია, რომელიც ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებული და უნიჭიერესი შეფია, არ ვიცი. მას ცხარე უყვარს და ვნახოთ, როგორ ბალანსს მივაღწევთ (იცინის).

– დედას სისწრაფით თუ ჰგავხართ?

– კი, საერთოდ მე სწრაფი ვარ და ეს ამ კონკურსშიც გამოჩნდება. დროსთან დაკავშირებით მთელი ცხოვრება განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მუდმივად ვაკონტროლებ, რომ დრო უქმად არ დაიკარგოს. სულ ვცდილობ, რომ მას ფეხდაფეხ მივყვე და არ ჩამოვრჩე. ვცდილობ, დროის მოცემულ მონაკვეთში მაქსიმუმი გავაკეთე. ეს ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა, რომლის დამსახურებითაც ვაღწევდი წარმატებებს პროფესიაში. რადგან ეს ჩემი ძლიერი მხარეა, მგონია, რომ ამ პროექტშიც დამეხმარება. საერთოდ, ყველაფერს ძალიან ორგანიზებულად და მოწესრიგებულად ვაკეთებ. დისციპლინა, მობილიზება, მენეჯმენტი და მართვა ჩემი ძლიერი მხარეებია.

– ყოველთვის იმდენად მოწესრიგებული ხართ, სამზარეულოში ფქვილში ამოსვრილი და ცომიანი ხელებით ვერაფრით წარმომიდგენიხართ….

– ჰოდა, აქ მნახავთ ყველანაირ ფორმაში (იცინის). თუმცა, შევეცდები, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც ვაკონტროლო ესთეტიკური მხარე. სახლშიც ასეთი ვარ და ვნახოთ, აქ როგორ გამომივა (იცინის).

– თქვენს მომზადებულ რომელ კერძს აქებენ ყველაზე მეტად?

– კარგად დავახელოვნე გებჟალია, ელარჯი, ღომი. ძალიან მიყვარს ყველის ვარიაციებით კერძების მომზადება. ოჯახში არ გვიყვარს ხახვი. ჩემი შვილი საერთოდ არ ჭამს ხახვიან საჭმელს და მისთვის ცალკე ვამზადებთ. ტკბილეულის მრავალფეროვნებით ვერ დავიკვეხნი, თუმცა რამდენიმე გამომდის. დედულეთი აჭარის მხარეს მაქვს და ამასაც აქვს თავისი გავლენა. რამდენჯერმე აჭარული ხაჭაპურის მომზადება ვცადე და ცუდი არ გამოვიდა. თევზეულსაც კარგად ვამზადებ.

– თვითონ გურმანი ხართ?

– სამწუხაროდ, მე ის მიყვარს, რაც სასარგებლო არ არის, მაგალითად, ტკბილი. საერთოდ, ვისაც მჟავე და ცხარე არ უყვარს, იმას ტკბილეული იზიდავს. მუდმივად ამ სიყვარულს ვებრძვი. ყოველთვის შეზღუდვების რეჟიმში ვარ, რაც დიდად არ მომწონს, მაგრამ საჭიროა. სპორტი მიყვარს და ამით ვაბალანსებ. კალათბურთს ვთამაშობ და ვცურავ. ყოველდღე ვერა, მაგრამ ორ კვირაში, ათ დღეში ერთხელ ვთამაშობ და ცურვით თითქმის ყოველ მეორე დღეს ვცურავ.

– ასეთ კონკურსებში ინტრიგებიც ხშირია.

– მე რომ ცხოვრებაში არ მინახავს, ისეთი აღარაფერია. იმაზე მეტი ინტრიგა,რაც პოლიტიკაშია, არსადაა. უკვე ისეთ ასაკსა და მდგომარეობაში ვარ, როცა ჩემთვის დაუძლეველი სირთულე არ არსებობს. თან, არასდროს არანაირ ინტრიგაში არ ვმონაწილეობ. თუ რამე მსგავსს ვხედავ, სახელს ვარქმევ და გვერდს ვუვლი. თვალის დახუჭვა არ შემიძლია. ასე რომ, არანაირ ინტრიგაში არ ვიქნები ჩართული, ასეთი რამ გამორიცხულია.

წყარო: https://tbiliselebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები