“თურმე მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, მე არაფერი ვიცოდი, ყველა ჩუმად იყო” – მსახიობ ანი ზენიაშვილის ცხოვრება და კარიერა
ანი ზენაიშვილის პირადი ცხოვრება
მსახიობი ანი ზენაიშვილი სერიალში – “სიყვარულს მიღმა” იაკოს (თაკოს მეგობრის) როლით გამოჩნდა. მეგობრის არაადეკვატური ფიქრების გამო შეშფოთებული ცდილობს, თაკოს დაეხმაროს… ანი ზენაიშვილმა ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებლების ყურადღება მიიპყრო და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. გადავწყვიტეთ, 24 წლის მსახიობი “გზის” მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო.
– წინათ “იდეალური დედის” კასტინგზე ვიყავი – ამ სერიალის ეპიზოდურ როლში ვითამაშე. მერე როგორც ხდება, მსახიობების ბაზაში მოვხვდი და ამის საფუძველზე სერიალში – “სიყვარულს მიღმა” როლზე კასტინგის გარეშე დამამტკიცეს.
– მანამდე ამ სერიალს უყურებდით?
– გარკვეული ეპიზოდები ნანახი მქონდა, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, ჩემი ოჯახური პირობების გამო, სერიალის კარგად ყურებას ვერ ვასწრებდი (იღიმის)…
– თქვენი როლის შესახებ რა გითხრეს?
– მითხრეს, რომ ეპიზოდური როლია, მაგრამ შეიძლება განვითარდეს. ვიცოდი, რომ ერთ-ერთი პერსონაჟის, თაკოს მეგობარი უნდა განმესახიერებინა. თაკოს მთელი რიგი პრობლემები აქვს, მეგობარი კი ეხმარება, მხარში უდგას… გადაღება მალევე დაინიშნა.
– სერიალში თქვენს პერსონაჟთან დაკავშირებული სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია?
– კი. ყველანაირად ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობებით მეგობრებს გვერდში დავუდგე. ამიტომ გარკვეულწილად, ჩემს პერსონაჟს საკუთარ თავს ვამსგავსებ (იღიმის). კონკრეტულად, პრობლემას – ბავშვის გაჩენას რაც შეეხება, მსგავს სიტუაციაში თავად არ ვყოფილვარ, თუმცა დეპრესიული ფიქრები ხანდახან მეც შემომაწვება ხოლმე. ალბათ ცხოვრებაში რთული ეპიზოდები მეტ-ნაკლებად ყველას აქვს.
– როგორ უმკლავდებით მელანქოლიურ ფიქრებს?
– ასეთ დროს, ალბათ გააჩნია, ადამიანი რა ეტაპზე ხარ: თუ იმის ძალა გაქვს, რომ თავი ხელში აიყვანო, ასეთ ფიქრებთან გამკლავებას თავადაც შეძლებ ან ფსიქოლოგთან, ნევროლოგთან უნდა მიხვიდე და ისინი პროფესიულად დაგეხმარებიან. თუ უკვე ხვდები, რომ დეპრესიაში ვარდები და სხვა გზა არ არის, ფსიქოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუმცა თავიდანვე ფსიქოლოგთან თუ მიხვალ, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, პირიქით – ძალიან კარგია.
– დაგჭირვებიათ ფსიქოლოგის დახმარება?
– სიტუაციას დამოუკიდებლად გავმკლავებივარ, არ დამჭირვებია, მაგრამ სხვათა შორის, სურვილი მაქვს, მივიდე, ვესაუბრო… ადამიანისთვის ეს ძალიან სასარგებლო და საჭიროა.
– თქვენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?
– ჩემი ოჯახი – შვილი და მეუღლე, რაც ისეთ გარემოს მიქმნის, რომ თავს ცუდად გახდომის უფლება არ მივცე. ერთად სასეირნოდ ხშირად დავდივართ. თითქოს ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, მაგრამ ჩემთვის განტვირთვის მთავარი საშუალება გახლავთ… ერთი წლის წინ, რატომღაც, საცხოვრებლად საგურამოში გადმოსვლა გადავწყვიტეთ – მეუღლეს აქ სახლი აქვს. მოგვინდა, ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე, თბილისიდან მოშორებით ვყოფილიყავით. ვიფიქრეთ, ბავშვისთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა… ისე, ისევ თბილისში დაბრუნებას ვაპირებთ. პერიოდულად საგურამოშიც ჩამოვალთ. აქ სიმშვიდე და სუფთა ჰაერია, რაც თბილისს აკლია, განსაკუთრებით – სუფთა ჰაერი.
– პროფესიით მსახიობი ხართ?
– კი, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. გოგი მარგველაშვილის ჯგუფში ვსწავლობდი.
– თქვენს პროფესიულ არჩევანზე გავლენა რამ მოახდინა?
– ჩემმა მშობლებმა მოახდინეს ზეგავლენა. პროფესიით მსახიობები არ არიან, უბრალოდ, ხელოვნება უყვართ. ბავშვობიდან სულ სპექტაკლების სანახავად დავდიოდი, მამა ძველ ქართულ ფილმებს ხშირად უყურებდა… სურვილი გამიჩნდა, სპექტაკლებსა და ფილმებში მონაწილეობა თავადაც მიმეღო – მსახიობი გავმხდარიყავი. ეს ბავშვობიდანვე გადავწყვიტე. სხვა პროფესიის არჩევა არც განიხილებოდა, თუმცა მეორე პროფესიაზე – ჟურნალისტობაზეც ვფიქრობდი. ცოტა ხანს “იმედში” სტაჟიორადაც ვმუშაობდი. შემდეგ, პანდემიის გამო წამოვედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ საქმის გაგრძელებაზე ისევ ვფიქრობ.
– რა გიზიდავთ ამ ორ პროფესიაში?
– ჟურნალისტობას რაც შეეხება, ალბათ კულტურის მიმართულებით ვიმუშავებ. ტელევიზიაში “ნიუსებზე” ვმუშაობდი და მივხვდი, ჩემი საქმე არ იყო… სამსახიობო სფეროში ის მომწონს, რომ მრავალფეროვანია – მსახიობი ყოველთვის სხვადასხვა როლს ირგებ. სცენაზე თამაშის დროსაც ყოველთვის რაღაც ახალი იბადება. ძალიან კარგი შეგრძნებაა… სცენაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ბედნიერი ვარ, როცა სცენაზე ვდგავარ. ჟურნალისტისა და მსახიობის პროფესიებს შორის საერთოს მაინც იმას ვხედავ, რომ სხვადასხვა სიახლეს ეცნობი, ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ, სულ ძიების პროცესში ხარ… ორივე პროფესია საინტერესო და მრავალფეროვანია.
– თეატრთანაც თანამშრომლობთ?
– სამწუხაროდ, ახლა არა (ბავშვის გამო), თუმცა მითამაშია. გაცვლითი პროგრამით, უნივერსიტეტიდან ისრაელში, იორამ ლოვენშტეინის Aცტინგ შცჰოოლ-ში წავედით. სპექტაკლში ქართულ-ივრითულად ვითამაშეთ. ისეთი მობილიზებულები და მონდომებულები ვიყავით, რომ დიდად არ გაგვჭირვებია. ფრაზებს ვიზეპირებდით, ვთარგმნიდით, შემდეგ კი ვთამაშობდით. რეპეტიციები ძალიან საინტერესო იყო.
– რამდენი ხანია, რაც დაოჯახდით?
– ეს დაგეგმილი არ მქონია. 2020 წლის 14 იანვარს მთხოვა ხელი (იღიმის)… მანამდე ერთმანეთს 9 თვე ვხვდებოდით. შემდეგ თურმე მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, რის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ყველა ჩუმად იყო. 14 იანვარს მთელი სამეგობრო რესტორანში შეგვკრიბა. რადგან ძველით ახალი წლის დღესასწაული იყო, ვერ ვიფიქრე, რომ სხვა რამე იგეგმებოდა. თურმე, მთელი თვე ამ დღისთვის emzadeboda… დაოჯახებაზე ჩვენ არასდროს გვილაპარაკია – ჯერ არ ვაპირებდით… მოკლედ, კარგი სიურპრიზი გამოვიდა (იღიმის)… ორი წლის შემდეგ შვილი – თამარი (თათუ) შეგვეძინა…
– კარიერაში ხელი შეგეშალა?
– არა. უფრო სწორად, პანდემიის პერიოდი დაემთხვა და ისედაც ხელი შემეშალა: პანდემიის გამო უნივერსიტეტიც ვერ დავამთავრეთ – შეუძლებელია, მსახიობმა უნივერსიტეტი ონლაინ დაამთავროს. ფაქტობრივად, სწავლა შეწყვეტილი იყო… ზაფხულში ბავშვი რეპეტიციებზეც დამყავდა. ძალიან უპრობლემოა. ვფიქრობ, თავადაც ამ პროფესიულ გზას დაადგება (იცინის).
– პატარაზე დამოუკიდებლად ზრუნავთ?
– კი. მე და ჩემი მეუღლე ვზრდით. ძიძა არ გვყავს. ბავშვის დაბადების პირველი დღიდან შვილზე ზრუნვის პროცესში აბსოლუტურად ჩართულები ვართ.
– ანი, ინტერნეტსივრცეში გაქებდნენ – სასიამოვნო ხმა აქვს, სერიალში დამაჯeრებლად თამაშობს, ძალიან ლამაზიაო… რეალურ ცხოვრებაში შენთვის უცნობი ადამიანები უკვე გცნობენ?
– არა, ჯერ ისეთი პოპულარული არ ვარ, რომ ქუჩაში გამაჩერონ (იცინის), მაგრამ ხალხის დადებითმა კომენტარებმა გამახარა – სასიამოვნოა…
– თავად მოგწონთ თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟი?
– საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ, შეიძლება ითქვას – ზედმეტადაც კი. ჩემი მონაწილეობით გადაღებულ ეპიზოდებს ვერც ვუყურებ… ამიტომ, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ.
– როგორ ფიქრობთ, სერიალში – “სიყვარულს მიღმა” თქვენი პერსონაჟის ხაზი განვითარდება?
– არ ვიცი. ეს რეჟისორზეა დამოკიდებული, ასევე – მაყურებელზეც…
წყარო: gza.kvirispalitra.ge