„სამკუთხედი არ არსებობს“ – რა უნდა ვიცოდეთ ბერმუდის კუნძულების შესახებ

ფოტოკოლაჟი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ბედმუდის კუნძულებს, დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა შთამბეჭდავ ტერიტორიას ასახავს.

ბევრი ამ ადგილს მხოლოდ “ბერმუდის სამკუთხედის” შესახებ გავრცელებული ლეგენდით იცნობს. ექსტრემის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან ხშირად სწორედ თავგადასავლების საძიებლად ჩადიან აქ, თუმცა, სინამდვილეში, როგორც ამბობენ, “სამკუთხედი” არ არსებობს! ის კი, რაც ამ უჩვეულო ადგილზე სტუმრობისას დაგხვდებათ, ამ ფოტოკოლაჟშია ასახული.

ცნობისათვის, დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. ბერმუდის კუნძულები აშშ-ის აღმოსავლეთით არის. უახლოესი წერტილი კონტინენტიდან 1030 კილომეტრის დაშორებითაა, ეს არის ჰარტერესის კონცხი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. ჩრდილოეთით 1770 კილომეტრის დაშორებით კანადის ქალაქი ჰალიფაქსია. ბერმუდის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰამილტონი. კუნძულებზე განვითარებულია ეკონომიკა და ტურიზმი. მისი ტერიტორია ცხრა მუნიციპალიტეტად იყოფა.

ბერმუდა არის ყველაზე ძველი ტერიტორია, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დღემდე რჩება.

არსებობს ლეგენდა, რომ იდუმალებით მოცულ ვითარებაში აქ 50-ზე მეტი გემი და 20 საფრენი აპარატი გაუჩინარდა. წარმოდგენა ბერმუდის სამკუთხედის შესახებ სწორედ XX საუკუნეში შეიქმნა, მაგრამ ავტორიტეტული გამოცემების უმრავლესობა აქ რაიმე სახით არსებულ იდუმალებას უარყოფს.

ბერმუდას მრავალ პატარა კუნძულზე ინტენსიურად არის განვითარებული მცირე კაბოტაჟური ნაოსნობა.

სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე, ახლოს ფრანგული აფრიანი გემი „როზალი“ იპოვნეს. იქ ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ ეკიპაჟის არცერთი წევრი ბორტზე არ იმყოფებოდა…

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზებს დღემდე ასახელებენ – უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან დაწყებული უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებამდე დამთავრებული.

თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ყოველივე ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ის სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.

აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოს თანახმად, ბერმუდის სამკუთხედი როგორც სახელწოდება არ არის აღიარებული და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განმარტებით, სამკუთხედი არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა 10 ყველაზე სახიფათო წყლის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელთა შორის აღნიშნული ტერიტორია არ მოხვედრილა.

კომენტარები

სხვა სიახლეები