დავით ხოსიტაშვილი: რატომ არ უნდა გახდეთ ხმის რეჟისორი

მუსიკოსი, დავით ხოსიტაშვილი ხმის რეჟისურის შესახებ სტატიას აქვეყნებს. საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა მათთვის, ვინც ამ პროფესიის დაუფლებას აპირებს:

“ხშირად მხვდებიან ახალგაზრდები, რომლების ხმის რეჟისურის შესწავლის სურვილს გამოთქვამენ. მისასალმებელია, როდესაც ადამიანს მოსწონს რომელიმე პროფესია და მის დაუფლებას ცდილობს, მაგრამ რამდენად აცნობიერებს იგი ამ პროფესიის სირთულეებს? მუსიკის ჩაწერა უდაოდ სასიამოვნო პროცესია, მაგრამ იცის თუ არა ამ პროფესიის დაუფლების მსურველმა ის ამბავი, რომ სიამოვნებასთან ერთად მას საკმაოდ ბევრი ნაკლებად სასიამოვნო ნიუანსიც ახლავს. მე შევეცდები ჩამოვწერო ეს ყველაფერი და თუ ამის შემდეგაც გადაწყვეტს ადამიანი ხმის რეჟისურის პროფესიის დაუფლებას, ესე იგი მართლაც მისი მოწოდება ყოფილა.

1. მუსიკალური განათლება – ჩვენში მყარად არის დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ხმის რეჟისორებად ის ადამიანები ხდებიან, ვისაც მუსიკაში არ გაუმართლათ, ან უბრალოდ მათი მუსიკოსის კარიერა არ აეწყო. ნაწილობრივ ეს მართალიცაა! ჩვენს ქვეყანაში ბევრი ხმის რეჟისორია, რომლებიც ოდესღაც სცენაზე იდგნენ (მათ შორის თქვენი მონა-მორჩილი ამ სტატიის ავტორიც). ხმის რეჟისურის შესწავლა მუსიკალურ სამყაროში დარჩენის მშვენიერი საშუალებაა, მაგრამ, როგორც ზევით აღვნიშნე, ეს სტერეოტიპია და სულაც არ არის აუცილებელი ყოფილი მუსიკოსი იყო, რათა ამ პროფესიას დაეუფლო. თუმცა, მუსიკალური განათლება და მუსიკოსისთვის დამახასიათებელი თვისებები და ცოდნა აუცილებელია! ხმის რეჟისორი, რა თქმა უნდა, მუსიკოსია. ის ვალდებულია იცოდეს მუსიკალური თეორია. უნდა შეეძლოს დანაწევრებულად ჩაწერილი ნაწარმოების იმგვარად აწყობა, რომ იგრნობოდეს ფორმის ერთიანობა. ამგვარად, თუკი თქვენ გადაწყვეტთ ხმის რეჟისურის პროფესიის დაუფლებას, უპირველეს ყოვლისა მუსიკის შესწავლა მოგიწევთ.

2. მუსიკალური ინსტრუმენტების ცოდნა და მათთან მოპყრობა ისეთივე აუცილებელი და საჭირო თვისებაა, როგორც მუსიკალური განათლება. ხმის რეჟისორმა უნდა იცოდეს მუსიკალურ საკრავებთან მუშაობა. კარგად უნდა ერკვეოდეს მათ ხარისხში, ჟღერადობაში. აუცილებლად უნდა იცნობდეს ყველა ინსტრუმენტის დიაპაზონს. უნდა შეეძლოს მათი აწყობა და ა.შ. სტუდიაში ხშირად მოდიან დამწყები მუსიკოსები, რომლებმაც ხშირად ინსტრუმენტის აწყობა არ იციან ხეირიანად.

3. ტექნიკური ცოდნა – ცხადია, ხმის რეჟისორს არ მოეთხოვება ხარისხი ფიზიკაში, მაგრამ საბაზისო ცოდნა მაინც უნდა გააჩნდეს. უნდა იცოდეს ბგერის წარმოშობისა და გავრცელების ტექნიკური მახასიათებლები. უნდა ერკვეოდეს აკუსტიკაში. უნდა შეეძლოს აპარატურის შეერთება, აუდიო სიგნალის მართვა. ამომწურავად უნდა ფლობდეს იმ აპარატურის შესაძლებლობებს, რაც აქვს სტუდიაში. ზედმიწევნით იცნობდეს მიკროფონების ტიპებს და იცოდეს როდის რომელი მიკროფონი გამოიყენოს. უნდა ერკვეოდეს ელექტოობაში, ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც, რომ 110 ვოლტიანი აპარატი არ შეართოს 220 ვოლტში. კარგად უნდა ერკვეოდეს კომპიუტერულ სისტემაში.

4. ენა – რაც არ უნდა კარგად ფლობდეს ადამიანი ხმის რეჟისურის პროფესიას, უცხო ენის ცოდნა, განსაკუთრებით კი ინგლისურის, აუცილებელია. სასურველია 2 ან მეტი უცხო ენის ცოდნაც. აპარატურისა და ხმის ჩამწერი პროგრამების 99% ინგლისურ ენაზეა. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი აპარატურის ტექნიკური მახასიათებლები ან ინსტრუქცია დამოუკიდებლად ამოიკითხოს, მეეჭვება სრულფასოვნად შეძლოს ამ პროფესიის დაუფლება. რაც შეეხება მუსიკოსებთან ურთიერთობას, თუკი სურს ადამიანს ამ დარგში პროფესიონალი გახდეს, ისიც უნდა იცოდეს, რომ მას აუცილებლად შეხვდებიან უცხოენოვანი მუსიკოსები. მუსიკის ჩაწერა კი, უპირველეს ყოვლისა, მუსიკოსებთან ურთიერთობაა. მათთან საერთო ენის გამონახვა ხარისხიანი ჩაწერისა თუ გახმოვანების საწინდარია. შესაბამისად, ვისაც სურს ხმის რეჟისურის პროფესიის დაუფლება, უნდა გაითვალისწინოს, რომ უცხო ენის შესწავლა მოუწევს.

5. მუსიკა, რომელიც არ მოგწონთ. როცა მუსიკოსი ხარ, შენთვის არ არის პრობლემა უარი თქვა იმ მუსიკის დაკვრაზე, რაც არ გსიამოვნებს, რაც “შენი არ არის”, მაგრამ როცა ხმის რეჟისორი ხარ და სტუდიაში მუშაობ, გამორჩევის საშუალება არ გეძლევა. წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც გიწევთ ისეთი მუსიკის მოსმენა, რომელიც არ მოგწონთ. ეს საკმაოდ არასასიამოვნოა, მაგრამ გაცილებით რთულია, როდესაც ამგვარი მუსიკის ჩაწერა და მონტაჟი გიწევთ. ჩაწერისას ხშირია ერთი და იგივე ფრაზის ათჯერ და უფრო მეტჯერაც განმეორება. ხმის რეჟისორი დიდი მოთმინებით უნდა გამოირჩეოდეს, რომ შეძლოს მისთვის არასასიამოვნო მუსიკის ისეთი ხარისხით ჩაწერა, რომ ეს ფაქტორი ოდნავადაც არ იგრძნობოდეს. ხმის რეჟისორის ხასიათზე და გემოვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩანაწერის ან კონცერტის ხარისხი. როგორც წესი, ხმის რეჟისორები ირჩევენ იმ სტილს, რომელიც მოსწონთ და ამ სტილის მუსიკას წერენ, მაგრამ ალბათ დამერწმუნებით, რომ თუნდაც სასურველი სტილი იყოს, შეუძლებელია ყველა ნაწარმოები ერთნაირად მოეწონოს ადამიანს.

6. ხმის რეჟისურა ძვირიანი პროფესიაა. ხმის კარგად ჩაწერა ხარისხიანი აპარატურის გარეშე ძალიან რთულია. ხარისხი კი ყოველთვის ძვირი სიამოვნებაა. ნორმალური მიკროფონი შესაძლოა, ხუთასი ან ათასი დოლარი ღირდეს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მრავალარხიანი ჩაწერისას ერთდროულად რამდენიმე მიკროფონი გამოიყენება, მიხვდებით დაახლოებით რა თანხებზე შეიძლება იყოს საუბარი. რა თქმა უნდა, ძვირფასი აპარატურა ავტომატურად კარგი ხარისხის ჩანაწერს არ ნიშნავს, რეჟისორმა მისი სათანადოდ გამოყენებაც უნდა იცოდეს, მაგრამ კარგი აპარატურის გარეშე სტუდიას გაუჭირდება მაღალი ხარისხის ჩანაწერების მიღება.

7. ხმის ჩაწერა მეტად შრომატევადი საქმეა და, მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნო პროცესია, ხშირად მეტად რუტინული და მონოტონური სამუშაოდ იქცევა ხოლმე. თუკი თქვენ არ შეგიძლიათ საათობით იჯდეთ პულტთან ან კომპიუტერთან და ასწოროთ ვოკალისტების დეტონაციები, შეცდომები, ასუფთავოთ ჩანაწერები ხმაურებისგან, აჭიროთ ხელი ერთი და იგივე ღილაკს ასჯერ და ათასჯერ მაშინ ეს თქვენი საქმე არ არის. რომ არაფერი ვთქვათ კონცერტების გახმოვანებაზე, სადაც უამრავი პრობლემა იჩენს თავს და არც თუ ისე იშვიათად მძიმე აკუსტიკური სისტემების თრევაც კი უწევთ.

8. დავუშვათ თქვენ დახარჯეთ ძვირფასი დრო, შეისწავლეთ ხმის რეჟისურა, გაიარეთ პრაქტიკებიც, დახარჯეთ საკუთარი თანხები და შეიძინეთ ძვირადღირებული აპარატურა, მაგრამ რამდენად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ სასურველ სამსახურს იშოვით? საქართველოში არც თუ ისე ბევრი ხმის ჩამწერი სტუდიაა, ხოლო ისეთი, სადაც შესაძლოა დამატებითი ძალა დასჭირდეთ, კიდევ უფრო ნაკლები. თუკი თქვენ მოახერხებთ და საკუთარი ძალებით შეძლებთ სტუდიის აგებას და ტექნიკურად გამართვას, არ არის არანაირი გარანტია იმისა, რომ სტუდია შემოსავლიანი იქნება და დახარჯულ თანხას მაინც ამოგაღებინებთ.

შესაძლოა ბევრისთვის ჩემს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები უფრო მეტი სტიმულის მომცემიც კი აღმოჩნდეს, თუმცა ამ პროფესიის მსურველებს დააფიქრებს მაინც, რომ ხმის რეჟისურა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმიანობაა. ის გულისხმობს დიდი პასუხისმგებლობას, ყურადღებას, სრულ დატვირთვას და ცოდნის მუდმივად განახლების პროცესს.”-წერს მუსიკოსი.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები