“ყველაზე რთული იყო, როცა მე, როგორც „მგზავრებმა“, „რობოტთან“ ერთად ვიმღერე” – გიგი დედალამაზიშვილი “ვინ ვინ არის” შოუს შესახებ
მაყურებელმა ბრიტანული შოუს ქართული ანალოგის, „ვინ ვინ არის“, კიდევ ერთი მონაწილის – „თოვლის გუნდას“ ვინაობა შეიტყო. ის მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილი აღმოჩნდა.
გიგი დედალამაზიშვილი: ასეთი გამოცდილება ცხოვრებაში არ მქონია. ძალიან აზარტული იყო. მთელი პროცესი საოცრად გასაიდუმლოებული გახლდათ. სახლიდან რომ გამოვდიოდი, მძღოლს სხვადასხვა ადგილას ვხვდებოდი, რომ ვინმეს არ დავენახე. ჩემი საცხოვრებელი კორპუსი „იმედს“ უყურებს და ვთხოვდი, ფეხით მოვალ-მეთქი, მაგრამ არაო. აღმაშენებლის ხეივანზე გავიდოდი ფეხით, მანქანა იქ დამხვდებოდა და მივდიოდით. პირბადე, სათვალე, ქუდი – ყველანაირად შენიღბული ვიყავი, ვერავინ მიცნობდა. ამ სიცხეში ასე გამოწყობილს ხალხი ცოტა უცნაურად მიყურებდა, მაგრამ ასე იყო საჭირო (იცინის). ყველაზე რთული იყო, როცა მე, როგორც „მგზავრებმა“, „რობოტთან“ ერთად ვიმღერე, ერთი ნომრის შემდეგ კი „გუნდა“ უნდა ვყოფილიყავი. ბიჭებთან ერთად ვიყავი. მე შენ გეტყვი, ცოტანი ვართ. მოვრჩით სიმღერას და შვიდ კაცს უნდა ავუხსნა, სად მივდივარ. ეგ კი არა, რომ გამოვედი, ლიზა მეკითხება, ვინ არის ეს „რობოტიო“ (იცინის). მე ჩემი გასაჭირი მაქვს, ბიჭები მეკითხებიან, სად მიდიხარო? და რაღაც ხომ უნდა ვუთხრა. ჰოდა, ვეუბნები, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დამპატიჟეს-მეთქი. ამ დროს ძალიან ცუდად ვცეკვავ. თუ არსებობს ყველაზე ცუდი მოცეკვავე, ის მე ვიქნები. არ ვიცი, რა ვქნა, არ გამომდის. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ვეუბნები ბიჭებს, „ცეკვებიდან“ მაქვს შემოთავაზება და უნდა მივიდე-მეთქი. მათაც ხომ იციან ჩემი ცეკვის შესახებ და ყველა გაოგნებული იყო. რომ დავბრუნდი, მეუბნებოდნენ, ძალიან გთხოვ, არ გახვიდე ცეკვებში, ძალიან ცუდად ცეკვავო (იცინის).
არც ჩემმა ოჯახმა იცოდა ამის შესახებ. ასეთი სტრატეგია მქონდა, დედაჩემს ვაყოლებდი, რაზე იყო ეს გადაცემა. თითქოს, საერთოდ არ ვიცოდი, რა გადაცემა იყო. ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა, როცა ბახვას შევხვდი, როცა „მგზავრები“ გამოვდიოდით. ერთი თვეა, ერთად ვართ, მაგრამ მან ხომ არ იცის და ბახვა, როგორ ხარ-მეთქი, ვეკითხები (იცინის). მაკვირდება, შენ „გუნდა“ ხომ არ ხარო? გავიოცე, რა „გუნდა“-მეთქი? „ვინ ვინ არის“ ერთ-ერთი მონაწილე, „გუნდაო“ და უი, რა გადაცემაა, არ ვიცი-მეთქი და მომიყვა თავიდან ბოლომდე (იცინის). ვაიმე, ისე მრცხვენოდა. მაგრამ პირველად ბახვასთან რომ გადავლახე ეს უხერხულობა, მერე ნანიკო ხაზარაძესთან და ანრი ჯოხაძესთან უკვე თამამად ვიტყუებოდი, ძარღვი გაწყვეტილი იყო (იცინის). ჩემს მეზობლებთანაც იგივე ფანდებს ვიყენებდი. ვინმე რომ მკითხავდა, შენ ხომ არ ხარ ამ გადაცემაშიო, არა, რა გადაცემაა-მეთქი – კითხვას ვუბრუნებდი.
გამიმართლა იმაში, რომ პროფესიით მსახიობი ვარ და გარკვეული გამოცდილება მაქვს. თუმცა, ძალიან რთული იყო. თან, საკმაოდ დიდი კოსტიუმი შემხვდა, ძალიან მცხელოდა, ერთი-ორჯერ ზღვარზე ვიყავი, მეგონა, ცუდად გავხდებოდი (იცინის). მაგრამ ძალიან მიხაროდა, რომ ასეთი თბილი და კომიკური პერსონაჟი შევქმენით. თან, ისეთი აზარტულია, გინდა, რომ ვერ გიცნონ და სულ იმას ფიქრობ – „ოღონდ მე არა“ (იცინის). ჩემთან დაკავშირებით დათო გომართელი, ნიკა მემანიშვილი, რატი დურგლიშვილი და კიდევ სხვა ვერსიები იყო. თავიდან ძალიან ვინერვიულე. პირველ გადაცემაზე დამასახელეს და ვიფიქრე, მორჩა, არაფერი არ გამოვა-მეთქი, ძალიან განვიცადე. მართლა ძალიან აზარტული იყო (იცინის).
– რა სიახლეები გვაქვს „მგზავრების“ გულშემატკივრებისთვის, რა გეგმები გაქვთ საზაფხულოდ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ?
– ბოლო ორ თვეში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გვქონდა კონცერტები, ძალიან მიხარია, რომ ყველა კონცერტი ანშლაგით ჩატარდა და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მსმენელს. ზაფხულში დაგეგმილია კონცერტები ბათუმში და ასევე ვგეგმავთ კლიპის გადაღებას ორ ახალ სიმღერაზე და ჩართულები ვართ წინა მოსამზადებელ პერიოდში. კოლაბორაციას ვგეგმავთ ჩვენს საყვარელ, უნიჭიერეს რეჟისორებთან – ზაზა ორაშვილთან და ლადო კვატანიასთან.
– როგორ შეცვალა ცხოვრება ჯერ პანდემიამ, შემდეგ ომმა, რომელიც მთელი საქართველოსთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ თქვენი ოჯახისთვის კიდევ უფრო მეტად მძიმე…
– პანდემიის დაწყებასთან ერთად ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, სრულიად ახალ რეალობასთან მოგვიწია ადაპტირება, ცხადია, ყველა რეგულაციას და წესებს ვიცავდით.
ომი იმდენად მტკივნეულია, რომ ძალიან მიჭირს და ვერასოდეს შევეგუები ამდენი ადამიანის ტრაგედიას. ჩემი მეუღლე – მარინა, უკრაინელია. მისი ბებია ომის დაწყების დღიდან უკრაინელი ჯარისკაცებისთვის მოხალისე მზარეულად მუშაობს. ის ნამდვილი გმირია. მარინას დედა საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა უკან, რადგან უნდა, რომ ამ მძიმე წუთებში საკუთარ სამშობლოში იყოს. ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტები ჩავატარეთ და შემოსული თანხა გადავრიცხეთ. მარინამ და ჩემმა დამ გააკეთეს ფოტოპროექტი – Voices from Georgia, we are in the same boat და საქართველოს მოქალაქეების სათქმელი უკრაინელ ხალხს ამ ფორმით გაუგზავნეს. ფოტოდონაციიდან შემოსული თანხა უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხა.
– როგორ არიან თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები იქ?
– არავინ არ აპირებს დანებებას არცერთი წამით, თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინელები მებრძოლი ხალხია და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული მათ მიმართ.
– როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაკავშირებთ უკრაინის პრეზიდენტთან. სოციალურ ქსელში თქვენი გამომწერიცაა. როდის გაიცანით ერთმანეთი და როგორია თქვენი ურთიერთობის ისტორია?
– დიახ, ერთმანეთი „95 კვარტალის“ გადაღებაზე გავიცანით, მაშინ პრეზიდენტი არ იყო. ზელენსკი გამორჩეული ადამიანია და მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. ეს ადამიანი იბრძვის თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ბაქოში ერთად ვიყავით და ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს მასთან.
– ახლახან ქარდი ბის და კანიე ვესტის კლიპი გამოვიდა, რომელსაც ქართველი რეჟისორი ჰყავს – ლადო კვატანია და ამას მსოფლიო პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა გეგმები გაქვთ ამ რეჟისორთან ერთად?
– დიახ, ყველა გავლენიანი გამოცემა ლადოზე წერს, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ნამდვილად და მიხარია, რომ ლადო ჩემი მეგობარია და ძალიან ვამაყობ მისით. ის „მგზავრების“ ახალი კლიპის რეჟისორი უნდა იყოს. ჩვენ წინა მოსამზადებელი პერიოდი დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ, ახალ სიმღერაზე საინტერესო კოლაბორაცია გამოგვივა.
– ცოტა თქვენს ოჯახზეც ვისაუბროთ – ათი წელი სრულდება, რაც შეიქმნა. რა მოიტანა ამ წლებმა თქვენს ცხოვრებაში, როგორია მამობა, მეუღლეობა და ის პასუხისმგებლობები, რასაც ოჯახი გაკისრებთ?
– რაც დრო გადის, მარინა უფრო მეტად მიყვარს. ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაც გავიარეთ ერთად – სირთულეები და წარმატება. ყველა ეტაპზე მარინა იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა. რაც შეეხება მამობას, ეს საოცარი გრძნობაა და ლიზისა და ნიკუშას აღზრდით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. მინდა, რომ ბედნიერი ადამიანები იყვნენ და ამ ქვეყნის კარგი მოქალაქეები გაიზარდონ.
წყარო: თბილისელები