„ყოველთვის კარგი გგონია იქ, სადაც არ ვართ“ – ალბათ ეს ციტატა ყველაზე კარგად საქართველოდან უცხო მხარეში წასულების მდგომარეობას მიესადაგება. „ემიგრანტები მართლაც რომ იძულებით გადაადგილებული პირები არიან“ – უფრო მეტს გეტყვით ელგა ცუხიშვილის ეს პოსტი, რომელიც ემიგრანტმა ერთ-ერთ ემიგრანტთა ჯგუფში დაწერა:
„ემიგრანტობა ხომ იძულებითი, მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გამოსავალია. ემიგრანტები მართლაც რომ იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ოჯახს და საყვარელ ადამიანებს მოწყვეტილი ქალები. დედებს მოგლეჯილი შვილები, შვილებს მოგლეჯილი დედები, ქმრებს მოწყვეტილი მეუღლეები და საახლობლო სამეგობროს დაშორებული თვალცრემლიანი ადამიანები. ბევრი ფიქრის მერე, ანდაც ნაუცბათევად გადაწყვეტილებამიღებული ქალები გაიხურავენ სახლის კარებს და იქ რჩება გული, მკერდიდან ამოგლეჯილი გული, მხოლოდ უგულო და უსულო სხეული მიდის ქვეყნის გარეთ. ზოგი სად და ზოგი სად.
მოედო ქვეყნის ყველა კუთხეს, ოჯახს დანატრებული ქალები. ერთს მეორე მიემატა, მეორეს მესამე და სოკოებივით იმატა ემიგრანტთა არმიამ. უცხო ქვეყანა, უცხო ენა, უცხო ადამიანები, უცხო ადათ-წესები, უცხო სამზარეულო და უცხო რელიგიაც კი. ითვისებ ცოტ-ცოტას ყველაფერს. ეგუები უცხო გარემოს, უცხო ადამიანებს. მხოლოდ რელიგია რჩება წმინდა და ხელშეუხებელი. ვინ სად, ვინ როგორ ოჯახში მოხვდება ნეტავ? ვის როგორი ავადმყოფი ჰყავს? ვის როგორი შესაგუებელი პატრონი ჰყავს? ეგუები ყველანაირ პირობებს, უძილო ღამეებს, ავადმყოფის გაუსაძლის კაპრიზებს, მცირედ ულუფას, იმასაც რომ ლუკმებს გითვლიან. შენი საკუთარი თავისთვის ვეღარც იცლი. მხოლოდ მექანიკურად მოძრაობ დილიდან დილამდე.
ღამე, უძილო გრძელი ტანჯვის ღამე. ცრემლით დასველებული ბალიში და ლოცვაში დათენებული ალიონი. ათასჯერ ჩალაგებული გაქვს ჩემოდანი და იღებ ბოლო გადაწყვეტილებას, „წავალ ამ ჯოჯოხეთიდან და დამთავრდება ეს ტანჯვაც“. ისევ ამოლაგებული ჩემოდანი, „რომ წავიდე მერე ოჯახს რა ეშველება“… და ისევ მეორდება ტანჯვის დღეები თუ ღამეები. მხოლოდ თვის ბოლო გამშვიდებს. აღებულ ხელფასს ანაწილებ და მეორე თვის ბოლომდე ისევ ჯიბეცარიელი ხარ. არც ამაზე არ დარდობ, მთავარია შვილები გყავდეს კარგად.
და რა ხდება ამ დროს საქართველოში? რა ხდება შენს ოჯახში? რა ხდება სამეგობროში? ყველას რომ ჰგონია, „უჰ უშველე თავს და გაიქეცი“, – „შენ რა გიჭირს დოლარებს კი იღებ“, „უჰ რა მაგარ ფოტოებს იღებ, რა ბედნიერი ხარ“… გაუტკბა ევროპა და აღარც აპირებს ალბათ დაბრუნებას“, „მგონი საყვარელიც გაუჩენია და რაღაზე ჩამოვა ოჯახში“… გორავს და გორავს ჭორი. იგება და იგება ცილისწამების კოშკები, იხლართება და იხლართება ცრუ ინფორმაციები, ინგრევა წლობით ნალოლიავები ოჯახები. ეჭვით უყურებს საახლობლო. მგონი შვილებსაც გაუჩნდათ დედის სიწმინდეში ბზარი. ხდება გაუცხოება და მხოლოდ მოკითხვით მთავრდება სატელეფონო საუბრები, თითქოს ვეღარ აწყობ ურთიერთობას და როცა ტელეფონს გამორთავ, გახრჩობს ზღვა ცრემლები. ისევ უბრუნდები ჯოჯოხეთს და იწყევლები გაჩენის დღეს. ვერ გარკვეულხარ რა სჯობია. ნანობ გადადგმულ ნაბიჯს. ნანობ ოჯახიდან დაშორებას. ნანობ… ნანობ… ბევრ რამეს ნანობ.. და გამოსავალი მხოლოდ ერთია, დაბრუნდე! გთხოვთ დააფასეთ ემიგრანტი დედები ვერასდროს ვერ გაიგებთ მათ რისი ატანა უწევთ! ვერასდროს!“ – წერს ელგა ცუხიშვილი.