“კვირა+” ერთი ებრაელის წერილიდან ამონარიდს გთავაზობთ, რომელიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ.
“ხშირად სასწაული ისეთი პატარაა, რომ ადამიანები მას უბრალოდ ვერ ამჩენევენ…
აღმოჩნდა, რომ შეკითხვაზე: „რას აკეთებ?“ ან „რას საქმიანობ?“ შეიძლება, უპასუხო: „ოსიმ ხაიმ“ – „ცხოვრებით ვტკბები“.’
ეს გამოთქმა პირველად აქ, ისრაელში გავიგე. სიტყვასიტყვით ის შემდეგნაირად ითარგმნება: „ცხოვრებას ვაკეთებ“.
პატარა კაფე. შუადღე. მეზობელ მაგიდასთან ხანშიშესული წყვილი ზის. ქალი და კაცი. მაგრამ არ მგონია, რომ ცოლ-ქმარი. ალბათ, უფრო ძველი ნაცნობები, ან მეგობრები. ისინი მშვიდად საუბრობენ, ცოტას ფლირტაობენ კიდეც, მიირთმევენ ყავას. რეკავს ტელეფონი, კაცი იღებს ყურმილს. ვიღაც ყურმილის მეორე მხარეს სავარაუდოდ ეკითხება: „რას აკეთებ?“. ის პასუხობს: „ოსიმ ხაიმ“ (ცხოვრებით ვტკბები).
არა ვმუშაობ პრობლემების გადაჭრაზე, არა ვცდილობ ფულის გამომუშავებას, არა ვეძებ კითხვებზე პასუხებს, ან თუნდაც მიზნებს ვაყალიბებ თუ ვცდილობ მათ მიღწევას, არა! უბრალოდ ცხოვრებით ვტკბები.
სიტყვების ამგვარმა თამაშმა მე მომაჯადოვა და მივხვდი, რომ მეც ძალიან მომინდა, მესწავლა ეს „ოსიმ ხაიმი“.
პირველი გაკვეთილი მივიღე ზოომაღაზიაში, სადაც ერთხელ დილაუთენია შევირბინე ძაღლის საკვებისთვის. მეპატრონემ ის-ის იყო, გააღო მაღაზია და აუჩქარებლად ალაგებდა საქონელს დახლებზე. მე წლების განმავლობაში გამომუშავებული ჩვევის მიხედვით შევეცადე, ამეხსნა, რომ არ მქონდა დრო, დავლოდებოდი, როდის მორჩებოდა ის საქონლით დახლების გაწყობას და ვთხოვე, სასწრაფოდ მომმსახურებოდა. კაცმა ერთი შემომხედა. შემდეგ უხმოდ მიბრუნდა, საიდანღაც გამოაძრო მომცრო გალია, ამოიყვანა იქედან პატარა ბოცვერი და პირდაპირ ხელში მომაჩეჩა.
ჩემთვის დრო თითქოს გაჩერდა. მე ხელებს ნაზად ვუსვამდი ფაფუკ, ფუმფულა, თბილ ბეწვზე ჩემს ხელში გაყურსულ ბოცვერს და მოჯადოებულივით ვუყურებდი, როგორ აუჩქარებლად საქმიანობდა მაღაზიის გამყიდველი. და მაშინ მივხვდი: აი, თურმე, როგორი ხარ შენ – „ოსიმ ხაიმ“.
სიმდიდრე არ არის ის, თუ როგორი ქურქი გაცვია, როგორი მანქანით დადიხარ და რა ტელეფონი გიკავია ხელში. სიმდიდრე არის ცოცხალი მშობლები, ჯანმრთელი შვილები, საიმედო მეგობრები და საყვარელი ადამიანი გვერდით!
თუ შენ გაქვს მხედველობა, სმენა, შეგიძლია სიარული, ლაპარაკი, სიყვარული და ყოველ დილით ადგომა ლოგინიდან — ესი იგი, შენ ზღაპრულად მდიდარი ადამიანი ხარ!
და თუ როდისმე გაგიჩნდება პრეტენზია, რომ ცხოვრება უსამართლოდ გექცევა, გაიხსენე ისინი, ვინც ძალიან ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. თუ მეუღლეზე გაბრაზდები, წარმოიდგინე, რამდენი ადამიანი ოცნებობს ოჯახის შექმნაზე. თუ ფიქრობ, რომ ძალიან ურჩი შვილები გყავს, სანამ მათზე საყვედური დაგცდება, დაფიქრდი, რამდენი ადამიანი ევედრება ღმერთს, რომ აჩუქოს შვილი… დააფასე ის, რაც გაქვს!
არსებობს სამი ხაფანგი, რომელიც გვპარავს სიხარულსა და ბედნიერებას: სინანული წასულის გამო, შფოთვა მომავალზე და უმადურობა აწმყოთი. ნუ მოაშთობ შენს ცხოვრებას ამ ხაფანგებში. იყავი მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს და მუდამ გახსოვდეს – „ოსიმ ხაიმ“!”