„ის, რომ უცხოპლანეტელებმა გამაფრთხილეს კორონავირუსზე, ტყუილია“ – მიხეილ ცაგარელის განმარტება (ვიდეო)
ახალი კორონავირუსი, რომელიც პანდემიის გამოცხადების მიზეზი გახდა, მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი სფეროსთვის საინტერესო და აქტუალური საკითხია. ამ კუთხით რა თქმა უნდა, გამონაკლისი, არც ასტროლოგიაა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა, ცნობილმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა სიზმარში უცხოპლანეტელი ნახა, რომელმაც ის კორონავირუსის შესახებ გააფრთხილა.
მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ამონარიდი ვიდეოდან, სადაც ცაგარელი აცხადებს, რომ წლის ბოლოს უცხოპლანეტელების მასშტაბური შემოდინება დაიწყება საქართველოში:
„უცხოპლანეტელების საკმაოდ დიდი რაოდენობის შემოსვლა იგეგმება ჩვენთან, ოღონდ ეს იქნება უკვე წლის ბოლოდან და მომავალ წელს, 2021 წელს. აი, აქ, სხვათა შორის, უფრო მეტი რაოდენობით იქნებიან ისინი ჩვენთან“, – განაცხადა ასტროლოგმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში.
დღეს „იმედის კვირაში“ კვირის პროგნოზზე საუბრის დაწყებამდე მას ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა აღნიშნულ საკითხზე, რაზეც ასტროლოგმა უპასუხა – ის, რომ მან კორონავირუსის შესახებ უცხოპლანეტელისგან იცოდა და მათ იგი გააფრთხილეს, არის ტყუილი და არ დაიჯეროს საზოგადოებამ:
„უფოლოგების ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის ან მომავალ წელს უფრო მეტი იქნება კონტაქტები უცხოპლანეტელებთან, მაგრამ ის, რომ მე მეთქვას, ველაპარაკე უცხო პლანეტელს და ამის შედეგად კორონავირუსზე ვიცოდი და მათ გამაფრთხილეს, ეს არის ტყუილი, არ დაიჯეროთ“, – განმარტა მიხეილ ცაგარელმა.