„ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი“ – გიორგი კეკელიძე
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ბავშვობიდან, ერთ ისტორიას იხსენებს:
“მეგობრებო, არამეგობრებო, მოკეთეებო და მტრებო:
მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა მითხრეს – წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა. ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.
არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოსჩანს.
დღეს ქუთაისში, პატარა ბარბარეს, რომელსაც facebook-ის სურათზე “ამ ცხოვრების დედაც” უწერია, წიგნები ჩავუტანე და ვუთხარი, რომ სიცოცხლე არის მშვენიერი. და სადაც შეამჩნევს, რომ ის საშინელი ხდება, უნდა იბრძოლოს, ოღონდ ჩემთან და სხვებთან ერთად უნდა იბრძოლოს.
მესმის ყველას განცდის და მეც მონაწილე ვარ თქვენი სასოწარკვეთის და გაბრაზების -მაგრამ, ამ ცხოვრების არა, იმ ცხოვრების “დედაც” სადაც ჩვენ – მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, მშობლები, მასწავლებლები, პოლიციელ-გამომძიებლები ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად, ნუღარ მოვფენთ ამ სლოგანებს საშიშ ნაღმებად. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ლუკასთვის გავაკეთოთ და სხვა დანარჩენი ლუკას ტოლების გადასარჩენად!” – წერს გიორგი კეკელიძე.