“13 მარტს წლის ყველაზე კეთილშობილი და თავად სიყვარულზე შეყვარებული ახალი მთვარე გვაქვს”-მაგიური პერიოდი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ

13 მარტს ახალი მთვარე ამჯერად თევზების 23°03 გრადუსზეა. ამის შესახებ ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

“LOVE is all you need“ ანუ ახალი მთვარე თევზებში ვენერასთან და ნეპტუნთან ერთად.

13 მარტს წლის ყველაზე კეთილშობილი და თავად სიყვარულზე შეყვარებული ახალი მთვარე გვაქვს – სად თუ არა თევზებში.

ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც ყოველდღიურ დამღლელ რუტინაში ან დარდებში უნდა გადავეშვათ. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად. ამ დროს რეკომენდებულია ხალხის მასებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება და მარტო დარჩენა, ბუნებასთან კონტაქტი და სხვა თერაპიული საშუალებების გამოყენება.

ახალი მთვარე ამჯერად თევზების 23°03 გრადუსზეა. თევზებს ზღვის ღმერთად წოდებული ნეპტუნი მართავს, რომელიც ამჟამად თავად ახალ მთვარესთან იმყოფება შეერთებაში. ეს შეერთება მის გავლენას უფრო ძლიერსა და ინტენსიურს გახდის.

ნეპტუნი შთაგონებასთან, სიზმრებთან, ფსიქიკურ უნარებთან, ილუზიებთან და ქაოსთან ასოცირდება. მისთვის არ არსებობს საზღვრები და ყველაფერი ერთიანია. ნეპტუნი მჭიდროდაა დაკავშირებული სულიერებასთან და რწმენასთან. თუ მისი საწინააღმდეგო ნიშანი (ქალწული) ყველასა და ყველაფერში სრულყოფილებას ეძებს, ნეპტუნისთვის მისაღებია არასრულყოფილება და თუნდაც ნაკლის ქონა. საუკეთესო გამოვლინების შემთხვევაში, ნეპტუნი გვაძლევს ძლიერ ინტუიციას, სულიერ გასხივოსნებას, მადლიერებას, უანგარო სიყვარულს, თანაგრძნობისა და თანადგომის უნარს მიმტევებლობასთან ერთად. უარყოფით შემთხვევაში კი ნეპტუნი ტყუილებს, თაღლითობებსა და დამოკიდებულებებს იწვევს.

თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია, რომელიც ჰოროსკოპის მე-12 სახლს მართავს. თევზებიც, ნეპტუნიც და მე-12 სახლიც ჩვენს ემოციებს, ქვეცნობიერსა და შინაგან სამყაროს უკავშირდება. ეს არის იდეალური დრო საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად. ამ ჩაღრმავების მიზანი კი ისაა, რომ მივაგნოთ ყველა იმ ბლოკატორსა და არაჯანსაღ პატერნს, რომელიც განვითარებაში გვიშლის ხელს. წარსულში მიღებული არასასიამოვნო გამოცდილება არ არის დღევანდელი რეალობა და არც არანაირი გარანტია არსებობს, რომ მომავალშიც იგივე გამეორდება. მედიტაცია, ფსიქოთერაპია, ასტროლოგიური კონსულტაცია თუ თერაპიის სხვა ფორმები იდეალურია ასეთ დროს. მოდუნდით, დახუჭეთ თვალები და დაუკვირდით სად, რა სფეროში გრძნობთ უიმედობას, სად არ გაქვთ მოტივაცია და სად ვერ მიდიხართ წინ. აღმოაჩინეთ ის ხელისშემშლელი „ფორმულები“,რომელიც ნეგატიურად განგაწყობთ მომავლისა და საკუთარი თავის მიმართ (მაგალითად: „მე ამისი ბედი ვინ მომცა“, „მე ხომ ნორმალურს არავის მოვეწონები“ და ა.შ.). სანაცვლოდ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები: რა იწვევს ჩემს გაღიზიანებას? რა შემიძლია შევცვალო მე? რა მიშლის ხელს ჩემი იდეებისა და სურვილების განხორციელებაში და ა.შ. ამის შემდეგ კი გადადით პოზიტიურ აფირმაციებზე. მაგალითად: „მე მაქვს შინაგანი ძალა, ამ ყველაფერს გავუმკლავდე!“, „მე ვიმსახურებ საუკეთესოს“ და ა.შ. თევზები ყველაზე მიმტევებელი ნიშანია, ამიტომ აუცილებლად აპატიეთ საკუთარ თავს დაშვებული შეცდომები და დატოვეთ წარსულში ყველაფერი ნეგატიური. სანაცვლოდ აჩუქეთ სიყვარული და მზრუნველობა საკუთარ თავს. დიახ, მიმტევებლობა და სიყვარულია ახლა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. სიყვარული საკუთარი თავის, ოჯახის წევრების, მეგობრების, ნაცნობების, დედამიწელების, სამყაროსი…

ბრწყინვალე პერიოდია ასევე მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად, ოღონდ არა მოჩვენებითად, არამედ გაცნობიერებულად გადადგმული ნაბიჯებისთვის.

თევზები უკავშირდება ხელოვნებასაც (მუსიკა, ხატვა, ცეკვა, კინო, თეატრი, ფოტოგრაფია…). ამოირჩიეთ არტის ნებისმიერი თქვენთვის სასურველი მიმართულება და მოიწყეთ განტვირთვის საღამო. ამის გაკეთება მით უფრო მარტივი იქნება, ვინაიდან ახალი მთვარე შაბათ დღეს ემთხვევა. მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძი, ჩართეთ პოზიტიური, ენერგიული მუსიკა და იცეკვეთ, თუნდაც მარტომ. ჩაუსხედით სასიამოვნო ფილმს, დახატეთ ან გადაიღეთ ფოტოები. სწორედ თევზებია ის ნიშანი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ცხოვრება მხოლოდ რუტინა არ არის და არსებობს ბევრი სხვა სასიამოვნო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

თევზების ენერგიას ემატება ისიც, რომ ახალ მთვარესთან შეერთებაში იმყოფება ვენერა, თავად სიყვარულის პლანეტა ^_^ რას გვაძლევს ვენერა? ბალანსი, გრაციოზულობა, დიპლომატია, სირბილე და გაგების უნარი… შანსი გვაქვს, აღვადგინოთ ან დავიწყოთ ურთიერთობები, შემოვირიგოთ გაბუტული თუ ნაწყენი ადამიანები, გამოვხატოთ გრძნობები, ემოციები, ვიყოთ ღია და გულწრფელი. მოკლედ, ახლა ყველანაირად შეგვიწყობს სამყარო ხელს, რომ დავათბოთ და დავატკბოთ ყველგან ყველაფერი. ერთგვარი მაგიური პერიოდია (კარგი კუთხით), რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

არ გადავიწყდეთ ასევე მომდევნო ერთი თვის პერსონალური მიზნების ფორმულირებაც. თევზები ემოციასა და შეგრძნებებს უკავშირდება, ამიტომ სამომავლო მიზნები სწორედ გულით განსაზღვრეთ. დაგეგმეთ ის, რისი მიღწევაც ყველაზე მეტად გაუხარდება თქვენს გულს. და რა თქმა უნდა, გჯეროდეთ, რომ ამ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ. გამოხატეთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც დღეს გაქვთ. გაატარეთ დრო ბუნებაში და დააკვირდით სამყაროსეულ რიტმსა და პროცესებს, აღიქვით და დააკავშირეთ ყველაფერი ერთმანეთთან და დაინახეთ საკუთარი თავი და როლი ამ მთლიანობაში.

აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენები თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს ეხება, თუმცა ახალი მთვარის გავლენას ის ადამიანები უფრო მეტად იგრძნობენ, ვის პირად რუკაშიც პლანეტები, კვანძები, ASC, MC, IC და DSC თევზების, ქალწულის, ტყუპების ან მშვილდოსნის 18-28 გრადუსებს შორის აღინიშნება. სიყვარულს და ბევრ გულწრფელ დადებით ემოციას გისურვებთ!
—–
ასტროლოგი დავით ნიბლაძე”

კომენტარები

სხვა სიახლეები