თავის დროზე უჭირდათ თანამედროვეებს ამის დაჯერება, მაგრამ დღეს უკვე აღიარებული ამბავია – ერთმა ჩვეულებრივმა ქალმა დეტექტივების სამყარო ამოატრიალა და მძაფრსიუჟეტიან, ჩახლართულ ამბებში მსოფლიო მკითხველი ჩაითრია. მათ შორის – საქართველო. ახლახან გამოსცა პალიტრა L-მა ყველაზე ცნობილი სერია დეტექტივ პუაროზე, რომელმაც უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია. ის 12 წიგნად გამოვა, მერე კი სხვა არანაკლებ საინტერესო და ჩახლართული დეტექტივების ჯერი დადგება. გამომცემლობამ ბრიტანეთში “დეტექტივების დედოფლის” ოფიციალური წარმომადგენლობისგან საქართველოში საიუბილეო სერიის გამოცემის უფლება ექსკლუზიურად მოიპოვა. დეტექტივები თვეში ერთხელ, გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად გამოვა – 12 ტომად!
დღეს აგათა კლასიკაა, რომელიც ყველა ადამიანს, ვისაც წიგნიერებაზე აქვს პრეტენზია, ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული. თუ ერთხელ წაიკითხავს, ეს იმის გარანტიაა, რომ მეორე და მესამე წიგნსაც მოიკითხავს – იმდენად ჩაგითრევთ მისი შექმნილი ისტორიები, განსაკუთრებით, დეტექტივ პუაროს ამბები. თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ თავად აგათას ცხოვრებაც ერთი დიდი დეტექტივი იყო, რომელსაც თავადვე ქმნიდა. სულ რამდენიმე ყველაზე საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებთ ამ უნიკალური ქალის ცხოვრებიდან და უკვდავ ციტატებს, რომლებიც ხალხმა აიტაცა.
* ცნობილია, რომ “დეტექტივების დედოფალს” ბავშვობაში წერა ვერაფრით ასწავლეს: იმდენ შეცდომას უშვებდა და ისე ნელა წერდა, რომ მშობლებმა მისი სკოლიდან გამოყვანა გადაწყვიტეს. მართალია, განათლების მიღება სახლში გააგრძელა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბის ინგლისელმა მწერალმა გამართული წერა სიცოცხლის ბოლომდე ვერ ისწავლა – ყურადღების კონცენტრირება უჭირდა და უამრავ ორთოგრაფიულ შეცდომას უშვებდა. პარადოქსია, მაგრამ დიდი დრო დასჭირდა გარშემო მყოფთათვის იმის დასამტკიცებლად, რომ სულელი არ იყო.
* რომანების წერაც მოულოდნელად გადაწყვიტა. ერთხელ უფროსმა დამ უთხრა, არაფრის გაკეთება არ შეგიძლიაო, რამაც მომავალი მწერალი ძალზე გაანაწყენა და დეტექტივების წერისკენ უბიძგა – მტკიცედ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, დისთვის საპირისპირო დაემტკიცებინა…
* დამწყებ მწერალ აგათა კრისტის თავდაპირველად რედაქტორებიც ამრეზით უყურებდნენ და მოითხოვდნენ, უფრო გასაგებად ეწერა. კიდევ კარგი, ფარ-ხმალი არ დაყარა და არა მხოლოდ რედაქტორებამდე, კაცობრიობამდე თავისი წიგნების გენიალურობის მიტანა შეძლო. დისლექსიის მიუხედავად, აგათა 80-ზე მეტი რომანის ავტორია. მეტიც, მსოფლიოს აგათას დაბადებიდან 125 წლის შემდეგაც კი არ შეუცვლია უდიდესი მწერლის მიმართ დამოკიდებულება – არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც გასული საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის 125 წლის იუბილეს წელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მთელ მსოფლიოში ამ თარიღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება დაიგეგმა – როგორც მოგახსენეთ, მსოფლიო მასშტაბის ლიტერატურულ მოვლენაში საქართველო და გამომცემლობა “პალიტრა L”-ც ჩაერთო.
* როგორც ქალს, საკმაოდ დატვირთული პირადი ცხოვრება ჰქონდა – სასიამოვნო და უსიამოვნო ამბებით. საყვარელმა ქმარმა ძალიან ატკინა გული. მისი საყვარელი მამაკაცი, არჩიბალდი სულაც არ აღმოჩნდა ერთგული ქმარი და აგათას სხვა ქალთან უღალატა. ამ ამბავს კიდევ რამდენიმე უსიამოვნება დაემთხვა – აგათას დედა გარდაიცვალა, ძმა ნარკომანი გახდა, გამომცემლებმა მისი მორიგი რომანი დაიწუნეს და ამდენ ტრავმას ვეღარ გაუძლო – უბრალოდ წავიდა. ისე გაუჩინარდა, მის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ეს ნამდვილი დეტექტიური
ამბავი აღმოჩნდა. კარგა ხანს ეძებდნენ და ვერსად პოულობდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ სულ სხვა სახელითა და გვარით გამოჩნდა პატარა ქალაქში, ოღონდ მეხსიერება მკვეთრად ჰქონდა გაუარესებული – ბუნდოვნად ახსოვდა ქმარი, ვერ იხსენებდა შვილის სახელს, მკვიდრი და კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იცნო. ბევრი ბიოგრაფი ფიქრობს, რომ ეს გაუჩინარება განგებ გაითამაშა, ქმარზე შურის საძიებლად.
* მოგვიანებით აგათა მეორედ გათხოვდა – თავისზე 15 წლით უმცროს მამაკაცზე, არქეოლოგზე. ამაზე ბევრს ხუმრობდა. ერთხელ ჰკითხეს, რატომ აირჩია ქმრად არქეოლოგი და არა, ვთქვათ, ფიზიკოსი ან დიპლომატი: უბრალოდ, მომავალზე ვიფიქრე. რაც უფრო დაბერდება ცოლი, მით მეტად საინტერესო ხომ იქნება არქეოლოგისთვის?! ასე რომ, არქეოლოგი ქმარი ისეთი ქმარია, როგორზეც ნებისმიერი ქალი იოცნებებს…”
აგათა შვილიშვილთან ერთად
* * *
აგათა კრისტის ბევრი ცნობილი გამონათქვამი ეკუთვნის, რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
• თავისუფლება ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლო.
• ილუზია, თითქოს ქალს ნებისმიერი არამზადის კეთილშობილ რაინდად გადაქცევა შეუძლია, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალური ილუზიაა ყოველთვის.
• მსხვერპლი უფრო მეტად მაინტერესებს, ვიდრე დამნაშავე.
• მე მაქვს უნარი, ცხოვრება მივიღო ისეთი, როგორიც არის. არ ჩავვარდე ისტერიკაში და კიდევ ერთი სასარგებლო ჩვევა – ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ ადგილას შემიძლია დაძინება.
• ყველაფერი, რისი თამაშიც მიყვარდა ბავშვობაში, მთელი ცხოვრება ჩემს საყვარელ საქმიანობად დარჩა. მაგალითად, სახლობანა.
• ყველაზე დიდი ბედნიერება, რომელიც შეიძლება შეგხვდეს ცხოვრებაში, ბედნიერი ბავშვობაა.
• ადამიანის შემოქმედებითი ფიქრების განვითარებას ყველაზე უკეთ ჭურჭლის რეცხვა უწყობს ხელს.
• თუ მამაკაცს რაიმე საწყენი უთხარით, ნუ იღელვებთ ამის გამო. მამაკაცები მეტისმეტად თვითკმაყოფილები არიან, არც კი სჯერათ, რომ თქვენ სერიოზულად ამბობთ, თუ ისეთ რამეს იტყვით, რაც მათ არ მოსწონთ.
• თუ არ შეგიძლიათ თქვენი ქმრის ცხოვრების წესის მიღება, დაივიწყეთ ეს საქმე – ასეთ მამაკაცზე ნურც გათხოვდებით.
წყარო: http://www.ambebi.ge