10 დეკემბერი ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეა

ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი ალფრედ ნობელი 1896 წელს, იტალიაში გარდაიცვალა.
იგი იყო, ასევე, ბოფორსის მეპატრონე და შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან გარდაქმნა.
ალფრედ ბერნჰარდ ნობელი 1833 წლის 21 ოქტომბერს, სტოკჰოლმში დაიბადა.
ნობელმა “დინამიტი” 1868 წელს გამოიგონა, რასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია: საცდელ ლაბორატორიაში მომხდარმა აფეთქებამ შეიწირა ალფრედის უმცროსი ძმა.
ნობელს სიცოცხლეში ხშირად საყვედურობდნენ, რომ უზარმაზარი სიმდიდრე ადამიანებისათვის სიკვდილის მომტანი იარაღის – “დინამიტის” გამოგონებითა და მისი წარმოებით დააგროვა.
ნობელი კი, მათ პასუხობდა: “მე პაციფისტი ვარ. ადამიანები უძლიერესი გამანადგურებელი იარაღით აღვჭურვე, რათა დარწმუნდნენ, რომ დაპირისპირებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ომის შემთხვევაში ორივე მხარე განადგურდება”.12319603_437997206395670_701593621_n
თუმცა, ფაქტია, რომ ადამიანებმა უამრავი მცირე და ორი მსოფლიო ომი გააჩაღეს, რამაც ასეულობით მილიონი სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ, ნობელს “სისხლიან მილიონერს” და “ფეთქებადი სიკვდილით” მოვაჭრეს” უწოდებდნენ.
იგი მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის ავტორი და 355 პატენტის მფლობელი იყო, თუმცა სახელი გაითქვა, როგორც დინამიტის გამომგონებელმა. ერთმა სერიოზულმა უზუსტობამ კი მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. კერძოდ, 1888 წელს ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში შეცდომით გამოქვეყნდა ცნობა ალფრედ ნობელის გარდაცვალების შესახებ. ნეკროლოგში მას დინამიტის გამოგონებისთვის კიცხავდნენ და აუგად მოიხსენიებდნენ. მეცნიერმა გადაწყვიტა, შთამომავლობისთვის სხვაგვარად დაემახსოვრებინა თავი და 1895 წლის 27 ნოემბერს პარიზის შვედურ-ნორვეგიულ კლუბში ხელი მოაწერა ანდერძს, რომელიც ნობელის პრემიის დაარსებასა და პრემიის ფონდისათვის საკუთარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას ითვალისწინებდა.
ნობელის პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად, კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.11012562_437997566395634_4573430578760973646_n
ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი).

ანდერძის შესაბამისად, ნობელის პრემიის მინიჭების უფლება აქვს სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას (ფიზიკისა და ქიმიის დარგში, მემორიალური პრემია ეკონომიკის დარგში – 1968), კაროლინის სამეფო სამედიცინო – ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) და შვეციის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში), ნორვეგიაში ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისათვის ანიჭებს ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი.
ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს და მხოლოდ ერთხელ (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად მ. სკლოდოვსკი-კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ორჯერ – 1903 და 1911).
ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა და ოსლოში ყოველი წლის 10 დეკემბერს – ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც ნობელის დღედაა გამოცხადებული. ნობელის პრემიის მინიჭება დაიწყო 1901 წელს.

კომენტარები

სხვა სიახლეები