“ხვალ” დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი მეგობარი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს” – მამა პეტრე

ჩემი აწგარდაცვლილი მეგობარი გამახსენდა. მოკრძალებული და თავაზიანი იყო. შეუმჩნევლად ცხოვრობდა. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, მაგრამ ძალიან ღრმა და დაფიქრებული. იშვიათად მოგიკითხავდა. დღესასწაულებს ყველაზე ბოლოს მოგილოცავდა, გვიანიაო იტყოდა, მადლობის გადახდასაც არ დაგაცდიდა, ისე გარბოდა.
ჩემზე ხუთი წლით იყო უმცროსი. საოცარი თვისებები ჰქონდა, დუმილი ყველაზე მეტად უხდებოდა. მისგან სიჩუმეს ვსწავლობდი. სულ მინდოდა ჩუმად მეთქვა მისთვის მადლობა, ბოდიში, მიყვარხარ, გაფასებ, მჭირდები, მაგრამ საჭირო დროს ვეძებდი.
ბოლოს პეტრე-პავლობა მომილოცა, ხატიც მომართვა და თავდახრილი დამშორდა. გავეკიდე, მაგრამ მადლიერების გამოხატვაც მეუხერხულა.
ხატს დავხედე, მზე და სინათლე ვუსურვე, ვიფიქრე, ხვალ მაინც ვნახავ და გულში მაგრად ჩავიკრავ მეთქი.
“ხვალ” დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი მეგობარი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით გული გაუსკდა. ვინ იცის თავის დუმილში რამდენ ტკივილს იტევდა. ბოლოს ვერ გაუძლო და…
მან მიმაჩვია საფლავებზე შუაღამე ბოდიალს. გაქრა შიში. მიცვალებულთა ქალაქში, როცა მარტო ხარ ცრემლს მეტ თავისუფლებას ანიჭებ და გარდაცვლილ მეგობარზე მეტად საკუთარ უძლურებას დასტირი.
ნუ დავიცდით, როდის დადგება “ხვალ”, დღეს დავაფასოთ ერთმანეთი…

კომენტარები

სხვა სიახლეები