სკამზე გადაკიდებული, წინა ღამით მომზადებული სასწრაფოს ფორმა სწრაფად ჩავიცვი და სამსახურისკენ გავეშურე. მზიანი, ნათელი და თბილი ამინდი კიდევ უფრო დადებითს ხდიდა ჩემს განწყობას. სამსახურში მისვლის ფურცელს ხელი მოვაწერე, წამლების ყუთი და მანქანა „გადავიბარე” და პირველ გამოძახებაზე გავედით!
მანქანის დაძვრისთანავე, როგორც წესი, პირჯვარი გადავიწერეთ და მშვიდობიანი მორიგეობა ვუსურვეთ ერთმანეთს. ნონა (დევდარიანი) ექიმთან ერთად მუშაობა მთელი სიამოვნებაა. მძღოლად უთბილესი და ძალიან მხიარული ადამიანი სურენა გვყავდა. დღე ჩვეულებრივად მიდიოდა. საღამოს 9 – ის ნახევარზე ფილიალში ყავის დასალევად შევედით. სამზარეულოს ფანჯრიდან წითელი ცა დავინახე. უცნაურად ლამაზი იყო. ფოტო, რა თქმა უნდა, გადავიღე და – ხვალ ქარი იქნება-მეთქი, ვთქვი თავდაჯერებულმა. „წითელ ცას ქარი მოსდევსო” – ბავშვობაში მქონდა გაგონილი. საღამოს ათ საათზე სხვანაირი წვიმა დაიწყო. „ბარაქიანი” წვიმა. დიდი და რაღაცნაირი. მძღოლმა მანქანა სადარბაზოსთან ახლოს მიიყვანა, მაგრამ მე და ნონა ექიმი მაინც ძალიან დავსველდით. სულმთლად გალუმპულები შევედით გამოძახებაზე. სკამიც არ მოგვაწოდეს. (პირსახოცზე და სალფეთქზე საუბარი ხომ ზედმეტი იყო). ერთადერთი და იმედი მაქვს, უკანასკნელი პაციენტი იყო, რომლის მიმართაც უარყოფითი განცდა დამეუფლა, რადგან არც მედიკამენტოზური და არც ფსიქოლოგიური დახმარება არ სჭირდებოდა ამ მამაკაცს . აი, ისეთი იყო – „112-ის 50 თეთრს ყოველ თვე ვიხდი და ზუსტადაც მომემსახურეთ, მეკუთვნისო!”. ამ დროს კი ვიღაცის სიცოცხლე ბეწვზე კიდია. ამ მისამართის შემდეგ თამარაშვილზე ვიდეო გადავიღე, თუ როგორი თავსხმა იყო გარეთ და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რა უაზროდ(!) იძახებდა ასეთ ამინდში სასწრაფოს. არადა, ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ მსგავსი საწუწუნო და უარყოფითი ტექსტები არ მახასიათებს. გამომეხმაურნენ სახლში ტკბილად მოკალათებული კლავიატურის „არამკითხე მოამბეები” და გამაკრიტიკეს … მაშინ ჩემი თავის შემრცხვა -ეს რამ დამაწერინა-თქო და „პოსტი” წავშალე.
შემდეგი მისამართი კეკელიძეზე მოგვცეს. სადარბაზოს კარი რომ გავაღეთ და შევედით, მუხლებამდე წყალში აღმოვჩნდით, სწრაფად ავირბინეთ კიბეები. ძალიან მძიმე პაციენტი დაგვხვდა ბრონქული ასთმით. ამ შემთხვევაში არც ჩემი სველი ტანისამოსი და არც სულ მთლად გალუმპული თავი არ მადარდებდა! შესაძლოა, პათეტიკურადაც ჟღერს, მაგრამ ჩემთვის პაციენტის გადარჩენა იყო მთავარი! ცხრაჯერ რომ გამოეძახა სასწრაფო დახმარება, ცხრაჯერვე არ დამეზარებოდა თუნდაც კისრამდე წყლის გატოპვა. საქმე სიცოცხლის გადარჩენასთან გვქონდა. უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
„იქნებ ხუთი წუთით ფილიალში შესვლა მოვახერხოთ. ორი მაისური მაქვს და გამოვიცვალოთ“ -მეთქი, ვთხოვე ნონა ექიმს. დისპეჩერის ნებართვის შემდეგ ფილიალისკენ დავიძარით…
უკვე თორმეტი სრულდებოდა, ვერეს ხეობის მიმართულებით ( სწორედ აქ მდებარეობს ჩვენი სამსახური) რომ დავიძარით. ფილიალიდან რამოდენიმე მეტრის დაშორებით ჩვენს ექიმებს ვხედავ, რომლებიც თავსხმა წვიმაში დგანან და ვერეს მდინარეს გადაჰყურებენ. „გააჩერე, „უეჭველი” მანქანა გადავარდა. აბა, ასეთ წვიმაში აქ რატომ დადგებოდნენ-მეთქი, შევძახე კოლეგებს, მანქანიდან ჩავხტი და ნიკუშას, ნათიას და ეკა ექიმს მივუახლოვდი.
„რა ხდება?” – კითხვა და მდგომარეობის შეფასება ერთდროულად მოხდა. რამოდენიმე წამიც და მდინარე გადმოსვლას დაიწყებდა. ხეების მტვრევის ხმაში და წყლის უზარმაზარ ხმაურში ერთმანეთის აღარ გვესმოდა. რეალურად ვერ შევაფასე მდგომარეობა, ამ ყველაფერს იუმორით შევხედე და ექიმებს ფილიალის სახურავზე ასვლისკენ მოვუწოდე – იქ არ ამოვა წყალი-მეთქი… ამ ყველაფერს არასერიოზულად აღვიქვამდი. არ ვიცი, რა დამემართა,მაგრამ ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა და ვერ ვაანალიზებდი. შემოსაზღვრულ ჯებირს გადავაბიჯეთ და მდინარისკენ დავიძარით. მე და ნათია ექიმმა ფოტოების გადაღება დავიწყეთ.
„ხატი, სწრაფად! ხუთი წუთი გვაქვს!” – დამიძახა ნონა ექიმმა.
„მიწა არ ჩამოიშალოს… საშიშია! წამო!” – მეუბნებოდა ნათია.
„წყალი გადმოსვლას იწყებს“ – იყვირა ნიკუშამ. მე ფილიალში ავირბინე, დინჯად გამოვიცვალე . დაბლა ჩასულმა ფანარი ჩავანათე მდინარეს (რომელიც, არც კი ვიცოდი, თუ ასე ახლოს მდებარეობდა ჩვენს სამსახურთან) და… თვალები გამიფართოვდა და სუნთქვა შემეკრა… ტელევიზორი, საწოლი, კარადა, გაზქურა, “გარაჟი”, მანქანა… წყალს მოჰქონდა ეს ყველაფერი! ავტოსადგომიდან ნახევრად გამოსული ავტომობილი ამოყირავებულ მდგომარეობაში მოჰქონდა წყალს. მიწამ შლა დაიწყო!
ყველაფერი ჩვენს ჯებირთან მოგროვდა. წყალი სწრაფად იწევდა ზევით. ვყვიროდით და უკვე პანიკურად ვიქნევდით ხელებს. სხვადასხვა ნივთების სახელებს ვიძახდით , რომლებსაც წყალში ვხედავდით.
„მიიიიიიშველეთ!” – ისმის განწირული ხმა – „მიიიიიშველეთ!” „გადმოხტი“ – კორპუსის აივნიდან უყვიროდა ვიღაც. კაცის ხმა იყო. სიმართლე გითხრათ, შემდეგი თანმიმდევრობა, რა და როგორ მოხდა – ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს კადრები. სახლი, რომელიც, როგორც ნავი, ისე მოჰქონდა წყალს. მესმოდა სახლში მყოფი მამაკაცის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა და ძალიან დიდი მსხვრევის ხმა. სულ რამდენიმე წამში სახლი ჯებირს შემოასკდა და „ნაფლეთებად” დაიშალა. მახსოვს, ფეხებში როგორ მირტყამდა მიწა.
ფილიალთან მყოფი ჩვენი მანქანების გაყვანაზე დავიწყეთ ფიქრი წამიერად. ჩემს მანქანას რომელიც ჯებირზე მყავდა გაჩერებული, ქვემოდან წყლის ძალა არყევდა .
„წამოდი, ნიკუშ… ეკა ექიმო, რამიშვილზე ავიდეთ, პოლიციასთან გავაჩეროთ მანქანები.ნინო ექიმიც ჩვენთან ერთად იყო. ნონა ექიმო, სურენ, რამიშვილზე დავტოვებ მანქანას და იქ მომაკითხეთ“ – გავძახე კოლეგა მეგობრებს და ჩავხტი მანქანაში, რომელიც ზევით ხტოდა. უკვე პანიკური სიტუაცია იყო შექმნილი.
გზაზე გამოსვლისას „ლექსუსის” მარკის ჯიპი და „x 5″-ის მარკის მანქანები მოდიოდნენ თამარაშვილის მხრიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. როგორც წესი, გავატარე ეს მანქანები და უკან მივყევი. გვირაბის ხიდის ქვეშ რომ გავძვერი, საცობი იყო. ზოოპარკის მხარეს და რამიშვილის ქუჩაზე ასასვლელი გზაც მანქანებით იყო ჩახერგილი. მანქანის უკანა ფარები ანათებდა. დანარჩენს ვერაფერს ვხედავდი.
„აქ როდის ავალ, მანამდე რომ გამოძახება მოვიდეს, რა ვქნა“ -გავიფიქრე და იმ წამს დამნაშავედაც ვიგრძენი თავი… არადა, უკან მიბრუნებაც აღარ შემეძლო.ამასობაში მანქანებიც ოდნავ დაიძრნენ. საბურავებს ფარავდა, იმხელა წყალი იყო გზაზე. მივგორავთ. წინ მდგომ მანქანებთან დისტანცია დაახლოებით ნახევარი მეტრი მქონდა. მე მესამე ზოლში ვიდექი. მარჯვნივ ორი მანქანა მედგა. უკან სარკეში გავიხედე – ნიკუშა, ნინო და ეკა ექიმი აგვიანებენ წამოსვლას და კიდევ კარგი რომ რამოდენიმე წუთით ფილიალთან შეყოვდნენ. მარცხენა მხრიდან წამოვიდა, ალბათ, სამ სართულიანი სახლის „სიმაღლე” წყალი. ამ ადგილას მდინარე ვერე კალაპოტს იცვლის და გზის მეორე მხარეს გამოდის. როგორც ჩანს, ერთიანად გამოხეთქა გვირაბიდან წყალმა და არც მეტი, არც ნაკლები – ჩემი მანქანის კაპოტის წინ „ჩაიარა”. „ჩაიარა” – თქო, ვამბობ, თორემ „ჩავლა” ნამდვილად არ იყო ეს! მარცხენა მხრიდან დაარტყა წყლის ნაკადმა ჩემს წინ მდგომ ავტომობილებს… უკანა ფარების მოძრაობით მივხვდი, რომ ჩემს წინ მდგომი მანქანები „კაპოტზე” დავარდნენ, მერე ატივტივდნენ და გმირთა მოედნისკენ მტვერსასრუტივით შეისრუტა აღელვებულმა ვერემ… წინ ყველაფერი დაიფარა. გვერდზე მდგომ მანქანებს ვუყვირი, ვანიშნებ – უკან წავიდით დროზე – მეთქი, მაგრამ… დღემდე ვერ ვხვდები, რატომ, მაგრამ ჩემს გვერდით მდგომი მანქანა წინ დაიძრა და წყალმა წაიღო ისიც… ალბათ, აერია რაღაც… მესამე მანქანა აღარ მახსოვს. უკუსვლით წამოვედი. მოვუხვიე. მახსოვს, განათების ბოძს ვეჯახებოდი და მილიმეტრებში დავამუხრუჭე, თუმცა იმ მომენტში უკვე სულერთი იყო ყველაფერი! მახსოვს, სავარძელზე არ ვიჯექი, ისე მომყავდა მანქანა… მახსოვს, გზად მომავალი რამოდენიმე მანქანის მძღოლი ფარებითა და სიგნალით მანიშნებდა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით რომ მივდიოდი 270 კმ/სთ სიჩქარით… „მივდიოდი” არ ერქვა ამ სვლას, რა თქმა უნდა… ნახევრად ფანჯარაში ვიყავი „გახიდული” და ხელების ქნევითა და ყვირილით ვემუდარებოდი გზად შემხვედრებს – უკან წადით, უკან, ქვევით ყველაფერი წყლით დაიფარა – მეთქი. თამარაშვილზე რომ გავედი, პატრული გზის გადაკეტვას იწყებდა. მახსოვს, დედასთან დავრეკე.
„დეეეეედაააა, ცოცხალი ვარ, დედააა“ – ვყვირი… კაი რა, ხატი, ნუ მაიმუნობ! – ახალგამოღვიძებულს ეგონა, ვხუმრობდი.
„დედა, ადამიანები დაიხოცნენ, წყალდიდობაა, დედა, წყალმა მანქანები და სახლები წაიღო. ადამიანები დაიხოცნენ, დედა! – ვყვიროდი, ვინ იცის, რამდენ ხანს. დედაჩემის ხმა გაწყდა. ტელეფონი დამიჯდა...
გონს რომ მოვედი, „ვაჟა-ფშაველაზე” ვიყავი. „რუსთავი 2″-ის ძველი შენობის სიახლოვეს, პოლიკლინიკის წინ. მანქანიდან გადმოსული ბორდიურზე ვიჯექი და ვკანკალებდი. მანქანის კარი ღია იყო, მანქანა კი დაქოქილი. მე გამოვიქეცი, ნონა ექიმი მარტო დავტოვე. თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი. ნოდარ დუმბაძე გამახსენდა. „მე ვხედავ მზეს”… სოსოიას მამიდის დეზერტირი დათიკო ბრიგადირი. ქუჩაში არავინ მოძრაობდა. უცებ ქოლგიანი ბიჭი დავინახე, რომელიც კეკლუცად ახტებოდა წყლის გუბეებს და ტაქსის გაჩერებას ლამობდა. ავდექი და ბიჭისკენ დავიძარი. ამათვალიერ – ჩამათვალიერა და უცებ მეკითხება – ვაიმეე, ვინ ალისსს ცუუუდააად?
ახლა უკვე მე ავათავლიერ – ჩავათვალიერე…
_ „დამარეკინე, გთხოვ!”
_ „დალეეეკე, ხოოო”. ტუჩები კიდე უფრო დაპრუწა.
– ალო, ნონა ექიმო მე ვარ!
– ხატიაააა სად ხარ? ძალიან გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება ნონა ექიმს რადგან არ იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ არა.
– მე კარგად ვარ.
„ხატია, ფეხი არ მოიცვალო, მანდ იყავი. 17-13 სასწრაფოს მანქანა, ლექსოს მანქანა და გიას მანქანა წყალმა წაიღო. ფილიალი წყლით დაიფარა. ჩვენ ზევით ვდგავართ. მანდ იყავი თუ უსაფრთხოდ ხარ და მალე მოგაკითხავთ. მარინამ დამირეკა და ვუთხარი, რომ ჩემთან ერთად ხარ” – მეუბნება ნონა ექიმი ….
და ასე გაიწელა ორიოდე საათიც…
მერე მთელმა ქვეყანამ იცის, როგორც დატრიალდა ყველაფერი…
15 დღეში – 13 ივნისია!
P.S. იმ ადგილას, მანქანასთან, გუბეში, ნაწვიმარ-ნატირალში – პატარა სათამაშო ბეკეკა ვიპოვნე…
29.05.2016
წყარო: http://www.reportiori.ge