4 წლის გიორგის სჯერა, რომ დედას სძინავს და მალე გაიღვიძებს.
ექიმების დასკვნით, ამ ორთვიანი „ძილის“ მიზეზი თავის ტვინის ინფარქტია.
გიორგისგან განსხვავებით, მათ პასუხი არ აქვთ, როდის გაიღვიძებს 28 წლის ინგა ბალანჩივაძე.
„ბავშვი გათიშულ დედას ელაპარაკება, ლექსებს უკითხავს, კოცნის. ენატრება და ემუდარება მალე გაიღვიძოს,“ – ყვება ინგა ბალანჩივაძის მამიდა, მაია ზივზივაძე. სწორედ ის გაჰყვა პაციენტს ქუთაისში,ხონელიძის კლინიკაში 2018 წლის 10 მაისს.
„სასწრაფო ოპერაცია იმიტომ დაიგეგმა, რომ ინგას გარეორსულობა დაუდგინდა. გადავწყვიტეთ, ოპერაცია ხონელიძის კლინიკაში გაეკეთებინა, სადაც ექიმებმა გვითხრეს, რომ სულ რაღაც ნახევარსაათიანი ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო“.
პაციენტის სამედიცინო მდგომარეობის დასკვნაში მითითებულია, რომ ხონელიძის კლინიკაში ოპერაცია 11 მაისს ჩატარდა. ახლობლები ამბობენ, რომ ოთხი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, რა მდგომარეობაში იყო პაციენტი. ექიმებმა ოჯახის წევრებს ვითარება მხოლოდ განგაშის ატეხვის შემდეგ გააცნეს.
„არაფერზე გვპასუხობდნენ. უკვე ვხვდებოდით, რომ არ გვქონდა კარგად საქმე. ბოლოს, თავად ქირურმა, ჯანინა აბულაძემ გვითხრა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გოგოს სძინავს და მალე გაიღვიძებსო,“ – იხსენებენ ინგა ბალანჩივაძეს ოჯახის წევრები.
წარმატებულად შეფასებული ოპერაციის შემდეგ, პაციენტი, ოთხმოცდამეექვსე დღეა, კომატოზურ მდგომარეობაშია.
სწორედ ვითარების გართულების გამო, ხონელიძის კლინიკიდან ინგა ოპერაციის დღესვე ქუთაისის ინტერვნეციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. 14 მაისს კი პაციენტი ქუთაისიდან, რეანომობილით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში წაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ინგა 44 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იმავდროულად, მიმდინარეობდა პაციენტის მდგომარეობის კვლევა.
ინგა ბალანჩივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისში გაცემულ დასკვნაში ვკითხულობთ: თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრალური ვენების თრომბოზის გამო… სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ენდობრონქიტი)…
იგივე დიაგნოზი აქვს მითითებული დასკვნაში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცეტნრს: ტვინის ინფარქტი, სუნთქვის მწვავე უკმარისობით…
ოჯახის წევრებს ყველაზე მეტი კითხვა სწორედ სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან აქვთ. ოპერაციის დროს პაციენტს ჟანგბადი ნიღბის მეშვეობით მიეწოდებოდა და მათი აზრით, რომ არა მექანიკური ხარვეზი, ასეთი მძიმე შედეგი არ დადგებოდა.
„ინგა სრულიად ჯანმრთელი გოგო იყო. მისი მდგომარეობა ექიმებმა შეიწირეს. ეჭვი გვაქვს, რომ ანესთეზიის ქვეშ მყოფი, უყურადღებოდ დატოვეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს ინგას ვერ მიეწოდა საკმარისი ჟანგბადი. ალბათ, როცა ექიმები გამოფხიზლდნენ, უკვე გვიანი იყო,“ – ამბობს მაია ზივზივაძე.
რა მოხდა ხონელიძის კლინიკაში მიმდინარე წლის 10 მაისს და რამ გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები არ საუბრობენ. კომენტარს არც ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აკეთებენ.
ამასთავანე, ირკვევა, რომ ხონელიძის კლინიკას ადრომდე არ მიუწოდებია ოჯახისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა. ოჯახი დოკუმენტს კლინიკიდან ახლა ელოდება.
„გამოძიების დასრულებამდე არც კლინიკა, არც ქირურგი და არც ანესთეზიოლოგი კომენტარს არ გააკეთებენ,“ – ამბობს ხონელიძის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნესტან იაშვილი.
ამ დუმილს ბალანჩივაძეების ოჯახი ექიმების ბრალეულობით ხსნის. ისინი ამბობენ, რომ ინგას მდგომარეობის გაუარესება ექიმ-ანესთეზიოლოგის და ანესთეზიოლოგის ექთნების უყურადღებობის შედეგია.
იკვეთება თუ არა სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს. ბალანჩივაძეები იმედოვნებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანო საქმეზე ობიექტურ დასკვნას დადებს.
„ვფიქრობთ, რომ დასკვნას აგვიანდება. იქნებ ჩვენც გვიჭირს ლოდინი, მაგრამ ძალიან გამწარებულები ვართ. ინგასთან ერთად ვცხოვრობთ, ყველა რესურსი ამოვწურეთ და ბოლომდე ვიბრძვით. ჩვენი გოგო ფეხზე უნდა დავაყენოთ. ასევე უნდა დადგეს დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი ინგასნაირი ამბავი, რომ ხვალ სხვა გოგოსაც არ დაემართოს,“ – ამბობს მაია ზივზივაძე.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოჯახმა საჩივრით 21 ივნისს მიმართა.
„თავისი პროცედურები აქვს ამ ყველაფერს. ჩვენ არ გვაქვს დადგენილი ვადები. როგორც კი კლინიკაში შესვლის სასამართლო ნებართვა მივიღეთ, სპეციალისტები მივიდნენ და ყველა საჭირო ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია წამოიღეს. ისინი აუცილებლად დაადგენენ სიმართლეს და ეს ინფორმაცია იქნება მისაწვდომი ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის,“ – განგვიმარტეს რეგულირების სააგენტოში.
ინგას მკურნალობას ოჯახი სახლში აგრძელებს. კომაში მყოფ პაციენტს ყველაფერს უკეთებენ, რაც კი შესაძლებელია და სასწაულის მოლოდინში არიან. ძალიან უნდათ, რომ ამ ტრაგედიას 4 წლის გიორგისთვის ზღაპრული დასასრული ჰქონდეს.
წყარო: http://www.kutaisipost.ge