“ჩვენ არ გვცხელა, იმას უფრო სცხელა, ვინც შიშველ ტანს მიუშვერს მზეს”
“ჰიჯაბს რომ დაიხურავ, მერე და მერე ეჩვევი, მასში თავს უფრო კომფორტულად გრძნობ”
ბევრჯერ მიფიქრია ამ ქალებზე, თუ როგორები არიან ისინი, რა სწყინთ, რა უხარაიათ, რაზე ოცნებობენ, როგორ მიმდინარეობს მათი ცხოვრება ჰიჯაბებს მიღმა, ან საერთოდ, ვის უძღვნიან ისინი თავიანთ ცხოვრებას… სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა მათთან გასაუბრება, ბევრი მათგანი თავს იკავებდა ინტერვიუსგან, ბოლოს ვიპოვე ადამიანი, ვინც, შეძლებისდაგვარად, დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა, იმ პირობით, რომ მის სახელს არ გავამხელდი.
45 წლის ლელა პანკისის ხეობიდან არის, მისი ცხოვრება ჰიჯაბს მიღმა დიდი ხნის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გათხოვებამდე.
– ჩვენი ცხოვრება მარტო ქმრისთვის არის მიძღვნილი. იცით, ჰიჯაბი რას ნიშნავს? – ჰიჯაბს რომ ახურავ ქალს, თმის ღერიც არ უნდა უჩანდეს, არც სხეული, ხელების გარდა, – ეს არის პატიოსნება.
– რა ასაკში იმოსებიან ქალები ჰიჯაბით?
– რაც უფრო ადრე ჩაიცვამ, უკეთესია, იძულება გამორიცხულია, თავად უნდა ჰქონდეს ქალს ჰიჯაბის ჩაცმის სურვილი. სახლში, ქმრის წინაშე არ ვატარებთ ჰიჯაბს. არც მამის, ძმისა და მამამთილის წინაშე, დანარჩენი ყველა მამაკაცი უცხოა ჩვენთვის.
– მაზლიც უცხოა?
– მაზლიც, დეიდაშვილიც, მამიდაშვილიც და ბიძაშვილიც.
– როგორ ხდება ჰიჯაბიანი ქალის გათხოვება?
– მოდიან მთხოვნელები, თუ ორივე მხარეს მოეწონება ერთმანეთი, მერე იწყება მოლაპარაკება. მამაკაცის ასაკს იმდენად მნიშვნელობა არა აქვს, თუ კარგი სასიძოა – გაჰყვები. ჩვენთან გაპარვა არ შეიძლება.
– წესით, რამდენი ცოლის ყოლის უფლება აქვს თქვენს მეუღლეს?
– მრავალცოლიანობა ნებადართულია, შეიძლება კაცს ოთხი ცოლიც ჰყავდეს, ღმერთმა თუ არგუნა, მაგრამ აუცილებელი არ არის. მნიშვნელობა აქვს იმასაც, აქვს თუ არა კაცს ცოლების რჩენის საშუალება. ერთცოლიანობაც შეიძლება, – ჩემს მეუღლეს ერთი ცოლი ვყავარ. მამაჩემსაც ერთი ჰყავდა, ჩემს მამამთილს – ორი, სიძეებსაც თითო ჰყავთ.
– ერთ ოჯახში რამდენიმე მეუღლე როგორ ცხოვრობს?
– დებივით არიან, არა აქვთ შუღლი. შესაძლოა, მოუვიდეთ შელაპარაკება, თუმცა მცირე უთანხმოება ყველგან ხდება, სერიოზული არაფერი.
– როდესაც ქორწინების საკითხზე ოჯახებს შორის ხდება გარიგება, ქალი საქმროს პირველად ამ დროს ხვდება?
– მე, მაგალითად, ნანახი მყავდა ჩემი მეუღლე, დალაპარაკებულიც ვიყავი, მომეწონა და გავყევი.
– როგორ დაელაპარაკეთ?
– ჩემი მულის თანდასწრებით. პირისპირ დარჩენა არ შეიძლება, ვინმე უნდა გყავდეს ახლოს, შენიანი ან მისიანი.
– ერთმა პანკისელმა ქალმა მითხრა ერთ გოგოზე, ეგ იცი, რა ლამაზი გოგო იყო, მამამისი 18 ძროხად აფასებდაო.
– ჩემი სიძეც იტყვის ხოლმე ხუმრობით, ისეთი გოგო მყავს, 18 ძროხა უნდა გამოვართვა სასიძოსო. ადრე მართლა იყო ასეთი გარიგება, თუმცა ახლა აღარ ხდება.
– ახლა როგორ რიგდებიან?
– თუ შეთანხმებით გაჰყევი, 520 ლარია გოგოს ფასი, მერე ხდება გარიგება, ქორწილი, ხოლო თუ მოიტაცებენ, მაშინ 1.000 ლარზე მაღალია გოგოს საფასური. ამას ტრადიციულად ურბეთი ჰქვია.
– 520 ლარი, ამ თანხას რის მიხედვით განსაზღვრავენ?
– ეს 2 ცხვრის ფასია. ზოგი უფასოდაც ქორწინდება, უმეტესად კი ამ ადათს მივყვებით.
– ყველაზე დიდი სიხარული რა იყო
თქვენს ცხოვრებაში?
– რომელი ერთი ჩამოვთვალო… პირველი შვილის დაბადება!
– ყველაზე დიდი ტკივილი?..
– პირველი შვილის დაკარგვა. ერთ ღამეს შეუძლოდ გახდა, ექიმთან მიყვანაც ვერ მოვასწარით, გარდაიცვალა.
– რამდენი წლის იყო?
– 1 თვისა იყო და 5 თვისას ჰგავდა, ძალიან ლამაზი იყო. ამიტომ ეცა თვალიო, სოფლის ხნიერმა ქალებმა მითხრეს.
– როდესაც ოჯახში ბავშვი იბადება, სახელს ვინ არქმევს?
– ადრე უფროსები არქმევდნენ, მაგრამ ახლა დედ-მამასაც შეუძლია დაარქვას.
– გოგო რომ დაიბადება, არ უხარიათო, მართალია?…
– ჩემს გოგოს მეოთხე გოგო შეეძინა და სიძეს ისე უყვარდა, გაიძახოდა, 7 ვაჟი გამიჩინაო. როგორ გითხრათ, ეს ადამიანზეა დამოკიდებული. უმეტესობისთვის ვაჟის ყოლა აუცილებლობაა.
– ერთმა თქვენებურმა ქალმა მითხრა, თქვენი ვერ გამიგია, ქმრებთან ხალათით დადიხართ, გარეთ კი მორთულ-მოკაზმულებიო. ჩვენ, პირიქით, ქმრებისთვის ვიპრანჭებით, გარეთ კი შეუმჩნევლად დავდივართო. თქვენ რას მეტყვით?
– ჩემთვისაც უკითხავთ, არა გცხელათ ზაფხულში, ასე დახურული რომ დადიხართო? ჰიჯაბს რომ დაიხურავ, მერე და მერე ეჩვევი, მასში თავს უფრო კომფორტულად გრძნობ. ჩვენ არ გვცხელა, იმას უფრო სცხელა, ვინც შიშველ ტანს მიუშვერს მზეს.
– რაზე ოცნებობთ?
– საოცნებოც აღარაფერია, ძალიან კარგი მეუღლე მყავს, 3 შვილი, სამივე დაქორწინებული. საშუალოდ ვცხოვრობთ, მაგრამ ღმერთმა რაც მომცა, კმაყოფილი ვარ.
– თქვენმა ქმარმა ხვალ რომ მეორე ცოლი მოიყვანოს, რას იზამთ?
– მეწყინება, მაგრამ არ შევიმჩნევ. ღმერთმა თუ არგუნა, მე ვინა ვარ, რომ ვუთხრა, არ შეირთო-მეთქი. რას ვიზამთ, – ვიცხოვრებთ ერთად…
ჩემი მომდევნო რესპონდენტი საქმიანი ქალია. ტრადიციების დამცველი, პატივს მიაგებს წინაპართა ადათ-წესებს, შვილებსაც ასე ზრდის, თუმცა სულაც არ მიაჩნია საჭიროდ, რომ თავდაბურულმა იაროს. ქალბატონი თამილა გორნაკაშვილი ადვოკატი გახლავთ.
– მე თავს ვიბურავ მხოლოდ მაშინ, როდესაც სოფელში ჩავდივარ. ძირითადად, თბილისში ვცხოვრობ, ახმეტაში გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. განათლება თბილისში მივიღე. როდესაც სოფელში ვარ, თუ ვინმე უცხო არ შემოვიდა ეზოში, თავსაბურავს არ ვიხურავ. ვიფარებ იმიტომ, რომ პატივს ვცემ ჩემს ტრადიციებს. ჩემი ოჯახიც მუსლიმანური ცხოვრებით ცხოვრობს.
რაც შეეხება თავის დაბურვას, არ ვიცი, შესაძლოა, იმის გამო, რომ კომუნისტების დროს აღვიზარდე, სხვანაირად ვუყურებ ამ ყველაფერს. დიდ პატივს ვცემ დედამთილ-მამამთილს, მეუღლეს და ამიტომ, როდესაც ხეობაში ჩავდივარ, ყოველთვის თავსაბურავით ვარ. ჩემი მამამთილი თბილისში რომ ჩამოდიოდა, მაშინაც არ ვიფარავდი თავს. 27 წელიწადია გათხოვილი ვარ. როდესაც ვთხოვდებოდი, დედამთილმა მითხრა, მეუბნებიან, შენი რძალი თავზე არ დაიფარებსო, მე გაგებითა და პატივისცემით მოვეკიდე მის სურვილს და თავზე დავიფარე.
– ამბობენ, უკანასკნელ წლებში ჰიჯაბიანი ახალგაზრდები მომრავლდნენო.
– ბავშვებიც მომრავლდნენ, ჩვენდა საუბედუროდ, ბევრმა არც იცის, თავი რატომ აქვთ დაბურული. ეს მშობელმა უნდა აგიხსნას. კი, ვკითხულობთ ყურანს, მაგრამ ყველამ შეიძლება სხვადასხვანაირად გაიგოს. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მუსლიმანური რელიგია უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვა რელიგიები. ასე რომ იყოს, შესაძლოა, ამდენი ჰიჯაბიანიც არ ყოფილიყო ჩვენ შორის.
პანკისის ხეობაში ჩემდა გასაოცრად ძალიან ბევრი ჰიჯაბიანი ბავშვი ვნახე და ეს არ მომწონს. ბავშვი უნდა გაიზარდოს ბავშვურად, გარდატეხის ასაკი რომ მოუვა, მერე უნდა გააკეთოს არჩევანი, უნდა ასე სიარული თუ არა. ეს არ უნდა ხდებოდეს მშობლების დაძალებით. ჩემი შვილები ლოცულობენ კიდეც, მარხვასაც ინახავენ, ტრადიციებსაც პატივს მიაგებენ, თუმცა ჰიჯაბს ჩემს ოჯახში არავინ ატარებს.
ყველაზე მწვავე პრობლემა ხეობაში გაუნათლებლობაა.
სამივე ბიცოლა პედაგოგი იყო და როდესაც მათ თავსაფრით სიარული დაუშალეს სკოლაში, პაპაჩემმა კურთხევა მისცა რძლებს, გაკვეთილები თავდაუბურავად ჩაეტარებინათ, მიუხედავად იმისა, რომ პაპა ძალიან რელიგიური ადამიანი იყო და დუისის მეჩეთიც ჰქონდა აგებული.
მიმაჩნია, რომ ბავშვმა ცხოვრების აღქმა თავმობურული პედაგოგისგან არ უნდა დაიწყოს. თუ ჰიჯაბის ტარება გინდა და ამდენად რელიგიური ადამიანი ბრძანდები, მაშინ სახლში დაჯექი.
“კბილები არ უვარგოდა და ბებერიც იყო…”
“14 წელი 2 კვირის წინ შემისრულდა. ჩემებმა სასიძო იპოვეს, – კარგი კაცია, მდიდარიო. კბილები არ უვარგოდა მხოლოდ და ბებერიც იყო, მაგრამ მით უკეთესიო, დედაჩემმა. ესე იგი, ჩემს გოგონაში უფრო მეტ თანხას გადაიხდისო. ჩემთვის არაფერი უკითხავთ. უბრალოდ, ის მითხრეს, რომ ბაჯაღლო ოქროს საყურეს და სამაჯურებს მაჩუქებდა, ოჯახს კი 300 კილოგრამ ბრინჯს, 150 ლიტრ ზეთს, ერთ ძროხას, რამდენიმე ცხვარს და 600 დოლარს გადაუხდიდა. მშობლები მაშინვე დათანხმდნენ, მე კი სხვენში გავიქეცი და რამდენიმე დღე ვტიროდი” – ეს ავღანელი გოგოს მონოლოგი გახლავთ ნორვეგიელი ჟურნალისტის ოსნე საიეშტადის წიგნიდან “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე”. ოსნე საიეშტადი ომის ჟურნალისტია. მან ერთი თვე გაატარა ქაბულში.
შეიხა მოზამ სტერეოტიპი დაამსხვრია
კატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე ცოლს ნება მისცა არა მარტო ფარანჯა მოეხსნა, არამედ სახელმწიფო საქმეებშიც ჩარეულიყო. შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი – კატარის მესამე ემირის, შეიხ აჰმად ბენ კალიფა-ალ-ტანის სამ ცოლთაგან მეორე გახლავთ. ის 7 შვილის დედაა. მშობიარობებს არ შეუშლია ხელი იმაში, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მოზა 56 წლისაა, ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად მიაჩნიათ.
18 წლის იყო მოზა, როდესაც მომავალი პრინცი გაიცნო, თუმცა მის ცოლობას არ ჩქარობდა. ჯერ კატარის უნივერსიტეტში ჩააბარა (ფსიქოლოგიის ფაკულტეტი), დაამთავრა, სტაჟირება ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გაიარა და მხოლოდ ამის შედეგ გათხოვდა.
შეიხი ჰამადი 1995 წელს ჩაუდგა კატარს სათავეში. ახალმა ემირმა მსოფლიოს თავისი მეორე ცოლი – ლამაზი და განათლებული მოზა გააცნო.
შეიხა მოზამ ისლამური ეტიკეტით გათვალისწინებული უამრავი სტერეოტიპი დაამსხვრია. ის აქტიური სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობითაა დაკავებული, ჩართულია თავისი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად, არის იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი, ხელმძღვანელობს კატარის საგანმანათლებლო, არაბული დემოკრატიის ფონდებს და ბევრი საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და განათლების მიმართულების პროექტის ავტორია. რაც ყველაზე საინტერესოა, შეიხა მოზამ მსოფლიოში სახელი საკუთარი სტილით, მოდურობითა და გამბედაობით გაითქვა. მის გარდერობში არაერთი ცნობილი დიზაინერის სამოსს იხილავთ. მოზა ატარებს შარვალს, გამოყვანილ კაბებს, ჯინსებს. შეიხა მოზა სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე. მოზა, თანამემამულე ქალებისგან განსხვავებით, მხოლოდ თავსახვევს ატარებს.
წყარო:http://www.kvirispalitra.ge