ადამიანების ცხოვრებაში ქორწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ზოგიერთისთვის კი ქორწინება ჩვევად იქცევა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მრავალჯერ ქმნის ოჯახს.
გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე მეტი – 23 ოფიციალური ქორწინება ინდიანელ ლინდა ესექსს ეკუთვნის. ქალი, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა და მას შემდეგ გათხოვება ჩვევად ექცა.
„სერიულმა პატარძალმა“ აღიარა, რომ გათხოვებაში მხოლოდ „ქორწინების რომანტიკა“ ხიბლავს.
ლინდას ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება 7 წელს გაგრძელდა, ყველაზე ხანმოკლემ კი მხოლოდ 36 საათს გასტანა.
რომანტიკის მოყვარული ქალბატონის 23 ქმარს შორის იყვნენ: ორი უსახლკარო, ორი ჰომოსექსუალი, ერთი კრიმინალი და რამდენიმე სადისტი, თუმცა, ერთ-ერთი – ჯერ გურლი ყველასგან გამორჩეული იყო – ქალი მასზე სამჯერ დაქორწინდა.
ლინდას უკანასკნელი ქორწინება ბაპტისტ მღვდელზე გლინ ვულფზე ფიქციური იყო, მაგრამ სიძე-პატარძლისთვის ეს პრინციპის საქმე გახლდათ. მღვდლისთვის ეს 29-ე ქორწინება იყო, ლინდასთვის კი 23-ე და ქორწინებების რაოდენობით ორივე ქალებსა და მამაკაცებს შორის რეკორდსმენი გახდა.
ბაპტისტი მღვდლის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება 11 წელს გაგრძელდა, ყველაზე ხანმოკლე კი – მხოლოდ 19 დღეს. ლინდასთან შეუღლებიდან ერთი წლის შემდეგ, 89 წლის ვულფი გარდაიცვალა, ლინდამ კი ცხოვრებაში პირველად გამოსცადა მარტოობა. მას შემდეგ ის აღარასოდეს გათხოვილა.
მალაიზიელი კამარუდინ მოჰამედი 72 წლის ასაკში ორმოცდამეცამეტედ დაქორწინდა.
ბედის ირონიით, მისი უკანასკნელი ცოლი პირველი ცოლი გახდა, რომელთანაც 50 წლის წინათ მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა. ათობით ქორწინების მიუხედავად, მოჰამედი თავს მექალთანედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მთელი ცხოვრება თავის ნამდვილ მეორე ნახევარს ეძებდა. მისი თქმით, შესაძლოა, უფრო ადრე შეჩერებულიყო, რომ არა მისი 52-ე ცოლის სიკვდილი, რომელთანაც 20 წელი გაატარა. ცნობისთვის, მოჰამედის ყველაზე ხანმოკლე ქორწინება მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდა. კამარუდინ მოჰამედი ოფიციალურად დარეგისტრირებული ქორწინებების რეკორდსმენად ითვლება.
გინესის რეკორდების წიგნის „სერიულ მექორწინეებად“ იქცნენ ამერიკელები დევიდ და ლორენ ბლეირები.მათ ქორწინების 30 წლის მანძილზე, საქორწინო ცერემონია პლანეტის სხვადასხვა ადგილზე 100-ჯერ გაიმეორეს. წყვილს ქორწინების საყვარელი თარიღებიც აქვს: 14 თებერვალი, 29 თებერვალი და პირველი იანვარი.
ყველაზე ხანმოკლე, 90-წუთიანი ქორწინება ამერიკაში დაფიქსირდა: 23 წლის სკოტ მაკ-კიმ და 40 წლის ვიქტორია ანდერსონმა ჩხუბი ქორწინების ცერემონიალზე მოასწრეს და იქვე, ადგილიდან გაუსვლელად შეიტანეს განცხადება განქორწინებაზე.
გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე ხანგრძლივ ქორწინებად ქარამ და ქატარ ჩანდების 87-წლიანი კავშირი მიიჩნევა. წყვილი თავიდან ინდოეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. რეკორდის დაფიქსირების დროისთვის ქარამი 107 წლის იყო. როცა მას ჰკითხეს, რაში მდგომარეობს ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, მან უპასუხა: „მე ყოველთვის ვცდილობდი ქატარი გამემხიარულებინა. მიყვარს, როცა მას ანეკდოტებს ვუყვები და მის სახეზე ღიმილს ვხედავ. ჩემთვის მხიარულება ყველაზე დიდი რომანტიკაა“.
ფიქციური ქორწინებების რეკორდული რაოდენობა დააგროვა იტალიელმა ჯოვანი ვილიოტომ (იგივე ფრედ ჯიპი, იგივე ნიკოლაი პერუსკოვი). ამ ალფონსმა 1949 წლიდან 1981 წლამდე 104-ჯერ დაქორწინება მოასწრო. ყველა შემთხვევაში ახლად შერთული მეუღლე პირწმინდად გაძარცვა და გაქრა. ქორწინებების რეგისტრაციისთვის ვილიოტო სხვადასხვა ადამიანის სახელზე გაცემულ ყალბ დოკუმენტებს იყენებდა, თუმცა ბოლოს მახეში გაება. 1983 წელს თაღლითი დააპატიმრეს და 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.