“ჩემთან ერთად 5-6 კაცი, მანქანები და მარშუტკები მოჰქონდა წყალს…” – კაცი, რომელიც 3 საათის განმავლობაში სტიქიას მტკვარში ებრძოდა

შოთა თედორაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სტიქიის ღამეს დაიკარგა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა და სახლში დაბრუნდა. შოთა თედორაძე სტიქიის ღამეს AMBEBI.GE-სთან იხსენებს.

– სად იმყოფებოდით სტიქიის დროს?
– ისანში ვიყავი, ვქეიფობდით რესტორანში. სახლში ვბრუნდებოდი. სანამ გმირთა მოედანზე ახვალ, “ლაგუნა-ვერესთან” მოვარდა წყალი, გადაადგილება აღარ შეიძლებოდა. მე და ტაქსის მძღოლი გადმოვედით მანქანიდან და ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიას შევაფარეთ თავი. წყალი დიდდებოდა და დიდდებოდა. ბენზინის ავზებიც დააზიანა, ვიფიქრე, ცეცხლი არ გაჩნდეს-თქო და ტყის მხარეს გადავედი. ვიფიქრე ლაგუნა ვერეს მხარეს გადასვლა, იქ ჩავვარდი და წყალმა წამიღო. რაღაცას მოვეჭიდე, სამი საათი მათრევდა წყალი. პანიკა იყო, ჩემთან ერთად 5-6 კაცი მოჰქონდა წყალს, მანქანები, მარშუტკები.

პოლიცია და მაშველები იქ იყვნენ, ხალხს დახმარებას სთავაზობდნენ, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ ადიდებულ წყალში. მეუბნებოდნენ, მათ დავმორჩილებოდი, მაგრამ იმ მომენტში არაფერზე ვფიქრობდი. ვცდილობდი, რამენაირად თავად გადამერჩინა თავი, მარჯანიშვილის ხიდთან ამოვედი და ჩემით წავედი სახლში.

ტყეში რა ხდებოდა?
– ტყეში, მგონი, რაღაც სასტუმროა, იქედან გამორბოდნენ ქალები, ტიროდნენ ბავშვები. ბევრი ხალხი აფარებდა ტყეს თავს. შოკში ვიყავი, კარგად არც მახსოვს რა ხდებოდა. როცა ტელევიზორი ჩავრთე, მაშინ გავიაზრე, რა მოხდა და რა გამოვიარე.

– მიიღეთ დაზიანებები?
– მძიმე დაზიანებები არ მაქვს. მსუბუქი ნაკაწრებია.

– გეშინოდათ? იფიქრებდით, რომ მოახერხებდით გადარჩენას?
– რესტორნიდან მოვდიოდი. ნასვამი რომ არ ვყოფილიყავი, უფრო დავიბნეოდი. შემეშინდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და გადავრჩი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გადავრჩებოდი და ღვთის წყალობით გამიმართლა.

– ტაქსის მძღოლს რა ბედი ეწია?
– არ ვიცი. ბოლოს მაღაზიაში დავტოვე. ბენზინი რომ დაიღვარა, შემეშინდა არ აალებულიყო და ტყისკენ წავედი.

წყარო: www.ambebi.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები