”ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოები გამომიქვეყნა…”

საინტერესოა, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც საქართველოში სოციალური ქსელი არ არსებობდა, რადგან დღეს ოჯახების დაშორებაში ერთ-ერთი სერიოზული როლი ინ-ტერნეტსივრცესაც ეკუთვნის. შესაძლოა, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ყოფილ ქმარსაც შერიგებოდა, რომ არა ”ფეისბუქი”, რის გამოცლალის ოჯახი დაენგრა.

– 28 წლის ვარ და ექვსი წელი გავატარე ჩემი ქმრის ოჯახში. სოსო ძალიან მიყვარდა, ცოლად როცა გავყევი. ხუთი წელი ბედნიერად ვცხოვრობდით, ტყუპ გოგონას ვზრდიდით და მართალია, დედამთილ-მამამთილთან ცხოვრებაზე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ ბავშვების მოვლა მიჭირდა და სხვა გზა არ მქონდა.

– მუშაობდი?
– დიახ, ახლაც ერთ-ერთ ბანკში საკმაოდ კარგ პოზიციაზე ვმუშაობ. ბავშვების დაბადებიდან ერთ თვეში სამსახურში გავედი, ამას დღემდე აფასებს ჩემი უფროსი და სულ მაგალითად მოვყავარ. სოსოც მუშაობდა. მატერიალურად მასზე გაცილებით მყარად ვიყავი, მაგრამ ფული ჩემთვის არასოდეს უთხოვია და ამის გამო სულ პატივს ვცემდი.

– ურთიერთობა როდის დაგეძაბათ?
– დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ”ფეისბუქზე” უცნობმა გოგონამ მომწერა, რომ ტყუპი შვილი ვერ მიშველიდა და ჩემი ქმარი აუცილებლად მისი გახდებოდა. იმ ღამეს სოსო მორიგე იყო. ათასი რამ ვიფიქრე, ხომ არ მატყუებდა და სულაც არ იყო კვირაში ერთხელ მორიგე, იქნებ, იმ ქალთან რჩება-მეთქი. სახლიდან გავიპარე და სამსახურში მივაკითხე. გაგიჟდა, როდესაც დამინახა და ყველაფერი რომ მოვუყევი, ამაზე საერთოდ გადაირია. ტელეფონით სასწრაფოდ ”ფეისბუქზე” შევედი, რომ იმ გოგოს მოწერილი მეჩვენებინა და მხოლოდ ცარიელი მესიჯი დამხვდა, პროფილი გაეუქმებინა და ვერ გაიგებდი, ვინ მწერდა. სოსო ახლა ამაზე გაბრაზდა, ისიც კი მითხრა, რომ შეიძლებოდა, ასეთი რამის მოწერა ჩემს რომელიმე შურიან დაქალს ეკადრა. სამსახურის კარი ჩაკეტა და სახლში გამომყვა. ცოტა საეჭვოდ მეჩვენა, თუ ღამის პირველ საათზე ასე ყველაფრის დატოვება შეეძლო, აქამდე რაღას რჩებოდა.

– მგონი, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდი…
– ძალიან ავირიე და იმ დღის შემდეგ ტელეფონზე ვინმე რომ დაურეკავდა, დაძაბული ვუყურებდი. რამდენიმეჯერ მისი მესიჯებიც ვნახე და საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინე, სანამ ერთ დღეს ვიღაც გოგონამ სოციალურ ქსელში ჩემი ქმრისა და თავისი ჩახუტებული სურათები არ გამომიგზავნა. ბარგი ჩავალაგე და შვილებთან ერთად დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად. ორი თვის განმავლობაში მოდიოდა სოსო და პატიებას მთხოვდა. მეუბნებოდა, რომ იმ გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა. ერთხელ დავთვერი, იმანაც ამით ისარგებლა და მაცდუნაო და ათას სისულელეს მიყვებოდა. როდესაც მიხვდა, რომ შერიგებას არ ვაპირებდი, დამემუქრა.

– პოლიციას არ მიმართე?
– არა, რადგან საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, თან ვიცოდი, რომ შვილების დედას ფიზიკურ ზიანს არ მომაყენებდა, მაგრამ დღეს იმასაც ვერ ვხვდები, რა სჯობდა. ოფიციალურად დაშორება რომ გადავწყვიტე, მეხვეწებოდა, ერთი შანსი მაინც მიმეცა.

– იქნებ, მართლა ნანობდა და არ ღირდა ოჯახის დანგრევა?
– არ მჯეროდა მისი, რომ ერთხელ შეცდა. მეზობელმა მითხრა, მორიგეობის დღეებშიც სახლში იყო და მივხვდი, რომ ის მორიგეობა მოგონილი იყო და გვიან მიდიოდა მასთან. ხელის გაწერის საღამოს, როდესაც თავი თავისუფალ ქალად ვიგრძენი, მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ სასწრაფოდ ”ფეისბუქი” გამეუქმებინა, რადგან ჩემს კედელზე საშინელება ხდებოდა. გამწარებულ სოსოს ჩვენი ერთად ყოფნის დროს გადაღებული ჩემი შიშველი ფოტოები გამოექვეყნებინა, წარწერით – ”რა კარგი დრო იყო…”

– ამ ფოტოების არსებობა არ გახსოვდა?
– არც ვიცოდი, რომ შენახული ჰქონდა, ხანდახან მაიმუნობდა და დილას გაღვიძებულს ლოგინში სურათებს მიღებდა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ინახავდა. ტელეფონზე დავურეკე და ვუთხარი, რომ ამის გამო საკუთარ შვილებსაც ვეღარ ნახავდა, თუ გაბედავდა, სასამართლოში ვუჩივლებდი. მომიბოდიშა, მითხრა, რომ დათვრა და რას შვრებოდა, არ იცოდა. უკვე ორი თვე გავიდა, შვილებისთვის არ მოუკითხავს და ვერც გაბედავს. სამუდამოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან და მამაკაცების მიმართ ყველანაირი ნდობა დავკარგე. ქმარს კი არა, საკუთარ მეგობრებსაც ვეღარ ვენდობი.

წყარო: რეიტინგი

http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები