ქართველი ქალები – შაჰ აბასის სისუსტე…

აღმოსავლურ ქვეყნებში ჰარამხანა ერქვა სახლს, რომელშიც ოჯახის უფროსი თავის ქალებთან, მონებთან და შვილებთან ერთად ბინადრობდა.
ჰარამხანას დასაჭურისებული მონები იცავდნენ. პირველად კასტრაცია (ანუ სასქესო ორგანოს მოკვეთა) ძველ ასურეთში შემოიღეს, მერე – ირანშიც, ამის შემდეგ კი ანატოლიიდან, სირიიდან საბერძნეთსა და რომშიც კი გავრცელდა. თავდაპირველად ჰარამხანებს თეთრკანიანი საჭურისები იცავდნენ, მაგრამ გამოცდილებამ უჩვენა, რომ თეთრკანიანი ბიჭები გაცილებით რთულად იტანდნენ ამ ოპერაციას და მათი უმრავლესობა, კასტრაციის შედეგად, მალევე იღუპებოდა. ამ მხრივ შავკანიანები გაცილებით გამძლენი აღმოჩნდნენ.

ყველაზე ცნობილი – ოტომან სულთანთა ჰარამხანები იყო, თუმცა, მათ არ ჩამორჩებოდნენ აბასიდებისა და სელჩუკების “ბედნიერების სახლებიც”.

GzaPressთავდაპირველად ჰარამხანაში მხოლოდ მონები ჰყავდათ, ცოლებად კი დიდგვაროვნებს ირთავდნენ. მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა და ჰარამხანის ბინადრებზეც დაიწყეს ქორწინება. მას შემდეგ, რაც ჰარამხანაში მონების ცოლად მოყვანის ტრადიცია დამკვიდრდა, უპირატესობით ქართველი და ჩერქეზი ქალები სარგებლობდნენ. საერთოდ, კავკასიელი გოგონები მთელ აღმოსავლეთში განთქმულნი იყვნენ სილამაზით. ამიტომაც ჰარამხანები ძირითადად მათ ხარჯზე ივსებოდა.

ამ მხრივ გამონაკლისი არც შაჰ აბას პირველის ჰარამხანა ყოფილა, რომელშიც ხუთასამდე ქალი ბინადრობდა. მათგან უმრავლესობას კავკასიელები შეადგენდნენ, ამ კავკასიელ ლამაზმანთა შორის კი ქართველები ჭარბობდნენ.

ქართველი მეფეები, ისევე როგორც შირვანისა და სომხეთის გამგებლები, შაჰს ყოველწლიურად უგზავნიდნენ გარკვეული რაოდენობის ქართველ, სომეხ და ჩერქეზ ქალებს, რომელთაგან 3-4 მეფური შთამომავლობის წარმომადგენელი მისი კანონიერი მეუღლე ხდებოდა; დანარჩენთაგან რჩეულებს, მისი გემოვნებით, ჰარამხანაში ტოვებდა, ნაწილს კი თავის სარდლებს უგზავნიდა.

ქართველ ქალებს ირანში ძალიან აფასებდნენ. ისინი მოსწონდათ არა მხოლოდ გარეგნული სილამაზით, არამედ – ჭკუით, სიდარბაისლითა და სათნოებითაც. უნდა ითქვას, რომ ირანში დიდ პატივად ითვლებოდა ქართველი ქალის ცოლად ყოლა. შაჰის სამეფო კარსაც თუ გადავხედავთ, ამაში დავრწმუნდებით: შაჰ აბასის უფროს ძმას, ჰამზა-მირზას ცოლთაგან ორი ქართველი გახლდათ. ისქანდერ მუნში იუწყებოდა: შაჰ ხოდაბანდემ მოსთხოვა სიმონ ქართლის მეფესა და ალექსანდრე კახეთის მეფეს, რომ თავიანთი ქალები გაეგზავნათ ჰამზა-მირზასთვისო.

ქართველი ქალებისთვის მძიმე იყო მუსლიმანურ გარემოცვაში, თან ჰარამხანაში ცხოვრება, მაგრამ რას გახდებობდნენ?! მათი უმრავლესობა ცდილობდა, მალულად შეენარჩუნებინა ქართული ადათ-წესი და ქრისტიანული რწმენა. ერთხელ შაჰ მირზა ავად გამხდარა. მის მეუღლეს, კახეთის მეფე ალექსანდრეს ასულს ჯვარი უჩვენებია მისთვის და უთქვამს: თუ მფარველობას სთხოვ, განიკურნებიო. ამის შესახებ შაჰ აბასის კარზე პორტუგალიის ელჩი ანტონიო გოვეა წერს. მოგვიანებით, კერძოდ – 1586 წელს, როდესაც ტახტის მემკვიდრე ჰამზა-მირზა მოკლეს, ანტონიო გოვეამ ისევ დაწერა: შაჰ აბასმა მითხრა: ჰამზა-მირზა იმიტომ მოკლეს, რომ ქრისტიანებს დიდი სიმპათიითა და სიყვარულით ექცეოდაო. თუმცა კი, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით იმასაც ამბობდნენ, ჰამზა-მირზას მკვლელობაში მის ძმას, აბას-მირზას ხელი ერიაო.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ირანის პოლიტიკურ სარბიელზე არასდროს ისეთი დიდი რაოდენობით არ მოღვაწეობდნენ კავკასიელები, როგორც შაბ აბასის მმართველობისას. ცნობილია ისიც, რომ შაჰის სისუსტე ქართველი ქალები ყოფილა. მის ჰარამხანაში ირანელი ქალები უმცირესობას წარმოადგენდნენ. ცოლებად მრისხანე შაჰს ქართველი, ჩერქეზი ან რუსი დიდგვაროვნები ჰყავდა.

ევროპული წყაროები სიმონ მეფეს ხშირად შაჰ აბას პირველის სიმამრად იხსენიებენ. შაჰის ცოლი იყო ლუარსაბ ქართლის მეფის და ელენეც (ზოგი წყაროს მიხედვით, მისი სახელია ლელა). ის 1623 წელს შაჰმა კახეთის მმართველ ფეიქარ-ხანს დაუთმო, რადგან შიშობდა, მის მიერ ლუარსაბის ვერაგულად მოკვლის გამო, დას შური არ ეძია.

შაჰ აბასი შესანიშნავად მეტყველებდა ქართულად. მან ეს ენა ბავშვობაში ისწავლა, სწორედ მაშინ, როდესაც ჰარამხანაში იზრდებოდა, სადაც ქართული ძალიან ხშირად ისმოდა. შემდგომ ირანის მბრძანებელი ამ ცოდნას საჭიროებისდა მიხედვით იყენებდა.

ისტორიული წყაროები იუწყება, რომ შაჰ აბასი თავის მრავალრიცხოვან ცოლებს შორის, განსაკუთრებულ სიყვარულს ავლენდა ქართველი ქალის – თამარის მიმართ. “შაჰ აბას ყაენს ცოლად ჰყვანდა და ნამეტნავად უყვარდა ანდუყაფარ ამილახორის დაი – თამარ”, – წერს ფარსადან გორგიჯანიძე. როგორც ჩანს, თამარი შესანიშნავად იცნობდა შაჰის ხასიათს და მასზე დიდ გავლენასაც ახდენდა. როცა აბასი დადარდიანებული იყო და ხასიათიც წამხდარი ჰქონდა, ჰარამხანაში მასთან მიახლოებასა და დალაპარაკებას ვერავინ ბედავდა, – წარმოშობით ქართველი, უფროსი და კანონიერი ცოლის გარდაო, – იუწყება სპარსი ისტორიკოსი და დასძენს: – ეს ქალი ანდუყაფარ გურჯის, კახეთის ვალის ალექსანდრე-ხანის ნათესავის ასული იყო, რომელზეც შაჰმა 1596 წელს იქორწინაო.

გარდა თამარისა, იყო კიდევ ერთი, დედით ქართველი ქალი, რომელიც აგრეთვე დიდი გავლენით სარგებლობდა შაჰ აბასის კარზე. მისი სახელია ზეინაბ ბეგუმი, იგივე ანა-ხანუმი. ისტორიკოსი მიხეილ სვანიძე მიიჩნევდა, რომ ეს ქალი სავარაუდოდ, ოთარ შალიკაშვილის შვილიშვილი, შაჰ თამაზის ასული უნდა ყოფილიყო. თავის დროზე, ის ჰერეთის მმართველ ალიყული-ხან შამლუზე დაუნიშნავთ, თუმცა, სასიძოს გარდაცვალების გამო ქორწინება აღარ შემდგარა. ზეინაბ ბეგუმი ჰარამხანის ფავორიტი, ხოლო შაჰ აბასის მმართველობის ხანაში – ჰარამხანის უფროსი და ქალთა შორის შაჰთან ყველაზე დაახლოებული ყოფილა. შაჰ აბასი მას დიდ პატივს სცემდა, რჩევასაც კი ეკითხებოდა, ბევრ ისეთ თათბირსა და ლხინს ასწრებდა, სადაც მხოლოდ მამაკაცები იკრიბებოდნენ, და ლაშქრობებშიც კი თან ატარებდა. ირანში მცხოვრები კარმელიტი მისიონერების გადმოცემით, ზეინაბ ბეგუმი დიდი ინტელექტით გამორჩეული და შაჰისგან ძალზე დაფასებული ქალი ბრძანდებოდა.

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რეალურად, შაჰ აბასი ვერაგი და სასტიკი პიროვნება იყო. მართალია, წყაროებში ბევრგანაა ნახსენები შაჰის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ქალების მიმართ, მაგრამ ამ დამპყრობლის ხასიათიც ხომ ცნობილია… მის სიყვარულსა და კეთილგანწყობას ათასი მიზეზი ჰქონდა და ზოგჯერ რისხვითაც იცვლებოდა. ყველამ იცოდა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდა, შაჰი საკუთარ შვილებსაც არ დაინდობდა…

GzaPressირან-ოსმალეთის ზავის დადების შემდეგ შაჰHაბას პირველმა მკვეთრად შეცვალა თავისი დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მიმართ. ამას მოჰყვა ირანის ჯარის ქართველი სპასალარის ალავერდი-ხან უნდილაძის მოულოდნელი გარდაცვალება. ამასთან დაკავშირებით მიხეილ სვანიძე წერს: “საფიქრებელია, ალავერდი-ხანმა არ გაიზიარა შაჰის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის განადგურებას და ამიტომაც თავიდან მოიშორა, მოაწამვლინა. შემდეგში შაჰ აბასი საქართველოს დალაშქვრის საბაბად თავის “თავდავიწყებულ” სიყვარულს გამოიყენებს, რომელიც ლუარსაბ მეფის დის – ხორეშანის მიმართ ჰქონდა”.

საქმე ისაა, რომ 1609 წელს, დაქვრივებულმა კახეთის მეფემ, თეიმურაზ პირველმა გადაწყვიტა, ლუარსაბ მეფის და – ხორეშანი შეერთო ცოლად, თუმცა ხორეშანი და ალექსანდრე ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იმყოფებოდნენ: ხორეშანის ბებია და ალექსანდრეს პაპა და-ძმა იყვნენ. ამიტომ, ქორწინებისთვის საჭირო იყო ეკლესიის თანხმობა, რისთვისაც ალექსანდრემ თავად მიმართა საქართველოს პატრიარქს. საგულისხმოა, რომ ამ ქორწინებით მყარდებოდა ნათესაური კავშირი ქართლსა და კახეთს შორის, რასაც ბუნებრივია, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

ეს კავშირი მიუღებელი იყო შაჰისთვის, რომელსაც ამ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს აოხრება და დაპყრობა. სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო რეალურად, ხორეშანზე თავდავიწყებულად შეყვარების საბაბი. შაჰი შეეცადა, ამ ქორწინებისთვის ხელი შეეშალა და ლუარსაბს ხორეშანის ხელი სთხოვა. მერე თბილისში ელჩი გაგზავნა და ლუარსაბ მეფის მეორე დაც მოითხოვა ცოლად. ქართველმა მეფემ ეს ელჩი ტკბილი ენით მოიშორა, პირველ მათგანს კი მოახსენა – ხორეშანი უკვე დანიშნულია კახეთის მეფეზეო. განრისხებულმა შაჰმა ელჩს დაავალა, ნებისმიერი ხერხით ჩაეყვანა მასთან ხორეშანი. მთელ ირანში გავრცელდა ამბავი შაჰ აბასისა და ხორეშანის სიყვარულის შესახებ. პოეტები და მუსიკოსები სიმღერებსა და ლექსებს თხზავდნენ ამ სიყვარულზე. შემდგომში მათ კიდევ დიდხანს მღეროდნენ ლხინსა და ნადიმში, ლამის სეფიანთა ირანის ეპოქის დასასრულამდე. საქართველოში არავის სჯეროდა ამ სიყვარულის. ყველას კარგად მოეხსენებოდა, რომ ეს მხოლოდ ქვეყნის დარბევის საბაბი იყო. ამ დარბევის თავიდან ასაცილებლად, თეიმურაზმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო, საკუთარი დედა – ქეთევან დედოფალი და ორი ვაჟი შაჰის კარზე გაგზავნა, მაგრამ – ამაოდ: შაჰს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი საქართველოს დაპყრობა…

წყარო: http://www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები