ქალი-ტრანსგენდერი მამაკაცთა ციხეში 2 000-ჯერ გააუპატიურეს (ფოტო)
ქალი-ტრანსგენდერი მამაკაცთა ციხეში ავტომობილის მოპარვის გამო 4 წლით ჩასვეს. მამაკაცთა ციხეში იმიტომ მოათავსეს, რომ სქესის ქირურგიული ცვლილება არ მომხდარა და დოკუმენტების მიხედვით ის ჯერ კიდევ მამაკაცი იყო. თავად ქალი-ტრანსგენდერის თქმით, მამაკაცები მას გარეგნობის გამო ხელით ეხებოდნენ.
„სქესის შეცვლის საბოლოო ოპერაცია არ გამიკეთებია, მაგრამ იმის გამო, რომ მუდმივად ვიღებდი ჰორმონალურ პრეპარატებს, ქალის მკერდი მქონდა და გარეგნულად ქალივით გამოვიყურებოდი“, – ამბობს ის.
The Independent-თან ინტერვიუში ქალი-ტრანსგენდერი ყვება, როგორ ამცირებდნენ ავსტრალიის ციხეში. ციხეში მიყვანისთანავე, პროცედურის თანახმად, მას გახდა აიძულეს, ამიტომ ცოტა ხანში მთელმა ციხემ იცოდა, რომ ის ტრანსგენდერი იყო. ქალი-ტრანსგენდერის თქმით, მას ყოველდღე აუპატიურებდნენ, ხანდახან – დღეში რამდენჯერმეც. ზოგიერთი პატიმარი მას დაცვას სექსის სანაცვლოდ სთავაზობდა. როდესაც ქალი დაცვის საჭიროების მქონე პატიმრების ბლოკში გადაიყვანეს, იქაც იგივე გრძელდებოდა.
ქალი-ტრანსგენდერის თქმით, პატიმრობის 4 წლის განმავლობაში ის 2 000-ზე მეტჯერ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
„ეს გკლავს, მაგრამ არანაირი საშუალება არ გაქვს, რომ დაიცვა საკუთარი თავი. საბოლოოდ, გადამიყვანეს განსაკუთრებული ზედამხედველობის ციხეში, სადაც სასტიკი რეციდივისტების გარემოში აღვმოჩნდი“, – ამბობს ქალი-ტრანსგენდერი.
მან აღნიშნა, რომ იმ ციხეში გაქცევის მცდელობის გამო გადაიყვანეს.
„სინამდვილეში არა ციხიდან, არამედ მუდმივი სექსუალური ძალადობისგან მინდოდა გაქცევა“.
ქალი ამბობს, რომ ხანდახან სექსუალურ კონტაქტზე თავადაც თანხმდებოდა, მარტო იმიტომ, რომ ეშინოდა, არ ეცემათ.
„ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მოვკვდი“, – თქვა მან.
ქალ-ტრანსგენდერზე ასევე იმოქმედა იმან, რომ ციხეში მას გრძელი ხვეული თმა გადაჰპარსეს. მისი თქმით, ეს „საკუთარი იდენტობის დაკარგვაა“. გარდა ამისა, მას ჰორმონალური პრეპარატების მიღება აუკრძალეს, ამიტომ წვერი და ულვაშები ისევ ამოუვიდა. „ჯობია მოვკვდე, ვიდრე კიდევ როდესმე ციხეში ჩავჯდე“, – თქვა ქალმა-ტრანსგენდერმა.
იგი ყვება, რომ ციხეში მან კიდევ ერთი ტრანსგენდერი გაიცნო, რომელმაც დამცირებას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. ქალი-ტრანსგენდერი მიიჩნევს, რომ არასწორია, ის ტრანსგენდერი მამაკაცების ციხეში გადაიყვანონ, როდესაც სქესის შეცვლის ოპერაცია ჯერ არ გაუკეთებია. თუ ადამიანი საკუთარ თავს ქალად მიიჩნევს, მას იგივე უფლებები უნდა ჰქონდეს, რაც სხვა ქალებს აქვთ, – ამბობს ქალი-ტრანსგენდერი.
აღსანიშნავია, „გარდიანი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახლახან ინგლისში ერთ-ერთმა ქალმა-ტრანსგენდერმა მიაღწია იმას, რომ ის ქალთა ციხეში გადაეყვანათ.