ფეისბუქის მომხმარებლის ზურაბ ძეგველიშვილის სტატუსმა, სადაც ის ტაქსიში გადამხდარი ემოციური ისტორიის შესახებ წერდა, სოციალური ქსელი მოიცვა. პოსტში საუბარი იყო უცნობ ქალბატონზე, რომელიც ტაქსის მძღოლს, რომელსაც სავარაუდოდ, შვილი ავად ჰყავდა, გარკვეული თანხით დაეხმარა.
ამბავს უამრავი დადებითი გამოხმარება მოჰყვა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი იმასაც წერდა, რომ “ისტორია თავისი შინაარსით ზღაპარს ჰგავდა”
სოციალურ ქსელში ტაქსისტთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია გავრცელდა. ნაწილი წერს, რომ მამაკაცი, რომელიც ძეგველიშვილის ფოტოზეა, იტყუება და რეალურად, მას ავადმყოფი შვილი არ ჰყავს.
“ეს უნამუსო ტაქსის მძღოლი არის ჩემი ყოფილი სიძე. ანგელოზივით 16 წლის ბიჭი ჰყავს, უჯანმრთელესი და ეს ვაჟბატონი გაქანებული აფერისტია. იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული”, – წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
ტაქსისტთან დაკავშირებით საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ასევე, ჟურნალისტმა ნათია დოლიძემ:
“არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ვინაიდან, სავარაუდოდ, კვლავაც შეეცდება ადამიანების გაბრიყვებას, ამიტომ ვწერ. დაახლოებით 3 თვის წინ სამსახურიდან მეც ძალიან დაღლილი გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და ჩამჯდარი არ ვიყავი, მძღოლმა ტელეფონზე ლაპარაკი დაიწყო, ვიღაცას უხსნიდა, რა ცუდად ჰყავდა შვილი და როგორ ძალიან სჭირდებოდა სულ რაღაც 300 ლარი.
მოყვა მთელი თავისი ისტორია, როგორ გაყიდა სახლიც და მანქანაც ბავშვის გადასარჩენად და რომ ამ 300 ლარს რა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა… ჩერდებოდა, ემშვიდობებოდა იმ ვიღაცას, მერე ისევ ხელახლა რეკავდა.
ძალიან შევწუხდი, ისეთი განცდით ლაპარაკობდა, ლამის ტიროდა, ისიც კი მომერიდა მეკითხა, რა სჭირდა მის შვილს. თემქაზე გზის გაგნება გაუჭირდა და ამიხსნა, ტაქსზე სულ მეორედ ვზივარ, ბავშვის გამო მეგობარს ვეთხოვე მანქანა და იძულებული ვარ ვიტაქსავოო. ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ რაც მქონდა, დავუტოვე მეც, დღეს ეს კაცი ფოტოზე მეცნო, მერე ეს ამბავიც გამახსენდა, რადგან კარგა ხანს გამომყვა დარდი ადამიანზე, რომელიც შვილის გადასარჩენად იბრძოდა.
ამ მასალის კომენტარებს გადავხედე და არაერთი ადამიანის დაწერილ ტექსტში ამოვიცანი ის, რაც მეც მოვისმინე… მოკლედ, ეს კაცი, სავარაუდოდ, პროფესიონალი აფერისტია, ამიტომ იყავით მაინც ფრთხილად!”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
წყარო:http://www.ambebi.ge