უნგრეთი წყვილს, რომელიც სამ შვილს გააჩენს, 30 590 ევროს სთავაზობს – რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ მეუღლეები
უნგრეთის მთავრობა დაქორწინებულ წყვილს, სამი შვილის გაჩენის შემთხვევაში, 10 მილიონ ფორინტს (დაახლოებით, 30,590 ევრო) გადაუხდის. აღნიშნული ინიციატივა ძალაში ამ წლის ივლისიდან შევიდა.
თანხის გამოყენებაში წყვილი შეზღუდული არ არის – შეუძლიათ, დახარჯონ, როგორც მოისურვებენ.
მთავრობის პროგრამა უნგრეთში მოსახლეობის წახალისებასა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნული გეგმა, ასევე, ოჯახების გაძლიერებას ითვალისწინებს; მაგალითად, ერთი მანქანა დიდ ოჯახს და გადასახადებისგან გათავისუფლება იმ ქალებს, რომლებსაც, მინიმუმ, 4 შვილი ჰყავს.
იმ წყვილებმა კი, რომლებიც 30 590 ევროს მიიღებენ, უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:
1. წყვილი უნდა იყოს დაქორწინებული
2. უნდა იყოს პირველი ან მეორე ქორწინება
3. ქალი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე
4. ერთ-ერთ მეუღლეს უნდა ჰქონდეს სოციალური შენატანები, მინიმუმ, წლის განმავლობაში
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ინიციატივის ამოქმედებიდან 15 დღის განმავლობაში (1-15 ივლისი) კუთვნილი თანხის მისაღებად განაცხადი 2.400-მა ოჯახმა გააკეთა.
როგორც უნგრეთის მთავრობაში აღნიშნეს, ინიციატივამ მოლოდინი გაამართლა და იგი სწორი გათვლებით მიმდინარეობს. “გეგმის გამოცხადებიდან 1 კვირის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ იგი ჩვენს მოლოდინებს ამართლებს”, – განაცხადეს ინიციატივის ავტორებმა.
როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, უნგრეთიც დემოგრაფიულ პრობლემას, შობადობის კლებას ებრძვის. ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, მოსახლეობა უფრო და უფრო ხშირად ტოვებს ქვეყანას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვა ქვეყნებში ცდილობს.
უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მის პარტიას – “ფიდესს” სურს, ოჯახების გაძლიერებით ქვეყანაში პოპულაციის გაზრდას შეუწყოს ხელი და, ასევე, ებრძოლოს მასობრივი ემიგრაციის პრობლემას.
სოფიო რატიშვილი