ტაქსი გამოძახებით

 

საქართველოში ტაქსის ბიზნესი თვითდასაქმების ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდია. მართალია თვითდასაქმებული ტაქსისტების შესახებ დღეს კონკრეტული სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა, დედაქალაქში 30 000 აჭარბებს.

კერძო ტაქსის კომპანიები ტარიფს სამი ლარიდან აწესებენ, ითვალისწინებენ გამოძახებისა და დანიშნულების ადგილს. მოგებას, უმეტესად, გამოძახებების სიმრავლიდან ღებულობენ.

თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლები კი ტარიფს სხვადასხვა ფაქტორით განსაზღვრავენ. მგზავრობის მანძილი გადამწყვეტ როლს ასრულებს, თუმცა არც ის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, თუ ვინ არის მათი მგზავრი. ქუჩაში ტაქსის გაჩერებამდე სასურველია ზუსტად ის თანხა იქონიოთ, რაც მძღოლს უნდა გადაუხადოთ, რადგან ხურდა ხშირ შემთხვევაში ჭირს.

ხუთშაბათ საღამოს „სამლარიანი ტაქსის“ გამოძახება გავაფორმე. თამარ მეფის გამზირიდან ავლაბრის დანიშნულებით. სამი ლარიც მოვიმარჯვე და მგზავრობისთვისაც მოვემზადე. ტაქსის მძღოლს გურამს, 46 წლის უმაღლესი იურიდიული განათლება აქვს. წლების მანძილზე მთაწმინდა – კრწანისის მუნიციპალიტეტში წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ 2004 წელს სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებული გახდა ტაქსაობა დაეწყო. „სამსახურში“ დილის 7 საათიდან გადის. პატრულირების სამი ძირითადი ტერიტორია აქვს: ვაგზლის მოედანი (იქვე ცხოვრობს) სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორია რუსთაველზე და ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი საბურთალოზე. მისი თქმით, ახალგაზრდები დღეს ყველაზე ხშირად იყენებენ ტაქსის სერვისს.

„დღის განმალობაში 30 -მდე გამოძახება მაქვს, 60 % შუამავალი კომპანია „სამლარიანი ტაქსის“ მიერ მიწოდებული მგზავრია. ტარიფი სტანდარტულია – სამი ლარი, მაგრამ დღის განმალობაში მოგება იმდენად მცირეა, რომ რაციის ფულის გადახდასაც კი ძლივს ვახერხებ“. როგორც გურამი ამბობს, დღის გრაფიკი დამღლელია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, რადგან ჰყავს ოჯახი, რომლის ერთადერთი მარჩენალი წყაროც თავად არი.

„არ აქ მნიშვნელობა, დაღლილი ვარ თუ არა. სამსახური სამსახურია. უნდა მოვიკრიბო კონცენტრაცია და შევასრულო ჩემი მოვალეობა ისე, როგორც საჭიროა. სხვა გზა არ მაქვს“. როგორც აღმოჩნდა, ე. წ „სამლარიანი ტაქსის კომპანიას“ ტაქსის მძღოლები ქირაობენ იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ მძღოლები მგზავრებით. ასეთი კომპანიები ფულს არა ტაქსების გაქირავებით, არამედ რაციების გაქირავებით შოულობენ. თითო რაციაში მძღოლები ერთ კვირაში 21 ლარს იხდიან. საერთო ჯამში კი, კომპანიაში 200- მდე მანქანა ფიქსირდება. მძღოლები ყველანაირი კონკურსის გარეშე აჰყავთ. არც მათ კვალიფიკაციას აქვს მნიშვნელობა, არც მანქანის ხარისხს და არც მის მოდელს. „მთავარია ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ, ჰქონდეთ ‘’ბ’’ კატეგორიის მართვის მოწმობა და არ ჰქონდეთ დანჯღრეული მანქანა“. ეს ინფორმაცია მომდევნო დღეს გიორგი დედაბრიშვილისგან შევიტყვე. ის „სამლარიანი ტაქსის კომპანიის“ მენეჯერია. პიარი კომპანიაში არ ჰყავთ.

დედაბრიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უშუალო ურთიერთობა აქვს მგზავრთან, მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება მგზავრის წინაშე არც მანქანის გაუმართაობის და მითუმეტეს არც ავარიის შემთხვევაში.

„კი, მგზავრი ფიქრობს, რომ მის მიერ შეკვეთილი ტაქსი კონკრეტული კომპანიის დაქვემდებარებაშია, და მასთან პასუხისმგებელი კომპანიაა, მაგრამ რეალურად ერთადერთი პასუხისმგებელი პირი მგზავრთან კონკრეტული მძღოლია, რადგან ის მგზავრს მისი მანქანით ემსახურება და არა კომპანიის მანქანით. ჩვენ საერთოდ არ გვყავს ჩვენი მანქანები“.

ათი წუთიც არ იყო გასული, როდესაც გურამი ცუდად გახდა, ჯერ ხმა შეეცვალა, შემდეგ გაფითრდა, ბოლოს კი ამოილუღლუღა, წნევამ ამიწია და მანქანა უნდა გავაჩეროო. მანქანის გაჩერება ვერ მოახერხა და ორ წუთშიც ის მოხდა, რაც ამერიკულ ფილმებში ხდება ხოლმე. უკანა სავარძლიდან წინ გადმოვჯექი, ერთი ხელით გურამს ვიჭერდი, მეორით კი საჭეს ვატრიალდებდი. როგორც იქნა, სანაპიროზე შევაჩერეთ. ის დრო იყო, სასწრაფო გამოგვეძახა. მოსულმა ბრიგადამ გურამი ჯერ შეათვალიერა, შემდეგ კი წნევა გაუზომა. დიაგნოზი მაშინვე დაუსვეს: „არ გაქვთ წნევა, ბატონო, გადაღლილი ხართ და დასვენება გჭირდება“. მე აღარც მეგობარი მახსოვდა და აღარც ის, თუ სად ვაპირებდი იმ წვიმიან ხუთშაბათს წასვლას. მთავარია, გურამი კარგად იყო, მისი მანქანაც და, რაც მთავარია, მეც. სხვა დანარჩენი აღარ მანაღვლებდა.

სახლში მოსვლისთანავე დავინტერესდი, თუ რა როლი ეკისრება სახელმწიფოს ასეთ შემთხვევაში? არის თუ არა დაცული მგზავრის ან თუნდაც მძოლის უფლებები. თემაზე სასაუბროდ იურისტ ნიკოლოზ გიგინეიშვილს დავუკავშირდი.

„როდესაც მგზავრი ამა თუ იმ ტაქსის სერვისით სარგებლობს, ის ყველაზე ნაკლებად ფიქრობს უსაფრთხოებაზე. რაც უფრო კონკურენტუნარიანია ფასი, მით უფრო უკეთესია მისთვის. დღეს თბილისში სამლარიანი ტაქსების ბუმია. მაგრამ ვინ არიან ის კომპანიები, ვინც ამ სერვისს გვთავაზობს, ეს ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. იურიდიულად თუ ეს კომპანიები შუამავალი კომპანიებია, მათ მგზავრის წინაშე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მგზავრის უფლებები მაინც ირღვევა, რადგან კონკრეტული კომპანიის ტაქსის გამოძახებით, ის ფიქრობს, რომ სარგებლობს კონკრეტული კომპანიის სერვისით, და მძღოლიც სანდო იქნება, რადგან კომპნია არაკვალიფიციურ გამოუცდელ მძღოლს არ დაასაქმებდა, მაგრამ ცდება“.

გიგინეიშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში ასეთ კომპანიებში მძღოლებს არც კი იცნობენ. მათი მოვალეობა რაციის გაქირავებაა და არა მძღოლებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.

იურისტის თქმით, ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც აქვს შესაბამისი კატეგორიის, ანუ ‘’ბ’’ კატეგორიის მართვის მოწომობა, შეუძლია ტაქსის „ბიზნესით“ დაკავდეს. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე სახის კვალიფიციური გადამზადების ტრენინგებს. ყვითელი ტრაფარეტის ყიდვაც ნებისმიერ მძღოლს შეუძლია და მისი ფასი 40 ლარიდან იწყება.

ცნობილი „სამლარიანი ტაქსის“ გარდა თბილისში კიდევ უამრავი სხვა მსხვილი ტაქსის კომპანიებია, მათ შორის არიან „სითი ტაქსი“, „ნოსტალგია“, „ტაქსი – დავინჩი“, „სერვის ლუქსი“ და „ომეგა“. მათ უმეტესობას საკუთრებაში ჰყავს სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეული თანამედროვე ავტომობილები. ისინი აღჭურვილები არიან უახლესი ნავიგაციებით. „თბილისი სითი“ ტაქსის მენეჯერის გიორგი ქადაგიძის თქმით, მათი კომპანია განსხვავდება სხვა ტაქსის კომპანიებისგან იმით, რომ მგზავრებს სანდო და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს კომპანიაში გვყავს კვალიფიციური მძღოლები, რომლებიც პოზიციის დაკავებამდე გადიან შესაბამის ფსიქოლოგიურ ტესტირებას. მათ უტარდებათ ტრენინგები, სადაც ასწავლიან კლიენტებთან ურთიერთობას. ჩვენი მანქანები კი აღჭურვილია რადარებით და „იოსის“ უახლესი კონდიციონერებით. ჩვენ არ ვსარგებლობთ რაციებით, რადგან ეს მგზავრისთვის ხშირ შემთხვევაში მოსაბეზრებელია. ჩვენს მძღოლებს აქვთ ანდროიდები, რომელებზეც ღებულობენ შეტყობინებას შეკვეთილი მარშრუტისა და ტარიფების შესახებ.“ ქადაგიძის თქმით, მათ კომპანიაში 45 ტაქსია. დღე – ღამის განალობაში ისინი 30-100- მდე გამოძახებას ღებულობენ. მოლოდინის დრო მაქსიმუმ 7 წუთია, ტარიფი კი სამი ლარიდან იწყება. მიუხედავად კონკურენტუნარიანი მომსახურებისა, გამოძახებების მიხედვით სამლარანი ტაქსი მაინც ლიდერია. კომპანიის მენჯერი დედაბრიშვილი ამბობს, რომ დღე – ღამის განალობაში კომპანიაში ორასზე მეტი გამოძახება აქვს. მგზავრის პრიორიტეტი კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება – ხარისხი თუ ფასი? ეს ის შეკითხვაა, რომელიც, ალბათ, საკუთარ თავსაც უნდა დავუსვათ.

ნინი ჯაფარიძე

კომენტარები

სხვა სიახლეები