სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თავსაბურავი კაფე–რესტორნების პერსონალისთვის – რა შეზღუდვები დაუწესდათ კვების ობიექტებს

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და აცნობს იმ სავალდებულო რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, სააგენტოს ჩართულობით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის შეიმუშავა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კერძოდ, ეს რეკომენდაციებია:
ობიექტებს ეკისრებათ ვალდებულება, შესასვლელშივე ჩაატარონ პერსონალისა და მომხმარებლის თერმო ან ვიდეოსკრინინგი;
შესასვლელში განათავსონ დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
პერიოდულად (არანაკლებ სამსაათიანი ინტერვალით) გაანიავონ დახურული სივრცეები/სათავსები;
პერსონალი უზრუნველყონ ინდივიდური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე, დამცავი ფარი ან სათვალე) და დააწესონ კონტროლი მათ გამოყენებაზე:
გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის განათავსონ დახურული კონტეინერები;
გაზრდილი სიხშირით გაირეცხოს და დეზინფიცირდეს ის ზედაპირები და ინვენტარი, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან;
სტუმრებისთვის გამოიყენონ ბეჭდური (ერთჯერადი) ან ელექტრონული მენიუ, უპირატესობა მიანიჭონ უნაღდო ანგარიშსწორებას (ბარათი);
გაკონტროლდეს პერსონალისა და მომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური დისტანცია;
მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით სალაროსთან მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყონ წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით ან გამოიყოს მოსაცდელი ადგილი.
ცნობისათვის, პირველი ივნისიდან იხსნება ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხოლო 8 ივნისიდან ფუნქციონირებას განაახლებენ დახურული ტიპის ობიექტები. რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები