სოფიო გვეტაძე: „მართლა რისიც უნდა ეშინოდეთ – ვირუსის, არ ეშინიათ და ეშინიათ ვაქცინის, რომელიც რეალურად გვიცავს“

საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ნაკრების წევრი და დიდოსტატი სოფიო გვეტაძე კოვიდპანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს. დიდოსტატის თქმით, საჭადრაკო სამყარომ მარტივად მოახერხა ახალ რეალობაზე მორგება, ვინაიდან ტურნირების გამართვა ონლაინრეჟიმშიც შესაძლებელია, სპორტის სხვა სფეროებს კი გაცილებით გაუჭირდათ. თუმცა, მოჭადრაკე აქვე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, ყველაფერი გაიხსნა და ეპიდემიის დაწყებისას წარმოქმნილი პრობლემები ეტაპობრივად გვარდება.
„თავიდან პანდემია რომ გამოცხადდა, ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, ბილეთები ნაყიდი გვქონდა, სასტუმრო – დაჯავშნილი, ბავშვებიც ყველანაირად მზად იყვნენ და უცებ გაუქმდა ჩემპიონატი. ეს იყო პირველი შოკი, რაც „კოვიდ-19“-ის შედეგად მივიღეთ. თუმცა საჭადრაკო სფერო მარტივად ადაპტირდა ახალ რეალობასთან. სხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავებით კი ჭადრაკს ის უპირატესობა აქვს, რომ ონლაინაც მარტივადაა შესაძლებელი თამაშების ჩატარება. საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტურნირებიც უცებ გადაეწყო ონლაინრეჟიმზე. ეს იყო 2020 წლის განმავლობაში. 2021 წელს, უკვე მას შემდეგ, რაც ვაქცინაც შემოვიდა, უფრო გავიხსენით. ბაშვებისთვის ჯერ ისევ არა, მაგრამ დიდებისთვის ეს დაბრკოლება, ასე თუ ისე, მოიხსნა, უმეტესობა ავიცერით და ასე დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ჩვეულ საჭადრაკო ცხოვრებას. ასე რომ, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ტურნირები და ჩემპიონატები აღარ ჩაშლილა.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ვფიქრობ, გადარჩენის ერთადერთი გზაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აცრა აუცილებელია, იცავს გართულებებისა და გარდაცვალებისგან. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, აქაც არის, რადგან, როგორც ყველაფერში, მედიცინაშიც 100-პროცენტიანი არაფერია, მაგრამ, როგორც მინიმუმ, აცრა გარდაცვალებისგან იცავს ადამიანს. ამიტომ ეს არის სავალდებულოზე სავალდებულო ქმედება ჩვენი, მოქალაქეების მხრიდან”, – ამბობს სოფიო გვეტაძე.
დიდოსტატი ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზეც საუბრობს და ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პროცესში საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის მისი სწორი ინფორმირებაა საჭირო.
„ადამიანებს სწორად უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს არ არის რაღაც სასწაული, ახალი მოფიქრებული, ეს არ გაკეთებულა გუშინ და დღეს, რომ კორონავირუსის ტიპის ვირუსები ადრეც ცირკულირებდა, მაგრამ ასე მარტივად არ ვრცელდებოდა. თუნდაც „ფაიზერის“ კომპანია მრავალი წელია ამ ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობდა და მეცნიერულად ეს ვაქცინა ერთ დღეში არ შექმნილა.
მე ეს ყველაფერი ამიხსნეს დედაჩემმა და ჩემმა დამ, რომლებიც არიან ექიმები და ჩემზე გაცილებით კარგად იციან ეს სფერო. მითხრეს, რომ მეცნიერები ხალხში ამ ვირუსის ასე ფართოდ გავრცელებას არ ელოდებოდნენ, და რომ ის პანდემიად ჩამოყალიბდებოდა. ვაქცინაზე მუშაობაც ახლა არ დაუწყიათ და გარკვეული ეტაპი უკვე იყო გავლილი.
სულ მიჩნდება კითხვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ მაინცდამაინც ეს ვაქცინა არ ვარგა, ხომ არის სხვა ვაქცინებიც, რომლებსაც ვიკეთებთ, თუნდაც „ბე-ცე-ჟე“… ნუთუ ყველას ძალიან კარგად აქვს ეს შესწავლილი, ან თუნდაც წითელას აცრა?
არ მჯერა, რომ ამ ადამიანებს ყველა დანარჩენი ტიპის აცრა შესწავლილი აქვთ და მხოლოდ ამ ერთზე უჩნდებათ კითხვები. მგონია, რომ რადგან სიახლეა, დაკავშირებულია გარკვეულ შიშთან. ალბათ, თავის დროზე, როდესაც წითელას აცრა შემოვიდა, მაშინაც არსებობდა ეს პანიკური შიში, რომელიც გამართლებულად არ მიმაჩნია.
აცრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ძალიან დაბალია, ვირუსისგან კი გარდაიცვალა ბევრი ადამიანი, ან უმძიმესი შედეგები გამოიწვია არა მარტო ჩვენთან, არამედ – მსოფლიოში. ამიტომ ვფიქრობ, არასწორი მიდგომაა, გაუმართლებელი შიშია. მართლა რისიც უნდა ეშინოდეთ – ვირუსის, არ ეშინიათ და ეშინიათ ვაქცინის, რომელიც მეცნიერებმა გამოიგონეს და გვიცავს. აუცილებლად ყველა უნდა ავიცრათ, საზოგადოებას მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ, ელემენტარულად იმისთვის, რომ გადავრჩეთ”, – განაცხადა გვეტაძემ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები