მოსკოვის სასამართლომ დღეს სამი დის დაპატიმრების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომლებმაც პარასკევს საღამოს, 57 წლის მამა მოკლეს. გოგონები მკვლელობის ჩადენას აღიარებენ, თუმცა ამას იმით ხსნიან, რომ ის ტირანი იყო და ისინი ამ დონემდე თავად მიიყვანა.
გამომძიებლებს დებთან ბევრი კითხვები აქვთ, რადგან ოჯახის ზოგიერთი ახლობელი თუ მეზობელი ამბობს, რომ მამაკაცი საკმაოდ მორწმუნე და წყნარი ადამიანი იყო.
ტრაგედია მოსკოვში, ალტუფიევის შოსეზე მდებარე სახლში განვითარდა. სამოთახიან ბინაში 57 წლის მიხეილ ხ. და მისი სამი ქალიშვილი – 19 წლის ანგელინა, 17 წლის მარია და 18 წლის კრისტინა ცხოვრობდნენ. მათ 21 წლის ძმა ხაჩიკი ჰყავთ, რომელიც მამამ 16 წლის ასაკში სახლიდან გააგდო და ის დღემდე ცალკე ცხოვრობს. მათი დედაც სხვაგან ცხოვრობს. დაახლოებით 20:00 საათზე გოგოებმა პოლიციაში დარეკეს და განაცხადეს, რომ მათი მამა მოკლულია. როდესაც სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, სისხლით მოსვრილი კედლები, დები და მამაკაცის ცხედარი ნახეს. გოგოების თქმით, საღამოს ისინი დიდ ოთახში იყვნენ, როდესაც არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი მამა შევარდა, ხელში დანა ჰქონდა და მათ თავს დაესხა. რაღაც მომენტში მარიამ დანის წართმევა შეძლო და მამას მკერდში და ყელში ჩაარტყა. შემდეგ ათამდე დარტყმა ანგელინამაც დაუმატა, კრისტინამ კი მამას სახეში გაზის ბალონი შეასხა. მამაკაცმა მხოლოდ ჰოლში გასვლა მოახერხა, სადაც დავარდა და გარდაიცვალა.
ექსპერტებმა მიხეილის სხეულზე 40 ჭრილობა დათვალეს. ერთ-ერთ დას – კრისტინას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს – მას თეძოზე ჰქონდა ჭრილობა და ასევე მთელ სხეულზე დაჟეჟილობები. მოკლულის მანქანაში ტრავმატული პისტოლეტი, არბალეტი და პნევმატური იარაღი აღმოაჩინეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, დებს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, ისინი ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებულნი.
მათ გამომძიებლებს მოგვიანებით პირველი ვერსიისგან განსხვავებული ისტორია მოუყვნენ. მათი განმარტებით, ეს არ იყო შემთხვევითი მკვლელობა და არც თავდაცვა. როგორც რუსული მედია წერს, დებმა აღიარეს, რომ დიდი ხანია შურისძიებას გეგმავდნენ. მათ დაელოდნენ, როდესაც მამა სახლში მივიდა და სავარძელში ჩაეძინა, რის მერეც, მას თავს დანით დაესხნენ. რაღაც მომენტში მამაკაცი აზრზე მოვიდა და გაქცევა სცადა, თუმცა ძლიერი სისხლდენის გამო შორს წასვლა ვერ შეძლო. უფროსმა ანგელინამ გამომძიებლებს მოუყვა, რომ მიხეილმა ოჯახის წევრების ცხოვრება კოშმარად აქცია-„ ჩვენ ის გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა, რომ გამქრალიყო, რომ მასთან ურთიერთობა არასოდეს გვქონოდა. ნეტავ ერთხელ სადმე წასულიყო და არასოდეს დაბრუნებულიყო.“ დები ირწმუნებიან, რომ ბოლო დროს მათმა მამამ ფსიქოტროპული წამლების მიღება დაიწყო და კიდევ უფრო შეიცვალა უარესობისკენ. ის არა მარტო ცემდა შვილებს, არამედ მათ სახლიდანაც არ უშვებდა, არ აძლევდა სწავლის და ურთიერთობების უფლებას.
მეზობლების თქმით, დაახლოებით ორი წლის წინ, უფროსმა ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა – მან აბები გადაყლაპა, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლე გადაარჩინეს, მამამ კი, სავარაუდოდ, საქმე ჩაფარცხა.
ერთ-ერთი მეზობელი კი შემდეგს ყვება -„ ეს ადამიანი თავის ნამდვილ სახეს მალავდა. ოჯახში კიდევ ბიჭი იყო, რომელმაც მამის მოქცევას ვერ გაუძლო და სახლიდან წავიდა.“
„ის საშინელი ადამიანია. მათთან სტუმრად მოსვლა არ შეიძლებოდა, რადგან ბინაში ვიდეოკამერა იყო დამაგრებული და მამა ყველაფერს ნახულობდა. გოგოებს სწავლის საშუალებას არ აძლევდა, სასეირნოდ არ უშვებდა, უბრალოდ სახლიდან გასვლის უფლებას არ აძლევდა.“-ამბობს ოჯახის ახლობელი. ასევე ის ამბობს, რომ მიხეილმა იმდენად დააშინა ყოფილი ცოლი და გოგოები, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ. „გოგოებს მისი ძალიან ეშინოდათ. ცემდა პატარა რამის გამოც კი. მათი დედა სახლიდან გააგდო და არ აძლევდა შვილებთან ურთიერთობის უფლებას.“-ასევე განაცხადა ამ წყარომ. თუმცა, ოჯახის ზოგიერთი ახლობელი ამბობს, რომ მისი ცოლი თავად გაიქცა სახლიდან, რადგან ტირანიას ვერ გაუძლო. ამასთანავე უცნობია, ამ შემთხვევაში რატომ დატოვა მან შვილები ამ ადამიანთან.
არიან ადამიანები, რომლებიც მომხდარის გამო გაკვირვებულები არიან, რადგან ირწმუნებიან, რომ მიხეილი მორწმუნე, კეთილი და მშვიდი ადამიანი იყო. გამოძიება ყველა ვერსიის შემოწმებას გეგმავს, პირველ რიგში სამ დას კომპლექსურ ფსიქიატრიულ ექპსერტიზაზე აგზავნიან. ასევე უნდა მოხდეს იმის გარკვევა, თუ რამდენად მართალია ისტორია ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ასევე უნდა მოხდეს ოჯახის ფინანსური მდგომარეობის კვლევა. არ არის გამორიცხული, რომ გოგოები მამის აქტივების ან ფულის ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ეს ისტორია დებისთვის კოლონიაში დიდი ხნით გამოკეტვით დასრულდება.
Next Post
სხვა სიახლეები