სერიალი, რომელიც “ტიფლისზე” პოპულარული გახდა – „ქერჩის“ მორიგი სერიის ექსკლუზიური დეტალები

„ტიფლისის“ მერე რამე თუ გაგვაკვირებდა, აღარ გვეგონა. თუმცა „ქერჩი“ ის სერიალია, რომელიც გამონაკლისების ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს.

პირველი სერიის ყურებაც საკმარისია, რომ დაიჯერო – ქართული კინემატოგრაფიის ხელახალი აღორძინება, აქ, ამ ადგილას იწყება.
მოდით, ვიმოგზაუროთ იმ სამყაროში, რომელიც რა ხანია ტელეკრანებისკენ გვიბიძგებს.
3 შემდგარი სერია და ათიათასობით მოზიდული მაყურებელი სერიალის უდავო წარმატებაზე მიუთითებს. მეორე მსოფლიო ომი და ცნობილი „ქერჩის“ ბრძოლა მშვენიერი ინსპირაციის წყაროა, გადაიღო ფილმი – ქართველების თავგანწირვაზე, ეს პასუხისმგებლობაცაა, რომელსაც GDS-ის გუნდმა თავი მშვენივრად გაართვა.
პროდიუსერები, მსახიობები და თავად რეჟისორი „პრაიმტაიმთან“ იმ ექსკლუზიურ დეტალებს ამხელენ, რომლებიც ბევრმა თქვენგანმა ჯერაც არ იცის. მაშ ასე, „ქერჩის“ მორიგი სერია „პრაიმტაიმში“ გაცოცხლდება.
ნუგზარ მოლაშვილი ფილმში ჯარისკაცის მამის როლს ასრულებს. იგი პროფესიით სულაც არაა მსახიობი, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ როლის მორგება არ გასჭირვებია. ისტორიკოსსა და ლიტერატურის მოყვარულს ემოციების გამოხატვა არ უჭირს. ეს კი მისი როლის წარმატებაში მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.
ნუგზარ მოლაშვილი:
„ახლობლებისგან გავიგე, რომ ასეთი ფილმის გადაღებას აპირებდნენ. სიმართლე გითხრათ, მსახიობობაზე არ მიფიქრია, კონსულტანტობას ვაპირებდი, მე ხომ ისტორიკოსი ვარ. იქნებ რაღაცაში გამოვადგე-მეთქი. მითხრეს, აბა, სინჯიც გავაკეთოთო, მეტყველება შეამოწმეს, რუსულის ცოდნაც მთხოვეს, აქცენტიც გააკეთეო და რამდენიმე დღეში მითხრეს, ხომ არ ითამაშებთ ამ როლზეო და მეც დავთანხმდი. ეს პირველი სამსახიობო გამოცდილებაა, აქამდე პატარა რეკლამებში ვარ გადაღებული, მაგრამ ეს სულ სხვა არის. სიმართლე გითხრათ, ძალიან არ გამჭირვებია, როგორც ისტორიკოსს, ლიტერატურის მოყვარულს, ემოცია მაქვს, განცდები, ჟრუანტელი მივლის ხოლმე და შევეცადე, ეს როგორმე გამომეხატა. რომ გითხრათ, ნანახი უფრო მომეწონა-მეთქი, არ იქნება მართალი. როგორც ჩემს თავს ისე ვერ ვუყურებ. ათბალიანი სისტემით 7-იანი ყველამ დამიწერა. ერთმა 8-იანი, მაგრამ მე ეს ჯერ გადამეტებული მგონია“.
ნუგზარ მოლაშვილის პერსონაჟი ცნობილი ქართული ფილმის ჯარისკაცის მამის მთავარ გმირს მოგვაგონებს. ეს შემთხვევითი სულაც არაა.
ნუგზარ მოლაშვილი:
„შეიძლება თავის დროზე „ჯარისკაცის მამის“ რეჟისორისთვისაც ეს სცენარი იყო ისნპირაციის წყარო. ალბათ, მათ იცოდნენ ეს ამბავი, მაგრამ ერთი ფილმისთვის, 4 შვილის ამბავი ზედმეტად მიიჩნიეს. ძნელია სერგო ზაქარიაძეს დაემსგავსო, მაგრამ ჯარისკაცის მამას რომ არ დაემსგავსო, უფრო ძნელია“.
ის ყველამ შეიყვარა. ყველასთვის ნაცნობი ქიარიმა, ახლა კაპიტნის როლში წარდგა მაყურებლის წინაშე. მისი ახალი როლიც, ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც ზემოთნახსენები.
გიორგი ცაავა:
„ტიფლისის“ მერე ამ პროექტზე რომ დავიწყეთ მუშაობა, შეიქმნა გუნდი და, ალბათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მე შემესრულებინა კაპიტნის როლი. ბუნებრივია, აქ მიწევს განსხვავებული ტიპის როლის თამაში“.
ორივე პროექტის წარმატება, ამერიკაში მოზგაურობისას შეიგრძნო. ქართველი ემიგრანტების ქიერიმასადმი გამოვლენილმა სიყვარულმა ყველაფერი გადაფარა.
გიორგი ცაავა:
„რაც არ უნდა უცნაური იყოს, სერიალის წარმატება მაშინ გაავანალიზე, როცა ასეთი რაღაც მოხდა. „ტიფლისის“ მე-6 სერია რომ გადიოდა, ჩვენ გავემგზავრეთ ამერიკაში და ნიუ-იორკში მივხვდი ამ ყველაფერს. კლუბი იყო, ბარი იყო თუ ქუჩა, ვინც კი ქართველი შეგვხვდა, უბრალოდ, მოდიოდა და მადლობას ამბობდა. ეს იყო ჩემთვის შოკი. იმიტომ, რომ ჩადიხარ ნიუ-იორკში, ცხოვრობ ბრუკლინზე და უცბად, უამრავი ადამიანი ჩვეულებრივად მოდის და გეკითხება, ქიარიმა ხარ? აქ რა გინდა? მადლობას მიხდიდნენ. მეც მინდა ამ ხალხს მადლობა ვუთხრა, იმიტომ რომ მივხვდი, ეს ყველაფერი ამად ღირდა“.
გიორგი ცაავა გარდა იმისა, რომ მთავარი როლის შემსრულებელია, სერიალის პროდიუსერიცაა. მისი თქმით, „ქერჩის“ ნახვებმა უკვე მოხსნა წინა რეკორდი.
გიორგი ცაავა:
„ორჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს „ქერჩს“, ვიდრე „ტიფლისის“ მეორე სეზონს. ამის გამო უდიდესი პატივისცემით, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას მთელ შემოქმედებით ჯგუფს“.
სერიალის მთავარი პროდიუსერი, დავით ქელეხსაშვილიც კმაყოფილია სერიალის რეიტინგით. მისი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა.
 
დავით ქელეხსაშვილი:
„რა თქმა უნდა, ველოდით ასეთ რეიტინგს. „ტიფლისი“ იყო პირველი რეიტინგული პროექტი და მეორე პროექტიც არ უნდა ყოფილიყო „ტიფლისზე“ ნაკლები. შესაბამისად, ჩვენმა მოლოდინმა გაამართლა.
ეს არის პირველი ქართული მასშტაბური პროექტი. ამ ისტორიის შინაარსი პირველად გაცოცხლდა ეკრანებზე. რთული სამუშაოა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ განვითარდება, თუმცა ეს რეჟისორსა და სცენარზეა დამოკიდებული. ერთი ის ვიცი, რომ მაყურებელი შემდეგი სერიებისგან ბევრ სიუპრიზს უნდა ელოდოს. სავარაუდოდ, „ქერჩიც“ ორსეზონიანი იქნება. ეს დამოკიდებულია მაყურებელზე და გამოხმაურებაზე“.

ყველასათვის საყვარელი სერიალები, არ იქნება მარტო საქართველოს კუთვნილება. GDS-ის პროდუქცია მალე ევროპულ ბაზარზე აღმოჩნდება.

დავით ქელეხსაშვილი:
„იგეგმება კი არა, უკვე მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. შესაბამისად, უკვე დიდი გამოხმაურება აქვს ევროპაში. მაგალითად, „პარადოქსი“ ერთ ქვეყანაში უკვე გაყიდულია. ასე რომ, ევროპულ ბაზარზე გატანა აქტიურ ფაზაშია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქართული პროდუქტი ევროპაშიც გავა“.
როდის, არ ვიცით, მაგრამ GDS-ი ქართული ლეგენდალური პოემის „ვეფხისტყაოსანის“ გაცოცხლებასაც გეგმავს.
დავით ქელეხსაშვილი:
„გეგმაში არის, უბრალოდ, ამ ეტაპზე, რამდენად განხორციელდება ვერ გეტყვით. ახლა სხვა საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ“.
სერიალის კიდევ ერთი, მთავარი როლის შემსრულებელი გიორგი მახარაძეა. ყველასათვის საყვარელი მსახიობი, „ქერჩში“ ირაკლი დაბრუნდაშვილის როლს ასრულებს.
 
გიორგი მახარაძე:
„თავიდან ორ როლზე განვიხილებოდი. გავიარეთ მოქასთინგო ვარიანტი და გადაწყდა, რომ ირაკლი დაბრუნდაშვილი მეთამაშა. მეორე სნაიპერის როლი იყო, თავიდან ეს როლი ცოტა სხვანაირად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, საბოლოოდ, ირაკლის როლზე შევჯერდით. თავიდან ქერჩის ბრძოლის ისტორია მეც არ ვიცოდი კარგად, თუმცა შემდეგ წავიკითხე, იქ ფოტოებიც ვნახე და ნელ-ნელა გავერკვიე. გადაღებაც ძალიან რეალურია, აფეთქებები და ეფექტები რეალობის განწყობას ქმნის. ეს ყველაფერი როლში შესვლაში გვეხმარება.
სერიალს ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს და ძალიან ბევრი უყურებს. პირველ კვირასვე უკვე ცნობილი გახდა. გარეთ, ტაქსის მძღოლმაც კი მითხრა, „ქერჩი“ ვნახე პირველი სერია და მომეწონაო. რა თქმა უნდა, კრიტიკაც არის. თუმცა კრიტიკასაც გააჩნია, რაც მისაღებია, რა თქმა უნდა, მივიღებთ და გამოვასწორებთ. ზოგჯერ სხვა რაღაცების გამოც გვაკრიტიკებენ და ეს ცოტა მიუღებელია, ამას უკვე კრიტიკა აღარ ჰქვია“.
დაბოლოს, სერიალის სულისჩამდგმელი ლევან დაბრუნდაშვილი, გარდა იმისა, რომ რეჟისორია, „ქერჩის“ იდეის ავტორიცაა. სხვაგვარად არც გამოვიდოდა, მისი ოთხი ბაბუა ხომ ამ ომში იბრძოდა.
 
ლევან დაბრუნდაშვილი:

„რა თქმა უნდა, ინსპირაცია ჩვენი ისტორია და ოჯახია, ვისი შთამომავალიც მე ვარ“.

ქართველების თავგანწირვაზე არაფერი არ ყოფილა გადაღებული, გარდა „ჯარისკაცის მამისა“ და „ღიმილის ბიჭების“ ისტორიისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი ჩვენმა ქვეყანამ განიცადა. არასდროს, არც საბჭოთა ისტორიაში აღნიშნულა ეს ყველაფერი. რაღაც პერიოდი კი იყო სასწავლო პროგრამაში, თუმცა მერე ყველგან გაქრა. ინტერნეტსივრცეშიც ძალიან მწირი ინფორმაციაა. სიმართლე გითხრათ, მე ფილმსაც სიამოვნებით გადავიღებდი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, კინოფორმატის სერიალები ვაწარმოოთ. ეს ისეთი თემატიკაა, რომ დაბალი ან საშუალო დონის გადაღება არ ეკადრებოდა. რაც შეეხება ამ ყველაფერს, ამ ძალიან კარგი პროექტის დაწყება არის ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურება. უკვე ამდენი წელია გვერდში გვიდგანან, რათა გავაკეთოთ ისეთი წარმატებული ტელევიზია, რომელიც ახალგაზრდულიც იქნება, შემეცნებითიც, გასართობიც და აი, 3 წლის თავზე, ვფქრობ, რომ ტელევიზია, როგორც ასეთი, შედგა და ფორმა მიეცა. ყველასათვის ნათელია, რომ ამ ტელევიზიას აქვს, როგორც სატელევიზიო პროექტები, ასევე, კონკრეტულად ვითარდება კინოსა და პროდაქშენის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სხვა მასშტაბებზე გავედით. ჩვენ ვართ დაწინაურებულები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა დროში მოვახერხეთ ეს ყველაფერი. ჩვენ პოლიტიკაშიც და ასევე ბატონი ბიძინას „პოლიტიკაშიც“ შედის, რომ განვითარდეს არა მარტო ჩვენი კონკრეტული „პროდაქშენი“, არამედ ნებისმიერი ის „პროდაქშენი“, რომელსაც სურვილი ექნება ჩვენთან ითანამშრომლოს.
ლევან დაბრუნდაშვილი, ყველაფერთან ერთად, ბერას ახლო მეგობარიცაა, ამიტომაც ბერას რეაქცია და ცრემლები სეზონის პირველ სერიაზე, მისთვის საუკეთესო შეფასება იყო.
 
ლევან დაბრუნდაშვილი:
„ეს ყველაფერი ბერასთან ერთად გავაკეთე. ბერა ჩემი მეგობარია და ძალიან დიდი ხანია ერთად ვაკეთებთ ბევრ რაღაცას. კრეატივიდან დაწყებული, ნებისმიერი დეტალით დამთავრებული, განვიხილავთ, ამ წელს რა გავაკეთოთ და იმ წელს რა გავაკეთოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ბერას ემოციურ პორტრეტს ვიცნობ. ვიცი, როგორი ადამიანია. თბილი გულის ახალგაზრდაა. ბერას როცა წამოუვიდა ცრემლი, გამიხარდა, ვთქვი, რომ ფილმმა ემოციური თვალსაზრისით იმუშავა და მე ვიყავი ბედნიერი. რა თქმა უნდა, ეს გადამდები იყო“.
ლევანი ექსკლუზიურ დეტალსაც გვიმხელს. GDS პროდაქშენს გეგმაში აქვს, რომ სპეციალური პავილიონური ტიპის ქალაქი მოეწყოს, რომელიც რეალურად პატარა კინოქალაქი გახდება.
ლევან დაბრუნდაშვილი:
„გეგმა გვაქვს, რომ სადმე, თბილისთან ახლოს, გადმოვიტანოთ ყველა ის დეკორაცია, რაც ყველა პროექტზე („ტიფლისზე“ თუ „ქერჩზე“) გვიშენებია. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გაშენდება ისეთი სივრცე, სადაც ერთი პავილიონური ქალაქი გვექნება. სადაც ხალხი შეძლებს მოსვლას, ბავშვებს გამოასეირნებენ, ნახავენ საყვარელ გმირებს. დაახლოებით ისე, როგორც „უნივერსალს“ აქვს. ნუ, რა თქმა უნდა, შედარებით უფრო პატარა მასშტაბით. თუ ეს ყველაფერი მოხდა, ამას პატარა კინოქალაქი დაერქმევა“.
წყარო:Prime Time

კომენტარები

სხვა სიახლეები