სანდრო მიკუჩაძე დანგრეულ ოჯახსა და თამუნა მუსერიძესთან ურთიერთობაზე

მსახიობი სანდრო მიკუჩაძე ცოტა ხნის წინ ”ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდა. მისი გმირი ძველი ბიჭია და ცდილობს, პოლიტიკაში დაიმკვიდროს ადგილი. რამდენად მოახერხებს ამ ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისიის შესრულებას, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. სანდროს ახალ გმირსა და პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

– ძალიან გამიხარდა, ”ჩემი ცოლის დაქალებში” რომ მიმიწვიეს. პირველად რამდენიმე წლის წინ ვითამაშე სერიალში ”გოგონა გარეუბნიდან”. მაშინ პირველად გამოვჩნდი სატელევიზიო სფეროში. ამ სერიალშიც რომ აღმოვჩნდი, ძალიან გამიხარდა. სერიალებში რატომღაც მოძველბიჭო გმირების თამაში დამებედა. ახლა მინდა, ცოტა სხვა ხაზით წავიყვანო ჩემი გმირი და ძველი ბიჭის სტერეოტიპი დავარღვიო. სერიალში მუშაობა საინტერესოდ მიმდინარეობს. მგონია, რომ ჩემი და დათუნა გოცირიძის გმირები კოალიციისთვის საჭირო ტიპები არიან და კიდევ დიდხანს ვიქნებით პროექტში.

– როგორც ვიცი, რუსთაველის თეატრში აქტიურად ხარ დაკავებული?
– თეატრში საკმაოდ დაძაბული მუშაობა მიმდინარეობდა. ავსტრიელი დრამატურგის პიესის, ”სანახაობის მომწყობის” პრემიერა გვქონდა ცოტა ხნის წინ. სპექტაკლი საკმაოდ მძიმე გამოვიდა, ქართველი მაყურებლის რეაქციის გვეშინოდა. სპექტაკლი დიდხანს გრძელდება, მაყურებელი კი ზარმაცი გახდა და ასეთი სპექტაკლები ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. ჩვენს ნამუშევარს კარგი და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

– ყოფილ მეუღლესთან, ლიზი სტურუასთან ახერხებ მეგობრობას?
– ვერ გეტყვი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს-მეთქი. შვილი გვყავს და მის გამო ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ელენე არაჩვეულებრივი ქალბატონია, რომელმაც ყველაფერს სხვა თვალით შემახედა, მით უფრო ახლა, როცა ასაკი ემატება. აპრილში ოთხი წლის გახდება. ძალიან მოწესრიგებული და მეგობრულია.

– მოსწონს მამა სერიალში?
– მოსწონს. გარდა ამისა, ჩემს ყველა სპექტაკლს ესწრება, რეპეტიციებზეც ხშირად მიმყავს. ყველა თავს ევლება. რეკვიზიტებით კარგად ერთობა, რაღაცებს დგამს ხოლმე თავისთვის.

– ამბობენ, პატარა ასაკში შექმნილი ოჯახები დანგრევისთვის არის განწირული. სამწუხაროდ, შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
– მე არ მჯერა და არავის ვურჩევ, პატარა ასაკში ოჯახი არ შექმნათ-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე. რა თქმა უნდა, რთულია ოჯახის შენარჩუნება. ძალიან ბევრი პრობლემა ჩნდება, შეყვარებულობის პერიოდიდან ოჯახურ ცხოვრებაზე რომ გადადიხარ და რთულდება ცხოვრება.
ჩემ გარშემო არიან წყვილები, რომლებმაც ძალიან პატარა ასაკში შექმნეს ოჯახები და დღემდე ერთად და კარგად არიან. მათ ურთიერთობაში ერთი ბზარიც კი არაა. ცხოვრებაა და არ ვიცით, ვის რა სიურპრიზს მოგვიტანს მომავალი. მე არ ვნანობ, რომ ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი, რადგან ელენე მყავს. ოჯახი რომ არ შემექმნა, ელენე არ იქნებოდა. ახლა შეიძლება, არც არავინაა ისეთი კანდიდატი, რომ მეორე ბავშვზე ვიფიქრო, მაგრამ როცა იყო ამის საშუალება, სულ ვამბობდი, მეორე ბავშვი იმიტომ არ მინდა, რომ ჯერ ელენეთი ძალიან ვკაიფობ და სხვაზე რომ გადავანაწილო ყურადღება, არ მინდა-მეთქი. ჯერჯერობით ელენეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მიყვარს და რამდენად კარგი მამა ვარ, ამაზე ვერ ვილაპარაკებ.

– იცი, რა ხდება შენი ყოფილი მეუღლის პირად ცხოვრებაში?
– ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ვიცი, რომ ჰყავს მეუღლე და ცოტა ხნის წინ მეორე გოგონა შეეძინა. მგონია, რომ ბედნიერია და ღმერთმა ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოაკლოთ.

– აღნიშნე, რომ შენს ცხოვრებაში ისეთი გოგონა არ არის, მეორე ბავშვის გაჩენაზე დაფიქრდე, ანუ შენი გული თავისუფალია?
– შეიძლება, ასეც ითქვას. არასდროს არ მომწონდა სიტყვა შეყვარებული. თვრამეტი-ცხრამეტი წლიდან სხვაგვარად ვუყურებდი ამ ყველაფერს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს უგებენ და კარგად გრძნობენ ერთად თავს. მგონი, ცხოვრებაში ესაა ყველაზე მთავარი.

– არის ასეთი ადამიანი შენს ცხოვრებაში?
– რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები.

– ამბობენ, შენს ცხოვრებაში სერიოზული სიახლეა.
– ბევრისგან ბევრ რაღაცას გაიგებთ, ამიტომ არ მინდა დაკონკრეტება, რომ ვინმე შეცდომაში არ შევიყვანო, ან ვინმეს რაიმე ვუმტკიცო.

– კონკრეტულად ვისზე ამბობენ, არ გაინტერესებს?
– რა თქმა უნდა, ვიცი. ძალიან დიდი ამბავია ატეხილი და ყველა თავის აზრს გამოთქვამს.

– ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეს გულისხმობ, როგორც ვხვდები.
– ზოგი ამ შემთხვევაში შეყვარებულობაზე საუბრობს, ზოგს სხვა მოსაზრება აქვს. ვის როგორც უნდა, ისე იფიქროს.

– დიდი ამბების ატეხაში რას გულისხმობ? ოჯახის წევრები არიან თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი?
– ისეთი არაფერი ხდება, ოჯახმა განიხილოს ეს თემა. ჩვენს ასაკში ადამიანებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობები აქვთ აღებული და ამ შემთხვევაში მგონია, ოჯახს არაფერს ეკითხებიან. ახლა ესეც რომ დაიბეჭდება, დიდი განხილვა დაიწყება. ამიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და არავისთან არაფერი მაქვს.

– გიფიქრია, მეორედ რა ასაკში შექმნი ოჯახს?
– კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ მინიმუმ ხუთი წელი ალბათ მეორედ დაოჯახებაზე არ ვიფიქრებ. ჯერ მინდა, ელენე ფეხზე დავაყენო და თავადაც მყარად დავდგე ფეხზე ფინანსურად და შემდეგ ალბათ გამოჩნდება ადამიანი, რომელთან ერთადაც გავატარებ ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდს.

– გიფიქრია, მეორედ რომ ოჯახს შექმნი, რა შეცდომას აღარ დაუშვებ?
– უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული და ამაზე ბევრი მიფიქრია. არაფრად მიმაჩნია ადამიანი, რომელსაც საკუთარ შეცდომებზე არ აქვს ნაფიქრი და თუ ადამიანი მეორედ შეგნებულად სჩადის იმავე შეცდომას, ამას ბოროტებას ვეძახი. ჩემს ოჯახთან დაკავშირებით, ალბათ, ბევრი რამ უნდა მომეთმინა. ზოგადად მგონია, რომ ოჯახში მოთმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები