ყოველ ახალ წელს ვდგამთ ნაძვის ხეს. რატომ ნაძვის ხე?
ნაძვის ხე – ესაა ლამაზი ტრადიცია მთელი პლანეტისათვის. შესაძლოა, დაარღვიოთ ტრადიციული მენიუ, არ მოუსმინოთ პრეზიდენტის მილოცვას, არ ჩაიფიქროთ ახალი სურვილი, მაგრამ სახლში ნაძვის პატარა ტოტიც თუ არ გაქვთ, დღესასწაული და საახალწლო განწყობა არ იგრძნობა.
ჯერ კიდევ ქრისტიანული ეპოქის დაწყებამდე, გერმანელები დეკემბრის ბოლოს, შუა ზამთარს ზეიმობდნენ. ამ დღეს წყალში სხვადასხვა ხილის ხის ტოტებს აწყობდნენ, რომლებსაც ფერად ბაფთებს უკეთებდნენ. ეს მიანიშნებდა, რომ ბუნება სამუდამოდ არ მომკვდარა. ზოგჯერ ტოტები კვირტს არ იკეთებდა, ეს კი ცუდის ნიშანი იყო.
XVI საუკუნეში, მარტინ ლუთერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო.
სულ მალე, მთელ გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა.
რამდენად უჩვეულოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ევროპაში ნაძვის ხის ტრადიცია XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურამ შეცვალა.
ასე, რომ ნაძვის ხე სათავეს გერმანიიდან იღებს. ელექტრობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა. ნათურები სანთლებზე გაცილებით მეტხანს ანათებდნენ და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ. მართალია, თავდაპირველად, კამფეტებსა და გამხმარ ხილსაც ჰკიდებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ შუშის და ფაიფურის ფიგურები შვა.
აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმავლობაში, მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა.
რაც შეეხება, საქართველოში საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ისტორიას, პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ჩიჩილაკი – ქართული ნაძვის ხე.
წმინდა ბასილი დიდს ახალ წელთან ერთი საინტერესო სადღესასწაულო ატრიბუტი – ,,ქართული ნაძვის ხე” – ჩიჩილაკი აკავშირებდა.
ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს” ეძახიან.
ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა.
ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.
ჩიჩილაკი დღესდღეობით ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით იმკვიდრებს ადგილს და კარგავს რიტუალური ნივთის ფუნქციას.
იგი ახალი წლის დეკორატიულ სამშვენისს წარმოადგენს.
წყარო: tbilisi.gov.ge