რუსეთის მოქალაქეს ბავშვები მკერდის მოკვეთის შემდეგ ჩამოართვეს – იულია სავინოვკსის პროტესტი

მრავალშვილიანმა დედამ ეკატერინბურგიდან, იულია სავინოვკსიმ, რომელსაც მეურვეობის და მზრუნველობის უწყებამ ორი ნაშვილები ბავშვი წაართვა, შიმშილობა გამოაცხადა. ქალი სვერდლოვსკის ოლქის სოციალური პოლიტიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, მაღალჩინოსანთან აუდიენციას ორი თვეა, უშედეგოდ ელის – მას მუდმივად სხვადასხვა კაბინეტებში ამისამართებენ. სავინოვსკიმ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა. მას მკერდი მოკვეთეს. რუსი ქალბატონი ირწმუნება, რომ მეურვეობის უწყების წარმომადგნელების მხრიდან, მის მიმართ შანტაჟი და მუქარა განხორციელდა. მისი მტკიცებით, აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები დოკუმენტების ფალსიფიცირებას ახდენენ და „თავიანთ არაჯანსაღ ფანტაზიებს კანონზე მაღლა აყენებენ“.
როგორც ირკვევა, მეურვეობის ორგანოს წარმომადგენლებმა სავინოსვკის ბავშვები მას მერე წაართვეს, რაც მან სარძევე ჯირკვლების ამოკვეთის ოპერაცია გაიკეთა. სოციალური პოლიტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ მისი ავადმყოფობა, იმ დაავადებათა ჩამონათვალში შედის, რომლის შემთხვევაში ბავშვების აყვანა აკრძალულია. სავინოვსკი კი ირწმუნება, რომ მეურვეობის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ის ტრანსგენდერია, რაც რუსეთში სქესობრივი იდენტიფიკაციის ფსიქიკურ აშლილობად ითვლება.
იულია სავინოვსკი აცხადებს, რომ სქესის ცვლილება არც უფიქრია და უბრალოდ დიდი მკერდის მოცილება სურდა, რაც მას ხელს უშლიდა. ამბობს, რომ მკერდის გამო, ხშირად თავს შეუძლოდ გრძნობდა. მას მუდმივად სტკიოდა ზურგი და ხერხემალი.
სავინოსვკიმ და მისმა მეუღლემ ბავშვთა სახლიდან ორი ბიჭი რამდენიმე წლის წინ აიყვანეს. ერთს თავის ტვინის დაზიანება აქვს, მეორეს კი ცერებრალური დამბლა.
რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში სავინოსვკის დახმარება აღუთქვეს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში კი, მოკვლევის დაწყების შესახებ, განცხადება გაკეთდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები