რომელი მოდელის ჩამოსვლას ელოდებოდა დათუნა სულიკაშვილი ჩვენებისთვის?

პირველიდან ექვსი მაისის ჩათვლით თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იმართება, რომელზეც მსოფლიოს 24 დიზაინერის ბრენდები იქნება წარმოდეგნილი. ჩვენებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან ასეულობით ცნობილი ადამიანი დაესწრება.

ივენთზე ჩამოდიან ისეთი გავლენიანი გამომცემლობის ჟურნალისტები, როგორიცაა New York Times-ი, Vanity Fair-ი, Elle Italy, Vogue Japan, Style.com, Nowfashion-ი, Fashion Monitor-ი, Forbes Ukraine, Forbes Kazakshtan, Paper Magazine, Business of Fashion-ი, The Huffington Post-ი, WUT Berlin -Tokyo და სხვა. კვირეულში მონაწილეობენ ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ანუკა ქებურია, ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, გვანცა ჯანაშია, GOLA, ნინო სეფიაშვილი, თენგიზ სეფიაშვილი, თეო გარდაფხაძე, სიმონ მაჩაბელი, ნინო ბაბუხადია, LAKO BUKIA, BESSARION, Alexander Arutyunov, ტატა მეფარიძე…. უკრაინიდან ელოდებიან დიზაინერებს Poustovit, Litkovskaya, Lake Studio… რუსეთიდან თავის კოლექციას Walk of Shame წარმოადგენს.

მოდის კვირეულის ძირითადი ლოკაცია „ექსპო ჯორჯიაა“. როგორც პროექტის დამაარსებელმა სოფო ჭყონიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, პროექტი მსოფლიო მოდის პროფესიონალებისთვის ქართული კულტურის წარდგენის კარგი შანსია.

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული საერთაშორისო პროექტია და საქართველოში წელს პირველად იმართება.

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 1 მაისს დათუნა სულიკაშვილმა თავისი ჩვენებით გახსნა. დიზაინერმა შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში 40 კოსტიუმი წარმოადგინა, რომელზეც ორი თვე იმუშავა. კოლექცია სპეციალურად ამ მოდის კვირეულისთვის შექმნა.

– შენ გჩვევია კოლექციაზე მუშაობის ბოლო მომენტში დასრულება.
– აღარ ვმუშაო მაგ სტილით, შევიცვალე.
თავისუფალი, ცოტა თამამი, თავდაჯერებული სტილის ქალბატონი დათუნას პროტესტის ნაყოფია. პროტესტი პარიზში ყოფნისას გაუჩნდა.
„მუზა არ მყოლია. კონკრეტულ პიროვნებას რომ ირჩევ, ჩარჩოში ექცევი და გასაქანს არ გაძლევს. პარიზში მოდის კვირეულის დროს გახლდით. იქ თვალში მხვდებოდა კონკრეტული სამოსები. პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. თავბრუ დამახვია ზედმეტად კონკრეტულმა დასამახსოვრებელმა სამოსმა. ამიტომ მომინდა უბრალო და თავდაჯერებული ქალის სამოსის შექმნა“.
წითელი, შავი, ნაცრისფერი და ბეჟი. ეს ამ კოლექციაში გამოყენებული ფერებია. დომინანტ ფერად დიზაინერმა წითელი აარჩია. შარვალი, პიჯაკი, კაბა, ჟილეტი – სულ წითელ ფერში წარმოადგინა.
ქსოვილს პარიზში იძენს. ამჯერადაც მასალა მოდის დედაქალაქში იყიდა. გამოყენებული ჰქონდა აბრეშუმი, ქაშმირი, შალი, ხელით ნაქსოვი დეტალებით. რაც შეეხება ფეხსაცმელს სქელ ქულზე ტყავის და ბარხატის მასალა გამოიყენა.

მოდელი კრისტი ყიფშიძის გარეშე დათუნას ჩვენება უკვე წარმოუდგენელი გახდა. უკვე მესამედ მონაწილეობს მის ჩვენებაში მომღერალი ქრისტინე იმედაძეც.

„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოდელი არ იყო საქართველოში, ჩამოვიდა და მან ჩემი ჩვენება გახსნა, ის თამუნა ქორქიაა. ბოლოს კრისტი გამოვიყვანე, ტრადიციულად. ის, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზად აჩვენებს სამოსს.

ჩვენებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ბაერები. დიზაინერმა შეკვეთებიც მიიღო. კვირეულზე ჩამოსულები არიან მაღაზიების მფლობელები.
დიზაინერი პირველ ლედისთან თანამშრომლობას განაგრძნობს. „მაკამ ბოლოს საღამოს შავი კაბა შემიკვეთა“.

დათუნა ამერიკაში წელიწადში სამჯერ ჩადის. ის ერთ ფართე მოხმარების სამოსის მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობს.

„დავიწყე თანამშრომლობა და ნელ-ნელა წინ მიდის. სამოსი, რომელსაც ამერიკაში ვქმნი, იაფფასიანია, ლუქსი არ არის. ჩემია დიზაინი, მერე კომერციული მხარე დეტალებს ამატებს, რომ კარგად გაიყიდოს“.

წყარო: http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები