“როდესაც ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა გვაქვს” – როგორ უნდა მოიქცეთ, კორონავირუსის დადასტურებისას ფილტვები რომ არ დაზიანდეს
რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის ვარჯიშებზე და როგორ შეგვიძლია სუნთქვის გაუმჯობესება სხვადასხვა მეთოდით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს.
მოგეხსენებათ, კორონავირუსით ინფიცირებისას განსაკუთრებულ პრობლემას სუნთქვის გაძნელება წარმოადგენს, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს:
„ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად ფილტვებს აზიანებს. გვჭირდება გარკვეული ვარჯიშების ჩატარება დაავადების მიმდინარეობისას, მაგრამ ფილტვებში შეიძლება, გარკვეული ცვლილებები მაინც დარჩეს და ამიტომ მისი ფუნქცია უნდა გავაძლიეროთ. როდესაც ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავმშვიდდეთ და დამზოგველ პოზიციაში დავსხდეთ. არ უნდა დავწვეთ, რათა ალვეოლები კიდევ უფრო არ მოვჭყლიტოთ. დავსხდეთ, მოვადუნოთ ფეხები, ოდნავ გავშალოთ და დავეყრდნოთ მუხლებს ან ხელებით მაგიდის ზედაპირს, ბალიშები დავილაგოთ მუხლებზე და მუხლების ზედაპირს ასე დავეყრდნოთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაღრმავოთ და შევანელოთ ჩვენი სუნთქვა. უნდა ჩავისუნთქოთ 4 წამის განმავლობაში და 6 წამის განმავლობაში ამოვისუნთქოთ.
გავახანგრძლივოთ ამოსუნთქვის პროცესი, ვაცადოთ, რომ გაიშალოს ალვეოლა და შიგნით მოხდეს პროცესი. არ ვგულისხმობ, რომ მხოლოდ მოსვენებულ მდგომარეობაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ სუნთქვითი ვარჯიშები, როცა ქოშინი გვაქვს გამოხატული.
როდესაც ადამიანი იზოლაციაში იმყოფება, მნიშვნელობა არ აქვს, სახლშია თუ საავადმყოფოში, თუ მას შეუძლია, რომ ფეხზე დადგეს, თავბრუ არ ეხვევა და წონასწორობას ინარჩუნებს, მოძრაობა და ვარჯიში სუნთქვითი ვარჯიშის თანმხლებია. არა მხოლოდ სუნთქვას აუმჯობესებს, არამედ კოვიდის დამახასიათებელი ერთ-ერთი გართულება რაც არის, ფეხის ვენებში არ გუბდება სისხლი და ლიმფურ სისტემაში არ გუბდება ლიმფა, რამაც შეიძლება, თრომბების ჩამოყალიბება გამოიწვიოს და შემდგომ თრომბოემბოლიად გადაიქცეს. ამიტომ, სუნთქვის ღრმა ვარჯიში და, ზოგადად, ვარჯიში დაავადების პროცესში მნიშვნელოვანია.
ეს სუნთქვითი ვარჯიშებია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ავად არიან ან უკვე რეაბილიტაციის პროცესს სახლში გადიან. კეთდება 1 წუთის განმავლობაში.
იმ ადამინებს, ვისაც აქვთ სისუტე, უჭირთ ვარჯიში და აქვთ პერიდოული სუნთქვითი უკმარისობა, თუ შეუძლიათ, სასურველია, უფრო მეტი ივარჯიშონ, იმოძრაონ, აერობიკით დაკავდნენ, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ თუ გულის პულსი ჩქარდება, სისხლი დაიწყებს კარგად მოძრაობას, ვარჯიშდება როგორც ფილტვი, ასევე – ნეკნთაშუა კუნთები. „ჩემი ახლობლები რომ მირეკავენ, ყველას ვუმეორებ, იმოძრაონ, არ დაწვნენ, სუნთქვითი ვარჯიშები გააკეთონ, ბუშტი გაბერონ, წყალში აბუყბუყონ საწრუპით. რომელი მეთოდიც უფრო მისაღები იქნება, ის გავაკეთოთ“, – ამბობს თამარ დაუსი.