როგორ უმკლავდებიან რეგიონში მცხოვრები ბავშვები ქვეყანაში არსებულ რეალობას (ფოტო)

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, დიდებთან ერთად ბავშვების ყოველდღიური ცხოვრებაც შეიცვალა. აქამდე თუ ეზოში თანატოლებთან ერთად თამაშობდნენ, ახლა სახლში მეგობრების გარეშე ახალი გასართობის მოფიქრება უწევთ. გარდა იმისა, რომ დღის განმავლობაში მონატრებულ თანატოლებს ინტერნეტის მეშვეობით ეკონტაქტებიან, იმ ნიჭის გამოვლენის საშუალებაც ეძლევათ, რაც აქამდე მათი არსებობის შესახებ არ იცოდნენ.
გორში მცხოვრები 11 წლის მარიამი მე-9 თვეა, დის დაბადებას ელოდება. ამასთან დაკავშირებით უფროს დაიკოს ბევრი გეგმა ჰქონდა, თუმცა, კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ვერ განახორციელა. თავიდან ეგონა, რომ პატარას ვერც სადღესასწაულო ბუშტებსა და ლამაზად მორთულ კუთხეს დაახვედრებდა. თუმცა ახლა მიიჩნევს, რომ თავისი ხელით შექმნილი სადღესასწაულო მორთულობა ბევრად ლამაზი იქნება. მარიამის თქმით, რომ არა საგანგებო მდგომარეობა, ვერც კი წარმოიდგენდა, დაიკოსთვის განკუთვნილი კუთხე მისი გემოვნებით როგორ მოერთო. მარიამის მსგავსად მოიქცნენ სხვა რეგიონში მცხოვრები ბავშვებიც. გადაწყვიტეს, რომ სახლში ყოფნისას მოეფიქრებინათ ისეთი რამ, რაც არა მხოლოდ მათ, არამედ სხვებსაც მოუტანდა სიხარულს.
ბათუმში მცხოვრებმა 11 წლის ნიაკომ პირბადეების შეკერვა დაიწყო, მის მიერ შექმნილმა სხვადასხვა ფერის ბარხატის მოდურმა და მეტად საჭირო ატრიბუტმა ბევრი ქალბატონის მოწონება დაიმსახურა. ნიაკო პირბადეებს ნებისმიერი მსურველისთვის უსასყიდლოდ კერავს.
წყალტუბოელი ნინი კი არსებულმა მდგომარეობამ თავის საყვარელ სპორს ვერ დააშორა. იგი წლებია, რაც ტანმოვარჯიშეა. აღნიშნულ სფეროში აქვს უამრავი მიღწევა და პირველი ადგილის წოდებაც. საგანგებო მდგომარეობის გამო, ნინი სპოტდარბაზის ნაცვლად ილეთებს სახლში აკეთებს, ითვალისწინებს ტრენერის რეკომენდაციებსაც. მას სჯერა, რომ შინ დარჩენის შემთხვევაშიც კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.
კიდევ ერთი მოზარდი წყალტუბოდან – 12 წლის რეზი ლიპარტელიანია. მას ყველაზე მეტად კლასელები ენატრება. მათ ახლა მხოლოდ ონლაინგაკვეთილების დროს ხედავს. მისთვის ერთადერთი სურვილია, მალე დაუბრუნდეს სკოლასა და მონატრებულ მეგობრებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი რეზის უბანში ცხოვრობს, ერთმანეთს მაინც არ სტუმრობენ, რადგან ფიქრობენ, რომ ახლა მთავარი სახლში დარჩენაა იმისათვის, რომ მალე ისევ შეძლონ ერთმანეთის ხშირად ნახვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები