მსახიობების ცხოვრება ადვილი ნამდვილი არაა. საყვარელ საკვებზე ხშირად უარის თქმა უწევთ, იმისთვის რომ ფორმაში იყვნენ. “ჩემი ცოლის დაქალები” წლებია, ძალიან პოპულარული სერიალია. ანი ტყებუჩავამ ბავშვის რეალურ ცხოვრებაში გაჩენა ისე მოახერხა, რომ სერიალში თამაში არ მიუტოვებია და არც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა გასჭირვებია.
– ანი, ამჯერად დიეტას იცავ?
– რაიმე განსაკუთრებულ დიეტას ამ ეტაპზე არ ვიცავ. უბრალოდ ვცდილობ, ნაკლები ნახშირწყლები მივიღო და რვა საათის მერე არ ვჭამო. ზოგადად ვცდილობ, ორგანიზმი დიეტებით ძალიან არ დავსტრესო.
– ვარჯიშისთვის დრო გრჩება?
– ამ თვეში არ მივარჯიშია, მაგრამ ხშირად დავდივარ აუზზე, როცა დრო მაქვს, იოგას მივმართავ, რაც ძალიან მამშვიდებს.
– მშობიარობის მერე ფორმაში ჩადგომა გაგიჭირდა?
– არა, რადგან ბევრი არ მქონდა მომატებული. თან სამი კილოს დაკლება პრობლემა არაა. ზედმეტ კილოგრამებს ადვილად ვემშვიდობები. არ მიყვარს ხორცეული. თან რომ ვიმშობიარე, ზაფხული მოვიდა მალე. ზაფხულობით კი ბევრ ბოსტნეულს და ხილს ვჭამ და თავისთავად ვიკლებ წონაში.
– არის პროდუქტი, რომელიც ძალიან გიყვარს და არ ჭამ რადგან იცი, რომ წონაში ძალიან მოიმატებ?
– ბურღულეული, ბრინჯი და მაკარონი ძალიან მიყვარს . მათი ჭამა არასდროს მომბეზრდება, მაგრამ ყოველდღე რომ ვჭამო, ვიცი, წონაში ძალიან მოვიმატებ. ვცდილობ, ყავისფერი ბრინჯი ვჭამო, რომელიც ნაკლებად კალორიულია.
– ზაფხულში როგორც წესი, იმისთვის, რომ სანაპიროზე ლამაზად გამოიყურებოდნენ, ზღვაზე წასვლამდე რამდენიმე კილოგრამს რთულად შესასრულებელი დიეტებით იკლებენ. შენც მათ შორის ხარ?
– არ მომწონს სამდღიანი დიეტები და არასოდეს ვაკეთებ, რადგან ვიცი, რომ მერე აუცილებლად უფრო ბევრს მოვიმატებ. მირჩევნია, დიეტა დროში გაწელილი იყოს, რომ მერე წონაში ადვილად არ მოიმატო. ზაფხულში ვცდილობ, ნაკლებად ვიკვებო. თან როცა ცხელა, მადა გიქვეითდება. თუმცა რასაკვირველია, ბევრს გაგვიკეთებია საშინელი დიეტა, სანამ ჯანსაღ ცხოვრებას დავიწყებდით. მეც მათ შორის ვარ.
– ყველაზე რთული რომელი დიეტა დაიცავი?
– ყველაზე რთულად მახსენდება, როცა მთელი დღე ღვინო და მოხარშული კვერცხი უნდა მეჭამა. რამდენიმე წლის წინ, ეს ძალიან პოპულარული დიეტა იყო. ძალიან დიდი სისულელე გავაკეთე, მოდას ავყევი და მონდომებით დავიწყე დიეტის დაცვა. მეორე დღეს საშინლად მთვრალი ვიყავი და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ბოლომდე არც გამიკეთებია ეს დიეტა, რადგან მივხვდი, რომ სხეულისთვის დამანგრეველი იქნებოდა. ახლა ჯანსაღ დიეტებს ვიცავ, ვიღებ წვნიანებს, კიდევ ძალიან კარგია იმ პროდუქტების მიღება, რომელიც ცილებს შეიცავს.
წყარო: http://www.reitingi.ge