ბახვა ბრეგვაძე მაყურებელმა “ჩცდ”-დან გაიცნო, ბახვას როლით. ბახვა პროფესიით მსახიობი არ არის. ის, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს ასახიერებდა სერიალში. ბახვამ 40 კგ-ის დაკლება სწორი კვებითა და ვარჯიშით შეძლო. მან სწორ კვებასა და დიეტებზე ინტერვიუში ისაუბრა.
– რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ კვებას? როგორ იკვებებით? “ფასტ ფუდების” მოყვარული ხომ არ ხართ?
– კვებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. მიყვარს გემრიელად ჭამა. თითქმის ყველანაირი საკვები მიყვარს, თუ გემრიელად და კარგად არის მომზადებული. თუმცა, ვცდილობ წონის კონტროლს და პერიოდულად გარკვეულ საკვებზე უარის თქმა მიწევს.
ვცდილობ,
რომ სწორად და ჯანსაღად ვიკვებო… პერიოდები მაქვს, რომ ბოლომდე ვიცავ სწორი კვების წესებს, პერიოდულად ვისვენებ და რაც მიყვარს, ყველაფერს მივირთმევ.
მიყვარს, მაგრამ უარს ვამბობ. ერთადერთი “სწრაფი კვების” ობიექტი, რომელზეც ჩემი მტკიცე უარი არ ვრცელდება – „მაკდონალდსია“. ხანდახან მაინც რომ არ ვჭამო, არაფრით არ შემიძლია.
– პროდუქტის შეძენის დროს აქცევთ თუ არა ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ დეტალებს, მაგალითად, გენმოდიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის საკვები, როდისაა დამზადებული და ა.შ?
– პროდუქტის შეძენის დროს, პირველ რიგში, ვადებს ვაკვირდები. სამწუხაროდ, ხშირად იყიდება ვადაგასული პროდუქცია. მერე უკვე დანარჩენს ვაკვირდები. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ნაკლებად მავნებელი საკვებით ვიკვებო. თუ ძალიან მოინდომებ, შეგიძლია ჯანსაღად, სწორად და გემრიელად იკვებო.
– დრო ჯანსაღი კვების ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. საყურადღებო მხოლოდ ვახშმის დრო კი არ არის, მნიშვნელოვანია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვისაუზმოთ, ვისადილოთ და ა.შ. რას იტყვით ამაზე? უწესებთ თუ არა საკუთარ თავს განრიგს?
– ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ერთსა და იმავე დროს მხოლოდ ვსაუზმობ – დილით. სადილსა და ვახშამს რაც შეეხება, ბუნებრივია, სულ სხვადასხვა დროს მიწევს კვება. ხანდახან შეიძლება საერთოდ არ ვივახშმო, ან პირიქით, სადილი ამოვაგდო და უფრო გვიან მივირთვა.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე ეფექტური დიეტა თქვენი პრაქტიკიდან?
– ყველაზე ეფექტური დიეტა არის ჩემთვის ცოტა ჭამა… ანუ დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ცოტ-ცოტა, ყველაფერი, რაც გიყვართ და გვიან ეცადეთ, რომ საერთოდ არ ჭამოთ.
– როგორც ვიცი, ძალიან მოკლე დროში დაიკელით წონაში. შეგიძლიათ მკითხველს გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება?
-კი. როცა გადავწყვიტე, რომ წონაში დაკლება მინდოდა, მეორე დღიდან უარი ვთქვი მაღალკალორიულ საკვებზე და დავიწყე დილაობით სირბილი, ვარჯიში და ძალიან მალე დავიკელი 40 კილოგრამი.
– ჭამის მადა განსაკუთრებით ძლიერდება ხოლმე შებინდებისას ან გვიან ღამით, თუმცა ამას არც ისე სახარბიელო შედეგები აქვს. თქვენ გიყვართ გვიან ღამით წახემსება? თუ კი, როგორ ძლევთ ამ სირთულეს?
– ძალიან მიყვარდა, თუმცა აღარც მახსოვს, ეს როდის იყო. გადავეჩვიე და გვიან ღამით ძალიან, ძალიან იშვიათად ვჭამ.
– თქვენთვის მიუღებელი რომელი საშუალებაა, რომელსაც დაკლებისთვის მიმართავენ? მაგალითად, აბები, ქირურგიული ჩარევა…
– გაურკვეველი აბების მიღება, თან ექიმის დანიშნულების გარეშე კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. ძალიან კარგია, თუ ბუნებრივი გზით, სწორი კვებითა და ვარჯიშით შეძლებ წონის დაკლებას, თუ არადა, ქირურგიული ჩარევაც გამართლებულია.
წყარო:https://www.marao.ge