ქალთა საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში 8 მარტს აღინიშნება. სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღეს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. მაგალითად, ზოგი კომპანია ქალებს ნახევარდღიან დასვენებას სთავაზობს, ზოგან კი ყვავილებს ჩუქნიან.
აშშ-ში მთელი მარტი ქალთა ისტორიის თვეა. დღესასწაულს 1980 წლის თებერვლიდან პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ინიციატივით აღნიშნავენ.
იტალიაში ქალთა საერთაშორისო დღეს La Festa della Donna ეწოდება. იტალიელები ქალბატონებს ყვითელი მიმოზას ყვავილებს ჩუქნიან. ეს ყვავილი მათთვის ქალის ძალასა და მგრძნობელობასთან ასოცირდება. ასევე, აქტუალურია ყვავილის ფორმის ტორტის ჩუქებაც.
ჩინეთში 8 მარტი 1948 წლიდან ეროვნული დღესასწაულია. ბევრი კომპანია ქალთა საერთაშორისო დღეს ქალ თანამშრომლებს ნახევარდღიან დასვენებას სთავაზობს, რათა მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა.
ბერლინში 2019 წლის 24 იანვარს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქალთა საერთაშორისო დღე სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. 8 მარტი ბერლინში დასვენების დღეა.
დიდ ბრიტანეთში ქალთა საერთაშორისო დღე მრავალი ფორმით აღინიშნება, განსაკუთრებული ყურადღება ქალთა სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხება. ქალთა დღის საპატივცემულოდ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება ტარდება, რაც მიზნად ისახავს ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ სპეციალურ საქველმოქმედო ორგანიზაციების თანხების შეგროვებას.
ესპანეთში ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების დაცვასთან ასოცირდება და მათ არაერთხელ გამოხატეს პროტესტი აქციით. 2018 წელს ხუთ მილიონზე მეტი ქალი გამოვიდა 24-საათიანი გაფიცვით. ისინი აპროტესტებდნენ ოჯახში ძალადობასა და სექსუალურ დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე. აქციები ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტ ადგილზე ჩატარდა. ისინი ქალებს მოუწოდებდნენ, არ დაეხარჯათ ფული დღის განმავლობაში და არ მიეღოთ მონაწილეობა სახლის საქმეებში.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები