როგორია ეკრანს მიღმა “თამუნას” ცხოვრება და რას ფიქრობს ის საკუთარ გმირზე

“ძალიან უცნაურია ჩემი ცხოვ­რების განვლილ ეტაპებზე ასე ზედმიწევნით თხრობა და ამავდ­როულად, ეს სასიამოვნოც არის. ფოტოებს რომ გადავხედე, ბევრი რაღაც გამახსენდა”, – მითხრა მსახიობმა ანა მჭედლიძემ, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტს წელს ამთავრებს. უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა და როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთის დიდი მოყვარული ყოფილა.
– როგორი ბავშვი იყავი?
– ჩემი მოგონებები 5 წლიდან იწყება, მანამდე ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია. ჩემი და – ნინიკო ჩემზე ერთი წლით უფროსია. მახსოვს, სადაც ნინიკო იყო, მეც იქ ვიყავი. პეკინზე ვცხოვრობდით, ჩვენი ბინა მეოთხე სართულზე გახლდათ და ფანჯრიდან ვუყურებდით მანქანებს, ფერების მიხედვით ვითვლიდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით – ნინიკო ყოველთვის მიგებდა. აი, ეს ფოტო საბავშვო ბაღთანაა გადაღებული. ხომ ხედავთ, როგორი სერიოზული ვარ (იცინის). რა ვქნა, სურათების გადაღება არასდროს მიყვარდა.
– დასთან ერთად გადაღებული ბევრი ფოტო გაქვს…
– ხომ გითხარით, სულ ერთად ვიყავით-მეთქი. სახლში შტაბები გვქონდა გაკეთებული, რის გამოც ბებო დატანჯული გვყავდა. მახსოვს, დედა პიანინოსთან ხშირად იჯდა, აქეთ-იქიდან მივუსხდებოდით და ვმღეროდით ხოლმე.
– მშობლები გაგვაცანი…
– მშობლები – მაია ხუბულური და თამაზ მჭედლიძე თბილი, მოსიყვარულე ადამიანები არიან. დედას და მამას არასდროს არაფერი აუკრძალავთ ჩვენთვის. შესაბამისად, ბავშვებიც არაფერს ვუმალავდით მათ – ეს სწორი ტაქტიკა მგონია, მშობელს და შვილს შორის ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული უნდა იყოს. დედ-მამამ ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა ჩვენი აღზრდისას. 90-იან წლებში დაბადებული ბავშვების გაზრდა, ორმაგად რთული იყო. დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელი გმირია, მაგრამ იმ პერიოდში მათ ნამდვილად, შეუძლებელი შეძლეს, აქამდე მოგვიყვანეს და თანაც, ძალიან ღირსეულად!
– ყვავილებით ხელში რომ გაქვს გადაღებული სურათი, აქ რამდენი წლის ხარ?
– ეს დღე კარგად მახსოვს. 1997 წლის პირველი სექტემბერია. ჩემი და სკოლაში წავიდა. კართან, მისი დამრიგებლისთვის ნაყიდი ყვავილებით ხელში დავემალე ჩემს დას და მამა საიდან გაჩნდა ფოტოაპარატით ხელში, არ ვიცი… შინ რომ დავბრუნდით, მახსოვს, დედას უთხრეს, – ლედი დიანა მომკვდარაო. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, ვისზე იყო ლაპარაკი.
– სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებ?
– აი, ეს ფოტო, მერხთან რომ ვზივარ, სკოლის პერიოდშია გადაღებული, 1998 წლის პირველ სექტემბერს. ხომ ხედავთ, მარტო ვზივარ, მორიდებულად. სკოლაში ძალიან მორცხვი ვიყავი, მიჭირდა მეგობრების გაჩენა. მესამე კლასში ვიყავი, როცა დავჯექი მესამე მერხთან – ანი გუგუნავასთან, რომელიც დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ძალიან კარგი მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ. მორცხვად ჯდომა მიწევდა, რომ მასწავლებელს დაფასთან არ გამოვეძახებინე. “შატალოზე”, რა თქმა უნდა, დავდიოდი. ერთად მივდიოდით მთელი კლასი, ხან ზოოპარკში, ხან სახინკლეში, ხანაც – კუს ტბაზე.
– თინეიჯერობის პერიოდში როგორ გამოიყურებოდი?
– თინეიჯერს ძალიან არ მომწონდა ჩემი თავი. სულ გამხდარი ვიყავი და ვერაფერს ვიხდენდი, ამის გამო ძალიან დაკომპლექსებული გახლდით.
შარვლის შიგნით მეორე შარვალს ვიცვამდი და ისე მივდიოდი სკოლაში. 13 წლის ვიყავი, დრედების გაკეთების სურვილი რომ გამიჩნდა. დედა უფლებას არ მაძლევდა. ჰოდა, მეც გვერდები ავიპარსე, შუაში წვრილი ხაზი დავიტოვე. სამწუხაროდ, ასეთ ვარცხნილობაში გადაღებული ფოტო არ შემომრჩა. ისე, გარდატეხის ასაკში ადამიანი “ცარიელი პროტესტი” ხარ. თუმცა, მე ფეხბურთმა მშვენივრად გადამაგორებინა ეგ წლები.
– ფეხბურთის ფანი რომ იყავი, ეს შენი ფოტოალბომიდანაც ჩანს…
– მე და ჩემს დას ფეხბურთი დედამ შეგვაყვარა. ლუიშ ფიგუს ფანი ვიყავი, შემდეგ კი სიგიჟემდე შემიყვარდა მესი. ვერ ვხვდებოდი, ეს როგორ უნდა გამომეხატა. ხან ფეხბურთელობა მინდოდა და ხანაც, დილის ოთხ საათზე ჩოპა Aმერიცა-ს თასის მატჩების ყურებას ვჯერდებოდი. აი, ეს ფოტო იმ პერიოდშია გადაღებული. “მესის მაისური” რომ ვიყიდე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ დადიოდა. ასევე, აქტიურად ვესწრებოდი ნაკრების თამაშებს. დედამ მე და ჩემი და საქართველო-იტალიის თამაშზე წაგვიყვანა, მას მერე კი თითქმის არც ერთი სანაკრებო თამაში არ გამომიტოვებია. უნდა გითხრათ, რომ ამის დამადასტურებელ ბილეთებს ვაგროვებდი და მათ დღემდე ვინახავ.
– დღეს თუ გულშემატკივრობ რომელიმე საფეხბურთო გუნდს?
– მესი ისევ მიყვარს, მაგრამ მის ინტერვიუებსა და პლაკატებს აღარ ვაგროვებ. რაც შეგროვებული მქონდა, ყველაფერი შენახული მაქვს. ახლა ბარსელონას ვგულშემატკივრობ, ხოლო ნაკრებიდან – არგენტინას.
– სკოლის დამთარების შემდეგ იმიჯი ალბათ, შეიცვალე…
– კი, მაგრამ უმნიშვნელოდ. გამორჩეული და თვალში საცემი სტილი არასოდეს მქონია. თმაც კი არ მაქვს შეღებილი და იმედია, კიდევ დიდხანს არ დამჭირდება ამის გაკეთება.
– მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?
– პირველად მაკიაჟი 16 წლისამ გავიკეთე, ტუჩის კონტური წავისვი (იღიმის). სკოლა ისე დავამთავრე, სხვა მგონი, არც არაფერი წამისვამს… მერე ნელ-ნელა მომიწია სრულყოფილი მაკიაჟის გაკეთებამაც. მაგრამ ხშირად არც ახლა ვისვამ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვაკეთებ ამას.
– პროფესიული არჩევანის გაკეთება გაგიჭირდა?
– 16 წლის ვიყავი, როცა ძეფირელის “რომეო და ჯულიეტა” ვნახე. ოლივია ჰასის სილამაზით მოხიბლულმა და გადარეულმა, გადავწყვიტე, თმა აღარ შემეჭრა. აი, ბუნებაში გადაღებულ ამ ფოტოში კარგად ჩანს, ეს როგორ მოვინდომე. რა თქმა უნდა, ჩემსა და ოლივიას შორის მსგავსება მხოლოდ ამით შემოიფარგლა (იცინის). საკურსო სპექტაკლში შალომ-ალეიხემის “მევიოლინე სახურავზე” ცეიტლის როლი ვითამაშე და ეს ფოტოც სწორედ ამ სპექტაკლიდანაა. პროფესიული არჩევანის გაკეთება კი ნამდვილად, არ გამჭირვებია.
– სერიალში შენს გმირზე რას იტყვი?
– ჩემი გმირი სოფლიდან ქალაქში სასწავლებლად ჩამოსული გოგოა, რომელიც ჩამოსვლისთანავე გათხოვდა ადამიანზე, რომელიც უყვარს. არის ქმრის მიმართ ალერსიანი და ყურადღებიანი. ბოლო დროს, ამბიციურიც გახდა. ერთად ვნახავთ, რა მოხდება მომავალში, როგორ განვითარდება ჩემი გმირის ცხოვრება.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? შეყვარებული გყავს?
– ამჟამად მნიშვნელოვანი არა­ფერი ხდება.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– იცით, ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი. ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს ყურადღებას ყოველთვის იპყრობს უშუალო, უბრალო და თავაზიანი ადამიანები.
– ეკრანს მიღმა როგორია შენი ცხოვრება?
– წელს ვამთავრებ თეატრალურ უნივერსიტეტს. ვდგამთ სადიპლომო სპექტაკლს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვარ. მიყვარს კლასიკური მუსიკა და დისნეის მულტფილმები.
– რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი საკუთარ გარეგნობაში?
– გარეგნობაზე ზრუნვას ძალიან დიდ დროს არ ვუთმობ… წონაში ცო­ტას სიამოვნებით მოვიმატებდი, მაგრამ ამას ვერაფრით ვახერხებ.

წყარო:http://gza.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები