ქართველი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოში “რემდესივირის” შემოტანას ეხმაურება და 5 მწვავე კითხვას სვამს:
“გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია რემდესივირის საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ „გაამართლებს“, ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია და მიუღებელია შემდეგი არგუმენტების გამო:
1. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს? – „ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდით თქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვა პაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა“
2. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, ესე იგი, ეს კლინიკური გამოყენება კი არა, კვლევა გამოდის და პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევას ვატარებთ.
3. თუ კვლევაა და არა კლინიკური გამოყენება, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს კვლევის სახით შესაბამისი წესების დაცვით.
4. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, მაშინ საკონტროლო ჯგუფიც უნდა გვყავდეს, აბა ისე როგორ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობს? პაციენტებს და ექიმებს უნდა ვკითხოთ, „მოუხდა“ პაციენტს თუ არა?
5. წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რას ვუწოდებთ „გაამართლას“? თუ უბრალოდ ბოლოს ვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურა შემდეგი პარტიის შემოტანა? როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?“,- წერს მაია ბუწშვილი.