რა შეცდომებს უშვებენ ქალები საჭესთან და რას ურჩევს შალვა ოგბაიძე მძღოლ ქალბატონებს

„საჭე ქალის საქმე არ არის“, – “ერთი შეხედვითაც მიხვდები, რომ საჭესთან ქალი ზის” – მსგავს შეფასებებს ხშირად, ძირითადად, მამაკაცი მძღოლებისგან ვისმენთ.
ქალი მძღოლების შესახებ მრავალი სტერეოტიპი არსებობს.
მამაკაცები მიიჩნევენ, რომ ქალები მათზე ცუდად მართავენ მანქანას და საავარიო სიტუაციებსაც უფრო ხშირად ქმნიან. შეესაბამება თუ არა რეალობას და ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ ქალი მძღოლები საჭესთან, ამის შესახებ “კვირა+”-ს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ობგაიძე ესაუბრა.
„მე არ ვყოფ მძღოლებს ქალებად და კაცებად. მე ვყოფ მცოდნე და ნაკლები სტაჟის მქონე მძღოლებად. შეცდომებს ქალებიც უშვებენ და კაცებიც. მაგრამ არის ტიპური შემთხვევები, რომლებიც ქალმა მძღოლებმა განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ:
-მეტი ფიქრი გადაწყვეტილების მიღების წინ – მამაკაცებს ხშირად გვაღიზიანებს ისეთი შემთხვევები, როდესაც ქალი მძღოლები გარკვეული მანევრის შესრულების წინ უფრო დიდხანს ფიქრობენ.
-პარკინგი – ძალიან ხშირია, ასევე, პარკირების შეცდომა. როდესაც ორ ავტომობილს შორის არის საჭირო პარკირება, ამ დროს უკუსვლით უნდა მოხდეს პარკირება. ქალი მძღოლები უმეტესად მანქანის ცხვირით იწყებენ ავტომობილის ჩაყენებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მათი ბრალი. ეს არის იმ მასწავლებლების ბრალი, რომელმაც ქალბატონს შეუქმნა ვირტუალური შთაბეჭდილება, რომ მათ ტარება იციან.
-ზოლიდან ზოლში გადასვლა – ქალბატონების ტიპური შეცდომა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ არის ავტომობილების ერთი რიგიდან მეორეში გადასვლისას უგულებელყოფა, რომ მის უკან კიდევ არიან მანქანები. ეს შეცდომა, რა თქმა უნდა, კაცებსაც ემართებათ, მაგრამ განსაკუთრებით, ქალებს. აუცილებელია, რომ ამ დროს ჩართონ მოხვევის მაჩვენებელი, გაიხედონ და გაატარონ მათ უკან მომავალი ავტომობილები და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ გვერდითა ზოლში.
-მობილურით მესიჯობა და სოციალური ქსელების „სქროლვა“ – სოციალურ ქსელებში სიახლეების ლენტის მუდმივი თვალიერება არის ცალკე უბედურება. კატეგორიულად ვურჩევ ჩვენს მძღოლ ქალბატონებს ამ ექსპერიმენტით ნუ დაკავდებით. თუ ვინმე სასიყვარულო მესიჯს გიგზავნით, ის მესიჯი იქნება შენახული. არ არის აუცილებელი, გულის და აწეული ცერა თითის მესიჯების გახსნა საჭესთან. მით უმეტეს, როცა 80 კილომეტრი საათში სიჩქარით მიდიხართ.
-მცირეწლოვანი ბავშვის მძღოლის წინა სავარძელზე ჯდომა – კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე მცირეწლოვანი ბავშვის მოთავსება. ხშირ შემთხვევაში, შენიშვნა მიმიცია, შუქნიშანზე, რომ დამინახავს და კატეგორიულად მომითხოვია ბავშვის უკან გადასმა. საუბარი არ არის ღვედის შეკვრაზე. იმიტომ, რომ ბავშვი იმდენად მცირეწლოვანი და დაბალია, ღვედი მას ყელთან აქვს და მცირე ავარიის შემთხვევაშიც არ არის დაცული.
ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი თვალშისაცემი შეცდომებისა, რომლებსაც ქალბატონები უშვებენ. ჩემს თანამოქალაქეებს, ქალბატონებს – გზების ყველაზე ლამაზ მძღოლებს – ვურჩევ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, მეტი ცოდნა, შორს ტელეფონი და ბავშვი აუცილებლად უკანა სავარძელზე”, – ამბობს შალვა ობგაიძე “კვირა+”-თან ინტერვიუში.

 

 

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები