რატომ შერაცხა დომენიკ მანგო რუსულმა ტელევიზიამ სატანისტების ლიდერად და როდის ბრუნდება ის სამშობლოში

უკრაინაში სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე ჩავიდა – ამ ინფორმაციამ ერთ-ერთ წამყვან რუსულ არხზე გაიჟღერა. დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე, მწვავე თემებზე ხმამაღლა საუბრით თუ კონკრეტული ქმედებებით საქართველოშიც ყოველთვის ახერხებდა ყურადღების მიპყრობას და როგორც ჩანს, უკრაინის ომშიც მოახერხა ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რომლითაც რუსეთის ყურადღება მიიქცია.

– როგორ გახდი „სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე“, ანუ რით დაიმსახურე რუსული მედიის ყურადღება?

დომენიკ მანგო: ალბათ, საქმით, რომელიც მე გავაკეთე. როგორც წესი, რუსული აგენტურა იმ ადამიანებსაც კი ემტერება, ვინც ომის მონაწილეა. მე კი იარაღის ჩხარუნის გარეშე ასამდე მებრძოლი ჩავიყვანე უკრაინაში, ეს კი რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული სერიოზული საქმეა. „რაშა 24“ ერთ-ერთი წამყვანი არხია რუსეთში, მასზე კი ჩემი სახელის გამოცხადება, საკმაოდ სარისკო სიგნალია, რადგან რუსი ჯარისკაცებიც კი ამ არხიდან იღებენ ინფორმაციას.

– ფიქრობ, რომ შეიძლება, ახლა შენზე განსაკუთრებული ნადირობა დაიწყოს?

– ამაში დარწმუნებული ვარ. რუსეთის საცეცები მთელ მსოფლიოშია მოდებული. ახლა ახალ გამოწვევებთან მომიწევს გამკლავება. ზოგადად, მტრების ყოლას მიჩვეული ვიყავი, ამაში დიდი გამოცდილება მაქვს, თუმცა ახლა საქმე უფრო დიდ მტერს ეხება. რომ გითხრათ, მეშინია-მეთქი, მოგატყუებთ. ალბათ, ბევრი რამის შეცვლა მომიწევს. ცხოვრების წესის ისე გადაწყობა, რომ მოსალოდნელი საფრთხეებისგან შედარებით მეტად ვიყო დაზღვეული.

– თუ არ ვცდები, საქართველოდან პირველი იყავი, ვინც უკრაინაში წასვლა გაბედა. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

– კი. გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან 3 დღეში მივიღე. უსწრაფესად მოვახერხეთ ტრანსპორტის ორგანიზება და უკრაინისკენ სავსე ავტობუსით გავემართეთ. არ ვიცი, ვინმემ დაგვასწრო თუ არა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, პირველები ვიყავით, ვინც უკრაინაში ჩამოვედით.

– საზოგადოების რეაქციაზე რას იტყვი – ბევრს არ სჯეროდა, რომ მართლა წახვედი და ათასი რამ შეთხზეს, უმეტესობა კი მართლა ლოცულობს შენთვის…

– ბევრ, ეგრეთ წოდებულ, „კლავიატურისტს“ თავმოყვარეობაზე ძალიან მწარედ შეეხო ჩემი წასვლა. პირველივე წუთიდან ყველაფერს ცდილობდნენ, რომ სხვების თვალში რამენაირად შეეტანათ ეჭვი ჩემს წასვლაზე. ჯერ იყო და კედელთან რატომ დგახარ ყველა სურათშიო, მერე ბეტეერთან გადავიღე სურათი და რატომ პოზირებო. მოკლედ, „კლავიატურისტები“ ახლაც ჩასაფრებულ პოზიციაში არიან, რომ თავმოყვარეობის აღსადგენად რამე მიზეზი გამოძებნონ. მე ჩემი საქმე წარმატებულად გავაკეთე, ამის გამო ამაყი ვარ და რამდენიც უნდა იჭორაონ, ეს ყოველთვის ასე იქნება.

– ცოტა ხნის წინ დედა გარდაგეცვალა. სამ მარტს – დედის დღეს და იმავდროულად, დედის ორმოცს ომში შეხვდი…

– ჩემს უკრაინაში წასვლაში მთავარი წვლილი სწორედ დედის გარდაცვალებას მიუძღვის. გლოვა არ მქონდა დასრულებული, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. მინდა, საუკეთესო გავაკეთო მისი სულის სადიდებლად, რომ ჩემი გულიდან პატივცემული იყოს. ჩემი ძვირფასი უკრაინაში გამოვიტირე ჩუმად…

– გამიჭირდება მეორე ადამიანის დასახელება, ვის მიმართაც ადამიანების დამოკიდებულება ისე შეიცვალა, როგორც შენდამი. ხან სატანად გთვლიდნენ, ხან პროვოკატორად, ხან პოპულისტად. დღეს ამ ადამიანების დიდი ნაწილი შენთვის ლოცულობს. როგორ შეგიძლია, ადამიანებში ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობის გამოწვევა?

– ეს ნორმალურია. მე საზოგადოებასთან ურთიერთობა მაშინ დავიწყე, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ბავშვური სიგიჟეებით, ამბოხებითა და ემოციებით დავიწყე მათთან ურთიერთობა. ნელ-ნელა ვიზრდები, ვიცვლები და ვბრძენდები. მე ხალხმა გამზარდა, მე კი ბავშვები შემომეზარდნენ, დღეს ისინი უკვე შემდგარი ადამიანები არიან. რა თქმა უნდა, შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება, რადგან მე თვითონ ვიცვლები. თუმცა, ნურავის ექნება მოლოდინი, რომ ჩემი კრიტიკა შეწყდება. არ შეწყდება – ყველაფერი ძველებურად სიმძაფრითა და მანკიერებებთან ბრძოლით გაგრძელდება. არ ვაპირებ გმირის როლის მორგებას, არც რამე მივარდება თავში და არც ქულების დაწერას შევეცდები. საზოგადოებას კიდევ ბევრჯერ გავაბრაზებ.

– რისი გაკეთება შეძელი მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინისთვის?

– ასამდე გამოცდილების მქონე ადამიანს მივეცი საშუალება, რომ ჩამოსულიყო უკრაინაში და საკუთარი გამოცდილებით დახმარებოდა უკრაინელ ხალხს. ისინი დიდ წარმატებებს აღწევენ ქართულ ლეგიონთან ერთად. მათგან დიდ ნაწილს არ გააჩნდა ფინანსური სახსრები და ამის გამო ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას, მე კი მაქსიმალურად შევეცადე მათ უზრუნველყოფას. ასევე, ათეულობით უკრაინელ დევნილს მივეცი იმ შეყოვნების პუნქტის დატოვების საშუალება, სადაც კვირებით იყვნენ გაჭედილები. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამომადგება. რაღაც მომენტში შემეშინდა, მაგრამ მალევე შევურიგდი ბედს და გავაცნობიერე, რომ შიში არა თუ დასაძრახი, არამედ საჭიროც კია ასეთ მომენტებში. ვისწავლე შიშის დაძლევა, ადამიანებთან ურთიერთობა. უფრო ღრმად ჩავწვდი ომის ფსიქოლოგიას და საბაზისო დონეზე იარაღის მოხმარებაც ვისწავლე.

– ჩემი მისია დასრულებულიაო, წერდი. ნიშნავს ეს, რომ უკრაინის დატოვებას აპირებ?

– თავიდანვე, სანამ წავიდოდი, ვთქვი, რომ ამ ომში ჩემი მისია ხალხის დახმარება იყო. მე ორივე მხრივ შევძელი ეს. მისია შესრულებულია ნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხის თანადგომით საქართველომ, ქართველმა ხალხმა უკვე ხმამაღლა თქვა თავისი სათქმელი. ის მებრძოლი ოქროს ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ მათ დასახმარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მიზანი თავიდანვე არ იყო მოკვლა, ვთვლი, რომ უკვე ჩემი წამოსვლის დროა. საქართველოდანაც ბევრი რამ მექნება გასაკეთებელი.

– როგორ ახერხებ ომიდან ასეთ აქტიურობას სოციალურ ქსელში?

– პოსტის დაწერასა და ორწუთიანი ვიდეოს ჩაწერას ბევრი დრო არ სჭირდება. რომ არა სოციალური ქსელი, ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვი, არ იქნებოდა. სწორედ, სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ჩამოსვლის მსურველებთან კომუნიკაცია, ავტობუსების მობილიზება, უკრაინელი დევნილების გარიდება და ასე შემდეგ. სოციალური ქსელი საუკეთესო საშუალებაა ლოგისტიკისთვის.

– როგორია ომის ადამიანური მხარე?

– საოცარი. სულ ვამბობ, რომ ამ ამბავზე ერთი დიდი წიგნი დაიწერება. დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა ამ ადამიანების გაცნობამ, ვისთან ერთადაც ლამის ერთი თვე გავატარე. ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. ისინი ნამდვილი კაცები არიან, დიდებული კაცები. აქ სხვა საქართველო გავიცანი, სხვა სიყვარულის, სხვა რომანტიზმის ადამიანები. ისინი ვალდებულებით კი არა, საკუთარი ნებით მოდიან აქ და ამბობენ „ჩვენი შვილები უნდა დავიცვათ“ – მათი შვილები კი საქართველოში ელოდებიან მამებს. დიდებულია ეს ყველაფერი.

– როგორია ადგილობრივების ქართველებისადმი დამოკიდებულება?

– ძალიან პოზიტიური. ქართველის გაგონებაზე ყველა იღიმის და პატივისცემით განეწყობა. გაიგო უკვე უკრაინელმა ხალხმა ქართველი ხალხის თანამონაწილეობა ამ ომში. თავიდან, როცა ჩამოვედით, მოვიდა კიდეც უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი და მადლობა გადაგვიხადა. ძალიან მიხარია ასეთი დამოკიდებულება უკრაინელი ხალხის მხრიდან და ეს კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ 2008 წლის ომში თანადგომის საპასუხოდ, ხალხმა შევძელით ჩვენი სიტყვის თქმა. ვამაყობ ჩემი ქვეყნით.

ახლა ომი გაყინულია, გაუგებრობაა ქვეყანაში. უცნაური სიმშვიდეა. ზოგჯერ დღე-ღამე ისე გადის, რომ შეიძლება, საჰაერო სივრცე ერთხელაც არ დაირღვეს. ვთვლით, რომ საგრძნობლად შესუსტდა რუსეთი, რადგან ფაქტია, რომ ვერ უმკლავდება უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. მთელი ქვეყანა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ყველა კბილებამდეა შეიარაღებული. რუს ჯარისკაცებს მშვიდობიანი მოსახლეობის გადალახვაც კი უჭირთ. რუსეთი გაჩერდა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

– როდის აპირებ დაბრუნებას?

– ეგ ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. არ ვიცი, როგორ შემომიბრუნდება ტვინი. შეიძლება, საერთოდ არ წამოვიდე. ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვარ დამოკიდებული. როგორც ჩანს, საავიაციო განგაშების დროს, ბრონქების ან ფილტვების ანთება დამემართა. ახლა ცუდად ვარ. სიცხეები მაქვს და ქრონიკული ხველა. ხვალ ვაპირებ ექიმთან მისვლას და შევეცდები, ვიმკურნალო.

წყარო: თბილისელები

კომენტარები

სხვა სიახლეები