რატომ მოკლა ქალმა რძალი და შვილიშვილი?

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ იგი პოლიციამ დააკავა

“არ მჯერა, ვერ ვიჯერებ, რომ ცოცხალი არ ხართ. დაინგრა გულის შიგნით თითქოს ყველაფერი. შენ ისევ ცოცხალი ხარ, არსებობ, სუნთქავ ჩემში და სულ ასე იქნება”.
“კოშმარული ღამეა, დღეს უნდა დავემშვიდოთ საბოლოოდ ჩვენს მეგობარს და მის პატარა ანგელოზს. სულ მათზე ვფიქრობ. ჩემო გოგო, ჩემო საუკეთესო მეგობარო, როგორ მომაკლდები. ღმერთმა ნათელში გამყოფოთ შენ და შენი პატარა ანგელოზი. თქვენს ცხედარს რომ შევხედე, თვალწინ ისეთები წარმოგიდგინეთ, როგორი კარგებიც აქედან გაგიშვით ბაქოში. რატომ ხდება ასე, როცა ყველაზე ძვირფას ადამიანს კარგავ? თქვენ ხომ უნდა გაგეხარათ, ყველას გვჭირდებოდით. არ მჯერა, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი აღარ მყავს. ტკბილად მახსენდება ჩვენი ბავშვობა, სულ ერთად ვიყავით, განუყრელი მეგობრები… ტყუპებივით ვიცვამდით… სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს გულის ტკივილს. ენო, არ მჯერა, რომ ამ ახალ წელს შენს გარეშე შევხვდებით და ჩვენთან აღარ იქნებით შენ და შენი პატარა ანგელოზი…” – ასე ემშვიდობიან სადისტურად მოკლულ დედა-შვილს მეგობრები, დაკო ხუციშვილი და ნინი წინამძღვრიშვილი.

13 დეკემბერს, 20 წლის ე.ნ-ს და მისი 6 თვის პატარა გოგონას ცხედარი რუსთავიდან სოფელ გომბორში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. ისინი ოჯახის წევრმა საშინელი წამებით მოკლა. 40 წლის შ.ჰ.-მ აზერბაიჯანში მოკლა საკუთარი რძალი და შვილიშვილი. სურახანსკში, გოვსანშის დასახლებაში ისინი სულ სამი თვის ჩასულები იყვნენ საქართველოდან და იქ ნაქირავებში ცხოვრობდნენ. საქართველოდან წასვლის მიზეზი უმუშევრობა იყო. იქ გარდაცვლილის მეუღლეს  სამსახური გამოუჩნდა და ოჯახთან ერთად წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი რძალსა და დედამთილს შორის მოხდა. მოულოდნელად, დედამთილმა რძალს თავში აგური რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ 6 თვის შვილიშვილი საწოლში ბალიშით გაგუდა. პატარას ზევიდან საბნები და ბალიშები დააყარა. ჩადენილი დანაშაულის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ იგი პოლიციამ დააკავა.
ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად შეურაცხადია. მეორე ვერსიით, მას რძალთან კონფლიქტი საქართველოში დაბრუნების გამო მოუხდა. გოგონამ შეიტყო, რომ მამას სიმსივნე აღმოჩნდა და მის სანახავად უნდოდა, ჩამოსვლა, დედამთილმა უარი თქვა, გაბრაზებულმა კი ისინი მოკლა. ტრაგედიის დროს სახლში არ იყო გოგონას მეუღლე, ის მომხდარით შეძრულია.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება, ალბათ ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას ექსპერტიზა დაადგენს და მალე გაირკვევა, რატომ მოკლა ქალმა ასე სადისტურად რძალი და შვილიშვილი.

წყარო: www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები