რძალ-დედამთილის არც ისე იოლი ურთიერთობები საკმაოდ ბევრი ოჯახის თანმდევია. განსაკუთრებით, ქართულ რეალობაში, სადაც ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი ცხოვრობს ისე, რომ ორი და სამი თაობა ერთ სივრცეშია და გაცილებით უფრო რთულდება ურთიერთგაგება. თუმცა რძლისა და დედამთილის ურთიერთობა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში როდია განხილვის საგანი – თითქმის ყველგან საჭირბოროტო თემაა. ამაზე სპეციალისტებიც კი მუშაობენ და ცდილობენ ახსნან, რა იწვევს პრობლემებს და როგორ შეიძლება მათი მოგვარება.
მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ვისკონსინ-სტივენსის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, თუ რა იწვევს დავას რძალსა და დედამთილს შორის. თურმე, დედები გაცილებით მტკივნეულად აღიქვამენ ვაჟების დაქორწინებას, ვიდრე ქალიშვილების.
დედებს, ეტყობა, გოგონას იმედი მეტად აქვთ, რომ ის თავს მიხედავს, აი ვაჟებზე კი ასე არ ფიქრობენ. ერთი მხრივ ადარდებთ ის, რომ ვაჟი სახლიდან წავა, მთლიანად სხვა ქალის მფარველობის ქვეშ მოექცევა და აქ ჩნდება პირველ რიგში ეჭვიანობა, იმ “სხვა” ქალზე და მეორე რიგში უნდობლობა – რამდენად კარგად მოუვლის ის მათ “ნებიერას”.
მეორე ვარიანტი კი ის არის, როცა რძალი და დედამთილი ერთად ცხოვრობენ. აქ უკვე ზემოჩამოთვლილ პრობლემებს ემატება ერთი სამზარეულოს პრობლემაც – ორი ქალი ერთ სამზარეულოში და ორი დიასახლისი ერთ სახლში წარმოუდგენელია, ამიტომ იწყება მუდმივი დავა პირველობისთვის…
რასაკვირველია, ნაკლებს არც რძალი ღელავს. გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდა რძლების დიდ ნაწილს საკმაოდ აღიზიანებს, როცა დედამთილები მათი ოჯახის საქმეებში ერევიან, მათ ნაცვლად ცდილობენ რაიმეს გადაწყვეტას. არ უყვართ მითითებები და შენიშვნები. ხოლო თუ ერთად ცხოვრობენ, ეს კიდევ მეტ დაძაბულობას მატებს ახალგაზრდა რძალს, რომელიც გათხოვდა, ახალი ცხოვრება დაიწყო და თავის მეორე ნახევართან შეგუებისა და თანაცხოვრების გარდა, მთელ მის ოჯახობასთან უწევს შეგუება და თანაცხოვრება.
ასე რომ, პრობლემა ორივე მხრიდან საკმაოა და ფსიქოლოგები ისევ და ისევ ორივე მხარეს ურჩევენ, გაცილებით უფრო მშვიდად შეხედონ საკითხს, რაც მთავარია, რძალმაც უნდა სცადოს და დედამთილის ადგილას ჩააყენოს საკუთარი თავი, რომ მას გაუგოს, და ასევე დედამთილმაც ხშირ-ხშირად უნდა გაიხსენოს, რომ თავადაც იყო რძალი და არც მისთვის ყოფილა იოლი ახალ ცხოვრებასთან შეგუება. მაინც ყველაფერს მეგობრობა ჯობს და ერთი მიზნისთვის გაერთიანება – ოჯახი იყოს ბედნიერი და მყუდრო. სინამდვილეში ხომ ორივე ქალს ეს უნდა?!
წყარო: www.mshoblebi.ge