33 წლის ნინო ჭოლაძე პროფესიით მსახიობი გახლავთ. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და დღემდე დაკავებულია ქუთაისის თეატრში.
ცოტა ხნის წინ მსახიობი „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა. მისი პერსონაჟი „საკმაოდ გამოცდილ, „სტერვა“ ტელეწამყვანს თამაშობს. მის გადაცემას კი „წარმატების საათი“ ჰქვია.
გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც ნინომ „პრაიმ ტაიმს“ მისცა.
– გისმენ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქმარზე ლაპარაკი არ გინდა. ერთად აღარ ხართ?
– არა.
– რა არის ამის მიზეზი?
– ძალიან გამიკვირდება თუ დაშორებული ცოლ-ქმარი ამ კითხვაზე პასუხს გასცემს. ამის ერთი მიზეზი არ არსებობს. ჩემს ყოფილ ქმარზე შემიძლია ძალიან ბევრი კარგი ვილაპარაკო. ინდივიდუალურად მართლა კარგი ადამიანია, ნიჭიერი მუსიკოსი, მაგრამ ერთად ვერ შევძელით ცხოვრება.
– როგორ გგონია, ისიც კარგს იტყვის შენზე?
– არ ვიცი.
– რამდენი ხანია რაც ერთად აღარ ხართ?
– დაშორებამდეც გვიწევდა ცალ-ცალკე ყოფნა. ეს ჩემი პროფესიის ბრალიც იყო და მისი საქმიანობისაც.
– ახლა სადაა?
– თბილისშია.
– მოდი დავაკონკრეტოთ, ეს იყო პროფესიების გამო დაშორებები, თუ ოჯახური კონფლიქტების შედეგები?
– არა, კონფლიქტები არ ყოფილა. ერთ რამეს ვიტყვი, რაც არ უნდა მოხდეს და როგორი არჩევანის წინაშეც არ უნდა დადგეს ოჯახი, ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე არ უნდა ცხოვრობდეს. პატარები ვიყავით…
– თავისუფლება უნდოდა?
– არ მიყვარს როცა ვინმეს თავისუფლებას ვუზღუდავ, ეტყობა მეტმა თავისუფლებამ ქნა ეს ყველაფერი, არ ვიცი… ამის გაანალიზება ძნელია.
– რამდენხნიანი იყო თქვენი განშორებები?
– სულ იყო, სტუდენტობიდან მოყოლებული. მე რომ შინ ვბრუნდებოდი, ის სტუდიაში მიდიოდა ჩაწერაზე, მერე მოსკოვში წავიდა გასტროლზე, წავყევი, ვერ გავჩერდი და ჩამოვედი… თვეებით გვიწევდა ერთმანეთისგან შორს ყოფნა… ამ ყველაფრის მოყოლა ძნელია. ბოლოს მივხვდი, რომ ცოდოა თვითონაც და მეც. ბოლო ერთი წელია ერთად აღარ ვართ.
– სიყვარული გაქრა?
– კი.
– უთხარი ამის შესახებ მას?
– რა თქმა უნდა, არ მიყვარს ჩხუბით, სკანდალებით, შეურაცხყოფით რაღაცების გადაწყვეტა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეა ამაში დამნაშავე. ორივემ დავაშავეთ, ცოტა ცხოვრებამაც შეგვიწყო ხელი. ასე სჭირდებოდა ჩვენს შვილებს.
– ბავშვები როგორ შეხვდნენ იმას, რომ მათ მშობლებს ცალ-ცალკე უნდა ეცხოვრათ?
– ნორმალურად, ფაქტობრივად, შეგუებულებიც იყვნენ ამას. სულ ჩემთან იყვნენ და მიდიოდნენ ხოლმე მამასთან. ახლაც აქვთ ურთიერთობა მამასთან ბავშვებს.