რატომ არ უნდა ეკეთოს ბავშვს პირბადე სკოლაში – ინფექციონისტი სამ მიზეზს ასახელებს

ბევრი მშობელი ღელავს იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ბავშვებს მიეცათ უფლება, არ ატარონ ნიღბები სკოლაში. აღნიშნულს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ეხმაურება:

“ბევრი მშობელი ღელავს იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ბავშვებს მიეცათ უფლება, არ ატარონ ნიღბები სკოლაში. მე ვფიქრობ, განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება იყო სწორი:

1. ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ, მიუხედავად მშობლების მითითებისა, ნიღაბს კიდებენ ხელს და აბინძურებენ. როდესაც ბავშვი იგრძნობს დისკომფორტს პირბადის ტარებისას (და ეს დისკომფორტი პირბადის გამოყენებას ნამდვილად ახლავს), მაღალი ალბათობით, ხშირად მოიხსნიან, განსაკუთრებით – შესვენების დროს და მასწავლებლებს ძალიან გაუჭირდებათ, თითოეული ბავშვი აკონტროლონ ამ მიმართულებით. დროებით მოხსნილ პირბადეს შეეხებიან ჭუჭყიანი ხელით, ჩაიდებენ ჯიბეში, შეიძლება –  ძირს დაუვარდეთ და ისევ აიღონ. შემდეგ, ეს დაბინძურებული პირბადე ისევ მოხვდება სახეზე და გადაიქცევა მიკროორგანიზმების წყაროდ.

2. ბავშვები ხშირად დარბიან სკოლის ეზოში/დერეფნებში და იოფლებიან. დანესტიანებული პირბადე დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს, რადგან შესაძლებელია, გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. ამის რეგულირება სკოლაში გართულდება.

3. პირბადეს ვერ გამოიყენებენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის (განსაკუთრებით, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების) მქონე ბავშვები. ამიტომ, მოსწავლეებს შორის ასეთები აშკარად გამორჩეულები აღმოჩნდებიან და ეს გარკვეულად სტიგმასთან იქნება დაკავშირებული. ანუ ყველასთვის გასაგები გახდება, რომ თუ ბავშვს არ უკეთია პირბადე, მას რაღაც პრობლემა აქვს. ბავშვის მიერ ასეთი ფაქტები მწვავედ აღიქმება და სტრესული იქნება”, – ამბობს ბუწაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები