რატი წითელაძის სექსუალური „ჟიგოლოს“ იმიჯიდან ანაფორამდე განვლილი გზა

ქართული მედიის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მსახიობი და მოდელი რატი წითელაძე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტელეეკრანებს უბრუნდება. გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ქართველი „ჟიგოლოს“,მოულოდნელი გაუჩინარებისა და ორი წლის შემდეგ ხმაურიანი დაბრუნების შესახებ:

დაახლოებით 2 წლის წინ, ქართული მედიის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ სახედ მოგიხსენიებდნენ, მაგრამ უეცრად ეკრანებიდანგაქრით“ და საზოგადოების ვნებათაღელვაც განელდა – რა გახდა მიზეზი, რის გამოც თქვით უარი, ყოფილიყავით ყველასთვის აქტუალური სახე?
17-წლიანი საბრძოლო კარიერის შემდეგ, როდესაც გავხდი მსოფლიო ჩემპიონი და ჩემს მიზანს მივაღწიე, ეს იყო ამავდროულად ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში. კარგი იმიტომ, რომ ეს იყო ის, რისთვისაც 17 წელი დაუზოგავად ვშრომობდი და ცუდი იმიტომ, რომ მივხვდი ეს ის არ იყო, რაც მე მინდოდა, რის შემდეგაც ჩემი კარიერის პიკზე, მივიღე მტკივნეული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ საბრძოლო კარიერა დამესრულებინა. რამოდენიმე თვით ჩაკეტილი ვიყავი სახლში და ვფიქრობდი, თუ რა მინდოდა ცხოვრებაში, რადგან ერთხელ ვცხოვრობთ და არ მინდოდა ეს ცხოვრება იმ გზით მევლო, რაც ჩემი გზა არ იყო.

ბავშვობაში, როგორც თითქმის ყველა ბავშვს მეც მინდოდა, რომ ცნობილი ვყოფილიყავი და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ვყოფილიყავი შოუბიზნესში, თუმცაღა ფიქრი იმაზე თუ რეალურად რა მინდოდა ცხოვრებაში, არასოდეს მანებებდა თავს. როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვიყავი, ეს იყო მომენტი როდესაც მივხვდი, თუ რა მინდოდა ცხოვრებაში და სწორედ მას შემდეგ შევწყვიტე ინტერვიუების მიცემა. დავკავდი იმით, რის კეთებაც ყოველთვის მინდოდა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს – ეს არის არტი, კონკრეტულად, ფილმის შექმნა.

თამამი ფოტოებისა და ქართველი „ჟიგოლოს“ იმიჯის შემდეგ, დღეს, საშინელებათა ჟანრის ტელესერიალში, „პარადოქსში“ ანაფორაში გხედავთ . რას საქმიანობდით, სანამ ტელეეკრანზე დაბრუნდებოდით?
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ დავტოვე საქართველო, სრულიად გავეთიშე გარე სამყაროს და დავიწყე მზადება ჩემი მომავალი კარიერისთვის. 2-წლიანი შრომის შემდეგ გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მათ შორის, Little Things და Mother, რომლებიც საერთაშორისო ფესტივალებზე იყო ნაჩვენები და პრიზებიც დაიმსახურეს. ორივე ფილმის სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ნინო ვარსიმაშვილია, რომელიც ნომინირებული იყო ამერიკის საერთაშორისო ფესტივალზე როგორც საუკეთესო მსახიობი. სულ ახლახან კი, Mother-ი იყო მთავარ კონკურსში, კანისა და ბერლინის ფესტივალებზე გამარჯვებულ ფილმებს შორის და საერთაშორისო კინოფესტივალზე სტამბულში, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა სურათმაც და ნინოს თამაშმაც.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფილმები იყო ნაჩვენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩემი მაქსიმუმი, ამიტომ წავედი კინოს „მექაში“ – ჰოლივუდში, სადაც გავიარე სამსახიობო და სარეჟისორო კურსები და ასევე, ვიყავი ამერიკელი რეჟისორების ასისტენტი რამდენიმე პროექტზე. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ მზად ვიყავი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად, ჩემი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის დავიწყე მზადება.

როგორ მოხდა თქვენი როლის შერჩევა საშინელებათა ჟანრის ტელესერიალში?
ჩემი პროექტის „ცარიელი სახლი“-ს გამო ჩამოვედი საქართველოში და ჩემი მეგობარი ზურა მენთეშაშვილის დახმარებით, რომელიც „პარადოქსის“ ერთ-ერთი რეჟისორია, შევხვდი „სარკე სტუდიოს“ მფლობელს, ლევან ბახიას.

ლევან ბახიამ ყველანაირად ხელი შემიწყო და გვერდში დამიდგა. ამავდროულად, ისინი „პარადოქსის“ სცენარზე მუშაობდნენ და ზურამ შემომთავაზა, რომ მეთამაშა სერიალში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა მათთან მუშაობა, უარის თქმა მომიწია, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ გულით და 100%-ით . ჟანრული ფილმები და ვამპირები დიდად არ მხიბლავს, უფრო საავტორო, არტჰაუს ტიპის ფილმები მიზიდავს. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, ზურამ მაინც გამომიგზავნა წასაკითხად სცენარი და ზუსტად მახსოვს, მე-16 გვერდზე ვიყავი, როცა დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, ძალიან მომეწონა ირაკლის პერსონაჟი და მივხვდი, რომ ამ პროექტში როგორც მსახიობი, შემიძლია 100%-ით დავიხარჯო.

ცნობილია, რომ თქვენი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ცარიელი სახლი“ გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე, 4 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა – რას გვეტყვით ფილმის შესახებ?
ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ცარიელი სახლი“ არის პროექტი, რომლის გადაღებებიც მომავალ წელს დაიწყება. ამ პროექტის სცენარზე მე და ნინო უკვე 1 წელია ვმუშაობთ და როგორც უკვე აღნიშნეთ, გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე, 4 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა, სადაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია სცენარმა და ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია თემებმა რომელიც განხილულია ფილმში. თემები რომლებზეც არა მარტო საქართველოში არამედ სრულიად კავკასიაში ჯერ არავის გადაუღია. საქართველოსთან ერთად, კოპროდუქციაში ჩეხეთი და ირლანდია იქნება. ასევე, მოლაპარაკება მიდის ერთ-ერთ წარმატებულ უკრაინულ კომპანიასთანაც.

სიუჟეტი თბილისში, 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. ეს არის ამბავი 11 წლის გოგონას შესახებ, რომელიც ოცნებობს სრულყოფილ ოჯახზე. ამბავი ასახავს ჩვენი სამშობლოს მდგომარეობასა და „მაჩოკულტურას“, რომელშიც არავინ აპროტესტებს ქალთა მიმართ ძალადობას. ეს პრობლემა საქართველოში ახლაც არის. პრობლემა ჩვენს კულტურაში და გაგებაშია, რადგან უმრავლესობას სჯერა, რომ ასეთი შემთხვევა ოჯახს გარეთ არ უნდა იქნას გატანილი – აქედან გამომდინარე, ქალები ხშირად წლების განმავლობაში არიან ძალადობის მსხვერპლნი და მათი დუმილი და უმოქმედობა, მათ შვილებს ძალადობრივ გარემოში ცხოვრებას აიძულებს. „ცარიელი სახლი“ საუბრობს გადაწყვეტილებებზე და არჩევანზე. ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც სასტიკი სამყაროს წინაშე ვდგებით და არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის უნდა გავაკეთოთ. მჯერა, რომ ყველაზე ცუდ ადამიანსაც კი შეიძლება გააჩნდეს გულის სიღრმეში რაღაც კარგი და ყველაზე კარგ ადამიანს რაღაც, თუნდაც კარგად დაფარული – ცუდი. ჩემი პერსონაჟები ჩვენს სამშობლოს გვანან, ზოგი იღუპება, ზოგს შეურაცხყოფას აყენებენ, ზოგი კი, ძალადობის მსხვერპლია. თუმცა, საბოლოოდ, ისინი მაინც გადარჩებიან და რაც ყველაზე მთავარია, მოძალადეებად არ გადაიქცევიან.

გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე მიწვეული იქნებით როგორც რეჟისორ/პროდიუსერი – კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ რატი წითელაძისგან?
როგორც აღვნიშნე, ყველაფერი ახლა იწყება და კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალიდან ველოდები პასუხს ჩემი პროექტის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, დადებითი იქნება და შემდეგ კვირას განვაცხადებ.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები